აქტუალური
თბილისი საფრანგეთის ახალარჩეულ პრეზიდენტთან წარმატებულ თანამშრომლობას იმედოვნებს

1olland2თბილისი, 8 მაისი, საქინფორმი. საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდის მმართველობის პერიოდში  პარიზთან თანამშრომლობა წარმატებული იქნება. ეს განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

6 მაისს სოციალისტმა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საფრანგეთთან თანამშრომლობა მისი [ფრანსუა ოლანდის] პრეზიდენტობის პერიოდში, ასევე, წარმატებით და ნაყოფიერად განვითარდება იმიტომ, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არ არის დამყარებული რაღაც პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, არამედ ის დამყარებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე“, – განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ 7 მაისს პრესკონფერენციაზე.

მან ხაზი გაუსვა, რომ თბილისი მადლიერია ნიკოლა სარკოზის იმ მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც მას საქართველოსთან, მის ხელმძღვანელობასთან აქვს.

„განსაკუთრებით იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა საქართველოს უსაფრთხოების საქმეში, ჩვენთვის უაღრესად კრიტიკულ დღეებში“, – აღნიშნა ვაშაკიძემ, მხედველობაში ჰქონდა რა შუამავლის როლი, რომელიც სარკოზიმ, როგორც იმჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შეჩერების საქმეში შეასრულა.