აქტუალური
თბილისი, 16 მაისი, საქინფორმი. თბილისის მერ გიგი უგულავას განცხადებით, წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციას თბილისში 2-3 მილიონამდე ლარი დასჭირდება.
„გარკვეული თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა, ასევე, უნდა მივმართოთ საკრებულოს, რათა გაიზარდოს სარეზერვო ფონდი. დაახლოებით, 2-3 მლნ ლარი მაინც დასჭირდება იმ სამუშაოებს, რაც ჩასატარებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არცერთი ადამიანი არ დავტოვოთ გაჭირვებაში“, – თქვა მან.გარდა თბილისისა, სადაც მოვარდნილმა ღვარცოფმა ხუთი ადამიანი იმსხვერპლა, ძლიერი წვიმის გამო წყალდიდობა იყო აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონსა და აჭარის მაღალმთიან სოფლებშიც.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა 14 მაისს, რომ წყალდიდობამ რეგიონებში, სულ ცოტა, 5 მილიონი ლარის ოდენობის ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.
მისი თქმით, ამ თანხაში მხოლოდ ინფრასტრუქტურის, მათ შორის, გზების, ხიდების, წყლის ობიექტების მოწესრიგება იგულისხმება.