აქტუალური
„ქართული ოცნების“ ხობის შტაბის ხელმძღვანელს თავს დაესხნენ

1qardava-aqtual-3თბილისი, 21 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, კოალიციის ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელ მამუკა ქარდავას წუხელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლელთან 4 დაუდგენელი პირი თავს დაესხა.

თავდამსხმელები მას ავტომანქანაში ჩაუხტნენ. ხელკეტებით უმოწყალოდ ნაცემი ქარდავა ხობის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციისთვის ცნობილია მომხდარის შესახებ, ამ დრომდე არ მომხდარა ქარდავას დაზარალებულის სტატუსით დაკითხვა.

„ღამღამობით თარეშსაც მალე მოეღება ბოლო და ყველა დამნაშავე – ბრძანების გამცემიც და აღმსრულებელიც, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. – დღეს მოქმედ ხელისუფლებას კიდევ აქვს დრო, გონს მოეგოს და აღასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება“.

„ქართული ოცნება“ მიმართავს ორიოდ დღის წინათ შექმნილ უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მომხდარ დანაშაულზე და მოსთხოვოს სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ ყველა საჭირო ქმედება დამნაშავეების გამოსავლენად.