სამართალი
ომბუდსმენი ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების შესწავლას ითხოვს

1tuRuSi-samarT-3თბილისი, 22 მაისი, საქინფორმი. სახალხო დამცველი ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებას ითხოვს. ის მოუწოდებს მთავარ პროკურორს, დაინტერესდეს სტუდია „ჯი-ენ-ეს“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტით და გამოიძიოს ის.

გიორგი ტუღუშის განცხადებაში ნათქვამია, რომ სტუდიის ჟურნალისტები ზურაბ პატარიძე და ბელა ზაქაიძე 2012 წლის 11 მაისს დუშეთის რაიონის გამგეობის შენობასთან რაიონის გამგებელთან გასაუბრების მიზნით მივიდნენ.

მისივე განცხადებით, ზურაბ პატარიძემ, ჟურნალისტის თხოვნით, 20-30 მეტრის რადიუსიდან გამგეობის შენობის კადრების გადაღება სცადა, რასაც დაცვის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან აგრესია მოჰყვა. კერძოდ, მათ ზურაბ პატარიძეს გადაღება აუკრძალეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური შეურაცხყოფით დაემუქრნენ.

„ეს დასტურდება ჩვენს ხელთ არსებული ვიდეომასალით, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ უშლიან დუშეთის გამგეობის დაცვის პოლიციის თანამშრომლები ზურაბ პატარიძესა და ბელა ზაქაიძეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელს“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე, სწავლობს 20 მაისს ჟურნალისტ გელა მთივლიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტსაც.

„გელა მთივლიშვილის განმარტებით,  20 მაისს დაახლოებით 13:00 საათზე, 50 მეტრის რადიუსიდან ვიდეოკამერით იღებდა პოლიციის შენობას. მასთან მივიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი, რომელმაც საბუთების წარდგენა მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც გელა მთივლიშვილმა განუცხადა, რომ იყო მცხეთა-თიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი, მასთან პოლიციის ორი თანამშრომელი მივიდა, რომლებმაც გელა მთივლიშვილი პოლიციის შენობაში იძულებით შეიყვანეს და ჩამოართვეს ვიდეოკამერა, საიდანაც ჟურნალისტის მიერ გადაღებული ვიდეომასალა წაშალეს“, – აღნიშნავს გიორგი ტუღუში. მისივე თქმით, გელა მთივლიშვილს აღენიშნება თხემის მიდამოს დაჟეჟილობა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ჟურნალისტების მიმართ  პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და შეურაცხყოფის ფაქტებმა იმატა.

იგი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გაატარონ სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები მედიის წარმომადგენელთა ფიზიკური უსაფრთხოებისა და  პროფესიული საქმიანობისათვის სათანადო გარემოს შექმნის მიზნით.