პოლიტიკა
რასმუსენი: „ჩიკაგოს სამიტი თვალსაჩინოდ აღიარებს საქართველოს პროგრესს“

1rasmussთბილისი, 15 მაისი, საქინფორმი. „საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე, მისი წვლილი ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში, ნატოს მიერ ძალზე თვალსაჩინოდ იქნება აღიარებული 20-21 მაისის ჩიკაგოს სამიტზე“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

კითხვაზე – დაუახლოვდა თუ არა ნატოს საქართველო, რომელიც ალიანსის ის არაწევრი სახელმწიფო იქნება, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში, რასმუსენმა უპასუხა: „ჩიკაგოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია“.

„ჩვენ ამ პროგრესს სამიტის დეკლარაციაში ვაღიარებთ. ჩვენ ,ასევე, ძალიან მკაფიოდ ვაღიარებთ საქართველოს წვლილს“, – განაცხადა მან.

„ფაქტობრივად, საქართველო ჩიკაგოში სამ მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას: „ISAF“-ის შეხვედრაში ავღანეთზე; სპეციალურ-პარტნიორულ ღონისძიებაში გლობალური მასშტაბით 13 პარტნიორის შეხვედრაში, რომელთაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ნატოს ოპერაციებში და საქართველო ამ 13 პარტნიორს შორისაა და, რეალურად, ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს ოპერაციაში ავღანეთში; და ბოლოს, ასპირანტი ქვეყნების შეხვედრაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე“, – განაცხადა რასმუსენმა.