სამართალი
ლიბერალური ინტერნაციონალი აღშფოთებულია

1liberal-internationalთბილისი, 11 მაისი, საქინფორმი. ლიბერალური ინტერნაციონალის დელეგაციას, რომელიც საქართველოში „ქართული ოცნების“ მოწვევით იმყოფება, საქართველოს საარჩევნო კოდექსის ზოგიერთი პუნქტი შემაშფოთებლად მიაჩნია. როგორც კოალიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლიბერალური ინტერნაციონალის ბიუროს წევრმა დიდი ბრიტანეთიდან რობერტ ვუდზორფ ბრაუნმა განაცხადა, საქართველოს საარჩევნო კოდექსი არ მოიცავს ყველა იმ სტანდარტს, რომელთაც ვენეციის კომისია ამკვიდრებს.

„ოპოზიციისა და ხელისუფლების ვალია, დასხდნენ და ისაუბრონ იმაზე, თუ როგორ ჩაატარონ არჩევნები სამართლიან და კანონიერ ვითარებაში. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არ არის კარგი კანონი, ამიტომ ამაზე ხელისუფლებასთან უნდა იმსჯელონ“, – განაცხადა ბრაუნმა.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ინფორმაცია მიაწოდეს კონტროლის პალატის მიერ კოალიციის მხარდამჭერების დაბარების შესახებაც.

„ეს გამაოგნებელია. ნატოს ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ასეთი რამ წარმოუდგენელია. მსგავსი ფაქტის შესახებ არ მსმენია, საქართველო ამ შემთხვევაში გამონაკლისია“, – აღნიშნა ბრაუნმა.

შვედეთის პარლამენტის წევრ აბირ ალ საჰლანის აზრით კი, საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიულ სისტემაში ცხოვრებას იმსახურებს.

„კონკურენცია სამართლიანი უნდა იყოს. მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, ყოველგვარი მუქარის და დაშინების გარეშე, თავისუფლად მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ“, – განაცხადა აბირ ალ საჰლანმა.

საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივაზე ისაუბრა ლიბერალური ინტერნაციონალის გენერალურმა მდივანმა მაკედონიიდან ემილ კირიასმა. მისი თქმით, „Freedom House“-ის რეიტინგში საქართველო არ არის იმ პოზიციაზე, რომელიც ნატოს წევრ ქვეყანას შეეფერება.

„ყველა პოლიტიკური მოთამაშე საქართველოში მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრებას. ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია მოსახლეობის 80%-ის მხარდაჭერითაც სარგებლობს. მთავრობაც გვარწმუნებს, რომ ეს პრიორიტეტია. თუმცა მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ნატო არა მხოლოდ არჩევნების ჩატარებას აქცევს ყურადღებას, არამედ იმასაც, როგორია სამოქალაქო საზოგადოების როლი ქვეყანაში“, –აღნიშნა კირიასმა.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაარწმუნეს, რომ ნატოს სტანდარტებთან დაახლოება მათი გამარჯვების შემთხვევაშიც გაგრძელდება.