თბილისი, 22 მაისი, საქინფორმი. პარლამენტი დღეს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს დაამტკიცებს. დამტკიცებამდე პროექტი კიდევ ერთხელ გადამუშავდა და პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გაიზარდა კიდეც.
მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტით, შემოსავლები 7 053 628, 4 ათასი ლარი იქნება, ხარჯები – 6 782 157, 5 ათასი ლარი, საფინანსო შემოსავლები კი 8 242 00, 1 ათას ლარს აღწევს.ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტით, პარლამენტის დაფინანსება 40 127, 7 ათასიდან 39 127, 7 ათას ლარამდე მცირდება; საერთო სასამართლოების დაფინანსება 34 მილიონ 900 ათასი ლარიდან 36 მილიონ 500 ათას ლარამდე იზრდება; ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება პროექტის პირვანდელი ვარიანტით 117 982, 2 ათასი ლარი უნდა ყოფილიო, პროექტის საბოლოო ვარიანტით კი ეს თანხა 123 212, 7 ათას ლარამდე იზრდება; დაახლოებით 3 მილიონი ლარით იზრდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებებიც. შეიცვალა საპენსიო უზრუნველყოფისა და სოციალური დახმარებებისთვის გათვალისწინებული თანხების ოდენობებიც.
საპენსიო უზრუნველყოფისთვის აქამდე 1 072 391, 0 ათასი ლარი იყო განსაზღვრული, პროექტით კი ეს თანხა 1 065 391, 0 ათას ლარამდე მცირდება.
რაც შეეხება სოციალურ დახმარებებს, აქ 273, 917. 0 ათასი ლარიდან ასიგნებები 272 417, 6 ათას ლარამდე მცირდება. ამავე დროს, 168 537, 0 ათასი ლარიდან 174 037,0 ათას ლარამდე იზრდება ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე წარუდგენს.