აქტუალური
საქართველო-ეგვიპტის ბიზნესფორუმი

1biznesfor-aqtual-1თბილისი, 18 მაისი, საქინფორმი. დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველო-ეგვიპტის ბიზნესფორუმი ტარდება, რომელშიც  ქალაქ ალექსანდრიის ბიზნესმენთა დელეგაცია მონაწილეობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა გახსნის, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს ელჩი ეგვიპტესა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში არჩილ ძულიაშვილი და ალექსანდრიის ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე მოჰამედ ბაჰაა გჰატვარი.

ეგვიპტის ბიზნესდელეგაციაში შემავალი ბიზნესმენები წარმოადგენენ კომპანიებს ფარმაცევტიკის, სამრეწველო, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინჟინრო და საკონსულტაციო სექტორებიდან. მათი მიზანი საქართველოში ბიზნესპარტნიორების მოძიება და საქმიანი ურთიერთთანამშრომლობის დამყარებაა. დღის მეორე ნახევარში ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი სექტორების მიხედვით შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართონ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.

საქართველოში ალექსანდრიის ბიზნესმენთა ვიზიტი 20 მაისადმე გაგრძელდება. ეგვიპტელი ბიზნესმენები საქმიან შეხვედრებს გამართავენ როგორც ქართული ბიზნესსექტორის, ისე სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებთან.