საზოგადოება
თბილისი, 18 მაისი, საქინფორმი. ძლიერმა წვიმამ კახეთის რეგიონში კვლავ წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ გურჯაანსა და სოფელ ჯიმითში საცხოვრებელი სახლები, გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.
წყალდიდობამ გურჯაანის რაიონის სოფლების – კაჭრეთი-ჯიმითის – დამაკავშირებელი ხიდი ჩაანგრია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გურჯაანი-თბილისის მთავარ მაგისტრალზე მეორადი გზებიდან ღორღი ჩამოიტანა, რამაც გურჯაანი-ბაკურციხის მონაკვეთზე ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდა.
კახეთში ძლიერ წვიმას ქარიშხალი ერთვოდა, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დაგლიჯა და რეგიონში 3 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
სტიქიის ზონაში მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურები, რომლებიც სპეციალური ტექნიკით, გზის გაწმენდით სამუშაობთან ერთად, დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ.