თბილისი, 22 მაისი, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახური საქინფორმს აცნობებს, ამა წლის 1 მაისს, „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ მერიას წარედგინა გაფრთხილება და, ამავე კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, მოთხოვნილ იქნა უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოყოფა კოალიციის მიერ 27 მაისს დანიშნულ აქციასთან დაკავშირებით. თბილისის მერიამ ასეთ პირად გამოყო მალხაზ კუნელაური, რომელიც, ამავე კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, ვალდებულია, უზრუნველყოს მერიის მხრიდან აქციისთვის სათანადო პირობების შექმნა.
შეხვედრაზე კოლაციის წარმომადგენელებმა, აქციაში მონაწილების მიღების მსურველ პირთა რაოდენობის გათვალისწინებით, დააყენეს შემდეგი საკითხები:
– თავისუფლების მოედანზე სცენის მოწყობისთვის სათანადო დროის გამოყოფა (2012 წლის 27 მაისის 01.00 საათიდან) და შესაბამისი პირობების შექმნა (სამუშაოების წარმოებისათვის გზის გადაღობვა);
– ელექტროგახმოვანებისთვის ელექტროენერგიის წყაროებსა და რადიოფიცირების სისტემაზე დაშვების საკითხი;
– ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელშეწყობისთვის ამაღლებული სცენებისა და დაცული ადგილების შექმნა;
– სხვადასხვა ტექნიკური საკითხი;
კოალიციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს ცალკე შეხვედრა თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან, რათა 27 მაისს მანიფესტაციისა და შეკრების ჩატარებისას, ქუჩების დროებით გადაკეტვის გამო, მაქსიმალურად იქნეს არიდებული ე.წ. საცობები, წინასწარ განისაზღვროს და მიეწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია საზოგადოებრივი თუ კერძო ტრანსპორტის მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.