თბილისი, 14 მაისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რუსეთში არსებული მისი ქონება მაისის ბოლომდე გაიყიდება და მას რუსეთთან საერთო არაფერი ექნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ლიბერალური ინტერნაციონალის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან არაოფიციალური შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ბანკი „როსიისკიი კრედიტი“ კერძო პირთა ჯგუფს 352 მილიონ აშშ დოლარად მიჰყიდა. ივანიშვილის დეველოპერულმა კომპანია „უნიკორმა“ კერძო ინვესტორებთან შესაბამის შეთანხმებასაც მოაწერა ხელი.
მყიდველებს შორის არიან: აი-ტი კომპანიის პრეზიდენტი გეორგი გენსი, ბანკ „გლობეკსის“ ყოფილი მესაკუთრე ანატოლი მოტილევი, სადაზღვევო კომპანია „Спасские ворота“-ს ექსმფლობელი ბორის ჰაიტი, ასევე, კერძო პირები: ბორის პასტუხოვი, ვიქტორ ლუკიანოვი, ვლადიმერ ფაეროვიჩი.
როგორ გადანაწილდა მყიდველებს შორის აქციები, ამის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.