აქტუალური
თბილისი, 8 მაისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები მიიღო. როგორც შეხვედრაზე მან განაცხადა, მოლაპარაკებების ძირითად მიზანს, მისი ხედვით, საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავება და გაფორმება წარმოადგენს.
„სამწუხაროდ, მე-19 რაუნდზე ამ მიმართულებით ძვრა არ ყოფილა. ამ საკითხს უფრო აქტიურად უნდა მივუდგეთ. უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობების სამომავლო განვითარება შეუძლებელია“, – განაცხადა თიბილოვმა.ამასთან, მან ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს თხოვნით მიმართა, რომ „ქართულ მხარემდე აღნიშნული დოკუმენტის გაფორმების აუცილებლობა მიიტანონ, რადგან მის გარეშე წინსვლა რთული იქნება“.
გარდა ამისა, თიბილოვმა აღნიშნა, რომ ქართული მხარის მიერ ახალგორის რაიონის გაზმომარაგების უზრუნველყოფის ვალდებულების აღების მიუხედავად, ამ დრომდე იქ მოსახლეობა გაზმომარაგების გარეშეა დარჩენილი.
თავის მხრივ, დელეგაციის ხელმძღვანელმა ფილიპ ლეფორმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსვლა შეუძლებელია.