პუტინი დაბრუნდა. „გამოცდილი კაცი და ძლიერი ხელმძღვანელი“, – თქვა მასზე გუშინ მედვედევმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას. მე ამ სიტყვებს სხვა თანმიმდევრობით წარმოვთქვამდი – „ძლიერი კაცი და გამოცდილი ხელმძღვანელი“, თუმცა შესაკრებთა გადანაცვლებით, როგორც ცნობილია, ჯამი არ იცვლება. პუტინის გზა არ შეცვლილა, უბრალოდ, კრემლში გადაადგილება მოხდა – ორმა პატრიოტმა, პუტინმა და მედვედევმა, რომლებიც რუსეთის სასახელოდ თანშეწყობილად მუშაობდნენ, ადგილები გაცვალეს.
პუტინი დაბრუნდა. და დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე – წმიდა დიდმოწამე გიორგი ძლევამოსილის ხსოვნის დღეს – რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი დაუბრუნა, რომელიც 1648 წელს რუსეთში ათონის მთიდან მოაბრძანეს და სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ფილიალის ფონდებში იყო დავანებული. ვფიქრობ, მალე გრაალის თასსაც აღმოაჩენენ – საგულისხმოა, რომ კვალმა მეცნიერები რუსეთში მიიყვანა, რომელიც რაინდმა ტამპლიერებმა თავიანთი საუნჯის ყველაზე საიმედო ნავსაყუდელად მიიჩნიეს.
პუტინი დაბრუნდა, რათა სიამაყე და ღირსება დაუბრუნოს არა მარტო რუსებს, არამედ ყველა თანამემამულეს – ქართველებსა და უკრაინელებს, აზერბაიჯანელებსა და სომხებს, ბელარუსებსა და ყაზახებს, ტაჯიკებსა და უზბეკებს, თურქმენებსა და ყირგიზებს. ხოლო როცა ევრაზიის კავშირი თავისი ყველა ჰიპოსტასით გაბრწყინდება, ლიტველები, ლატვიელები და ესტონელები ერთიან სახლში – მოძმე ხალხების ოჯახში დაბრუნებას ითხოვენ და ჩვენ მათ სიხარულით მივიღებთ.
პუტინი დაბრუნდა. 2012 წლის 7 მაისს მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყნის პრეზიდენტი კრემლის სასახლის დარბაზებიდან გამოსვლისას დაბრუნდა, რათა მადლობა გადაეხადა ქართველი მომღერლის – დიანა ღურწკაიასთვის, რომელიც თანამდებობის დაკავების საზეიმო ცერემონიაზე მის შესაგებებლად მივიდა. პუტინს აპლოდისმენტებით შეხვდა ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელიც – პეტრე პირველის ძეგლის ავტორი. და კიდევ – გიორგის, ალექსანდრეს, ანდრეის დარბაზებში ქართველების ყველაზე სათაყვანებელი წმინდანის, საქართველოს განმანათლებლის, მოციქულთასწორი ნინოს სადარი – წმიდა დიდმოწამე გიორგი ძლევამოსილის სული ტრიალებდა.
მაშ ასე, საქართველოს და რუსეთს ერთი გზა აქვთ!
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი
![]() |