თბილისი, 14 მაისი, საქინფორმი. გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში რთული ვითარებაა.
ძლიერი წვიმის შედეგად, დუშეთის რაიონში რვა სოფელი დაზარალდა. მოვარდნილმა წყალმა ხევებისა და მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის გამოც დაიტბორა გზები და საავტომობილო მაგისტრალები.
სოფელ ბაზალეთისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. სოფელი ბაგები კი რაიონულ ცენტრს მოსწყდა. სტიქიის შედეგად განადგურდა ხეხილის ბაღები და ნათესები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლებიც.
სპეციალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ თბილისისკენ მიმავალი ავტომაგისტრალის მუხათგვერდის მონაკვეთზეც, სადაც მოვარდნილმა მეწყერმა თითქმის მთელი სავალი ნაწილი დაფარა. სტიქიის გამო გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა მთელი ღამის განმავლობაში პარალიზებული იყო.კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან კახეთშიც. ძლიერი წვიმის გამო ახტალისა და ნავთის ხევები ადიდდა. ადიდებულმა წყალმა გურჯაანსა და მის მიმდებარე სოფლებში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა. წყალი მაღაზიებშიც შევარდა. სტიქიამ გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში მცხოვრებ მინდორაშვილების ოჯახს მანქანა ეზოდან გასტაცა. გურჯაანის რაიონში სოფელი ჭერემი კი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
ჭერმისხევის ადიდების გამო დატბორვის საშიშროება ემუქრება სოფელ ველისციხესა და მის მიმდებარე ტერიტორიებს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.
რამდენიმე საათის განმავლობაში შეზღუდული იყო მოძრაობა გურჯაანის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე. შეფერხებები იყო თბილისი-გურჯაანის მაგისტრალზეც. განსაკუთებით რთული ვითარებაა სოფლებში: კოლაქში, ვეჯინში, ბაკურციხესა და ჩუმლაყში.
ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, დაიხოცა შინაური ფრინველი. დანგრეულია შიდა საუბნო გზები. დაზიანებულია კახეთი-თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალიც. დაგლეჯილია სასმელი წყლის მილები. დატბორილია ათასობით ჰექტარი ვენახი.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ახმეტის რაიონშიც. სოფლებში მატანსა და ქისტაურში ათასამდე ჰექტარი სახნავ-სათესი ნაკვეთია დატბორილი, ილტოს ხეობის სოფლები კი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
სტიქიით გამოწვეული პრობლემების გამო შეფერხებით მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიც. ექიმები ცდილობენ, დანიშნულების ადგილამდე შემოვლითი გზებით მივიდნენ, რადგან სოფლებში შიდა საუბნო გზები დახრამულია. ზოგიერთ ადგილზე ხრამის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს.