აქტუალური
სააკაშვილი: „საპარლამენტო არჩევნები უზარმაზარი უსაფრთხოების განზომილებას შეიცავს“

1aqtual-mishaaთბილისი, 14 მაისი, საქინფორმი. ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები უზარმაზარი უსაფრთხოების განზომილებას შეიცავს, რადგანაც რუსეთმა განზრახ დაამთხვია ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი სამხედრო წვრთნები საქართველოს არჩევნებს. ეს განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ოქრომბერში ჩვენ არჩევნები გვაქვს; ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, საქართველოს პრესტიჟისთვის; მაგრამ ამას, ასევე, უზარმაზარი უსაფრთხოების განზომილება აქვს“, – თქვა მან.

„ამას უსაფრთხოების განზომილება აქვს, რადგანაც ჩვენი არჩევნების პარალელურად, ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა თავისი ჯარების დიდი წვრთნები დაგეგმა არჩევნების პარალელურად. მათ ის ერთი თვით, თუ ორი თვით გადაწიეს; როგორც წესი, ისინი ზაფხულში ატარებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„და ახლა ამას ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რუსული აბრევიატურა, რომელიც სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს აერთიანებს] მასობრივი წვრთნებიც დაუმატეს იმავე დროს, ზუსტად ჩვენი არჩევნების დროს. სწორედ ამიტომ გვჭირდება ნამდვილი [სადამკვირვებლო] ორგანიზაციები; სწორედ ამიტომ გვჭირდება ჭეშმარიტად პროდემოკრატიული პარლამენტარები, ნამდვილი დამკვირვებლები, ნამდვილი გამჭვირვალობა, დაწყებული დღეიდან და არა მხოლოდ არჩევნების დღეს“, – განაცხადა მან.

სააკაშვილი, სავარაუდოდ, გულისხმობდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო წვრთნებს – „Interaction 2012“-ს, რომლის ჩატარებაც სომხეთში 2012 წლის 3-8 სექტემბერს იგეგმება.

ბათუმში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე გამოსვლისას სააკაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთი „არ აღიარებს ჩვენს საზღვრებს და ჩვენი მთავრობის ჩამოგდება სურს“.

100-ზე მეტი პარლამენტარი და, დაახლოებით, 250 მონაწილე ესწრება ბათუმის სამდღიან კონფერენციას „ეკონომიკური თანამშრომლობის და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში“, რომელიც 12 მაისს გაიხსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პეტროს ეფთიმიუმ „ახალი მარშალის გეგმის“შემუშავებისკენ მოუწოდა, რათა ევროპა განვითარდეს, აღორძინდეს და სოციალურად შეკავშირდეს.