აქტუალური
თბილისი, 18 მაისი, საქინფორმი. საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის დღე პირველად აღინიშნება, რომელიც მდგრადი ენერგეტიკის ევროპული კვირეულის ფარგლებში ტარდება.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო აღიარებს ევროპულ ღირებულებებს, გადავწყვიტეთ, შევუერთდეთ მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს. ასევე, დაგეგმილი გვაქვს, რომ საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის დღე ყოველწლიურად ჩავატაროთ“, – განაცხადა „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ დირექტორმა გიორგი აბულაშვილმა.
მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში მოსწავლეებს შორის ჩატარდა კონკურსი საუკეთესო ნახატისა და ესეს გამოსავლენად, შემდეგ კი საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა.
მდგრადი ენერგეტიკის დღე როკჯგუფი „ვაკის პარკის“ კონცერტით დასრულდება. კონცერტის მსვლელობისას პროექტის ფარგლებში საქართველოს ჟურნალისტებისათვის ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოებაც მოხდება. ბოლოს კი წარმოდგენილი იქნება ლეონარდო დი კაპრიოს ფონდის მიერ მომზადებული თემატური ფილმი „გლობალური დათბობა – გლობალური საფრთხე“ ქართული სუბტიტრებით.