პოლიტიკა
ხელისუფლება წყალდიდობის შედეგებით სარგებლობს

1baghi-sabavshvoთბილისი,  16 მაისი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს აცნობებს, პარტიის ინფორმაციით, ხელისუფლება გამოიყენებს ახლახან მომხდარი მიწისძვრისა და წყალდიდობის შემთხვევებს დაზარალებულთა საბავშვო ბაღების შენობებში განთავსების მიზნით.

პარტიას დიდუბე-ჩუღურეთის მუნიციპალიტეტში შემავალი წინამძღვრიშვილის №100-ში მდებარე № N67 ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა რამდენიმე მშობელმა მიმართა. მათი განცხადებით, ბაღი უკვე რამდენიმე დღეა, აღარ ფუნქციონირებს.

პარტიის აზრით, „ ხელისუფლებას გაუჩნდა სურვილი, ისარგებლოს რამდენიმე დღის წინ მომხდარი მიწისძვრით და უხვი ნალექით. მიწისძვრის შემდეგ ხელისუფლებამ სასწრაფოდ გასცა ბრძანება საბავშვო ბაღის დახურვასთან დაკავშირებით, რომ

თითქოსდა შენობამ მიიღი დაზიანება, რაც საფრთხეს უქმნის მის მდგრადობას, რასაც ბავშვთა მშობლები კატეგორიულად უარყოფენ“.

„თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელთათვის „ გაუგებარია ის ფაქტი, რომ თუკი შენობა ნამდვილად ამორტიზებულია, რატომ მალავს ხელისუფლება, ან თუკი ფაქტი ნამდვილად რეალობაა, რატომ არ გამოყო მერიამ შენობა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, გადასულიყო საბავშვო ბაღი?“ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული შენობით დაინტერესებულნი არიან ნაციონალური ხელისუფლების კონკრეტული ჩინოვნიკები.

„მივმართავთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, ერთი მხრივ, სასწრაფოდ გამოყოს შენობა, სადაც დროებით გადავა საბავშვო ბაღი, და, მეორე მხრივ, შემოიჭიროს „სტომაქზე“ ქამარი“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.