პოლიტიკა
აშშ-ის ახალი ელჩი: „საქართველოს ოფიციალურ პირებს უკვე ესმით, რომ დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან“

richard-norlandთბილისი, 23 მარტი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა რიჩარდ ნორლანდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებულ მოსმენაზე სანდო პარტნიორთან –  საქართველოსთან, ვაშინგტონის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი არჩევნები საქართველოს ნატოში გაწევრების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ლაკმუსის ტესტი იქნება.

საკომიტეტო მოსმენაზე წინასწარ მომზადებული განცხადების დასაწყისში მან აღნიშნა, რომ წელს აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავი აღინიშნება. გაიხსენა რა პრეზიდენტ ობამას სიტყვები, მან თქვა, რომ ამ ხნის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მყიფე სახელმწიფოდან ისეთ სახელმწიფოდ გარდაქმნაში, რომელიც წარმატებით ამცირებს წვრილმან კორუფციას; ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების და მომსახურების მოდერნიზაციას და აშენებს დემოკრატიულ ქვეყანას.

მისი თქმით, საქართველომ დაადასტურა, რომ სანდო პარტნიორია ისეთ საკითხებში, როგორიცაა ავღანეთი, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და ვაჭრობა.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია, – განაცხადა მან, – ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს ძალისხმევას, რათა დაარწმუნოს რუსეთი, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. [აშშ] გააგრძელებს მუშაობას უფრო ფართო კუთხით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელოვან ამოცანაზე“.

„ჩვენ კვლავაც ვეწინააღმდეგებით რუსული ჯარების ყოფნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას; ეს პრინციპის საკითხია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული ჟენევის მოლაპარაკებებში.

ნორლანდის თქმით, აშშ ასეთივე მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებას, განსაკუთრებით, შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში.

„არჩევნები საქართველოსთვის ქმნის განსაკუთრებულ შესაძლებლობას, რომ პირველად მოხდეს ძალაუფლების მშვიდობიანი და სრულად დემოკრატიული გადაცემა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოს ევროატლანტიკურ სტანდარტებსა და ინტეგრაციასთან დააახლოვებს“, – განაცხადა მან.

„ამის მისაღწევად საქართველოს მთავრობამ უნდა განაგრძოს ის რეფორმები, რომლებსაც დღემდე ახორციელებს, რათა ხელი შეუწყოს მეტ პოლიტიკურ კონკურენციას, შრომით უფლებებს, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მედიის ხელმისაწვდომობას... მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მთავარი ინტერესის ხელის შეწყობა, რომელიც საქართველოს გრძელვადიან უსაფრთხოებას და სტაბილურობა მოიცავს,  პირდაპირ კავშირშია მთავრობის მხრიდან შემდგომი დემოკრატული რეფორმების გატარებასთან“, – განაცხადა მან მოსმენაზე.

დემოკრატიისა და მოახლოებული არჩევნების თემა საკომიტეტო მოსმენაზე მოგვიანებით კვლავ გახდა მსჯელობის საგანი, როცა დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა ელჩობის კანდიდატს შეკითხვა დაუსვა საქართველოში ოპოზიციის იმ ბრალდებების შესახებ, რომ მათ სამართლიანი კონკურენციის საშუალება არ ეძლევათ.

„სრულად დემოკრატიული სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე საქართველომ პროგრესს მიაღწია, – უპასუხა ნორლანდმა, - მაგრამ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სრულიად რეალური წუხილები არსებობს [პოლიტიკური ძალებისთვის] თანაბარი პირობების [შექმნასთან] დაკავშირებით...  ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ხდება ოპოზიციური კანდიდატების შევიწროება,“  – განაცხადა მან.

მისი თქმით, პოლიტიკურ ფინანსებთან მიმართებაში კონტროლის პალატის როლი საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობაში დიდ შეშფოთებას იწვევს.

„ჩვენი დიპლომატიური მისია [თბილისში] საქართველოს ხელისუფლებასთან საჯაროდაც და კერძო საუბრებშიც აღნიშნავს ამ წუხილების შესახებ და [საქართველოში ელჩად] დამტკიცების შემთხვევაში, ჩემი ამოცანა იქნება,  ყურადღებით დავაკვირდე საქართველოს მიერ იმ პრინციპების დაცვას, რომლებსაც ჩვენ ასე ვაფასებთ. ეს ჩემი მისიის მთავარი პრიორიტეტი იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ხარჯავს მილიონობით დოლარს, რათა დაეხმაროს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ხელშეწყობას და ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ იმ შედეგებს ვიღებთ, რისი მიღწევაც გვსურს“, – განაცხადა ნორლანდმა.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შორის ძირეული კავშირია.

„საქართველოს ინტერესებისა და მისი ნატოში მისწრაფების გათვალისწინებით, ასევე, ამ მისწრაფებისადმი ჩვენი მხარდაჭერის გათვალისწინებით, ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, იქნება მნიშვნელოვანი ლაკმუსის ტესტი. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები ნატოს სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდებიან, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, რათა დაადგინონ, შეესაბამება თუ არა ის იმ კრიტერიუმებს, რომელთა შესრულებას ნატოს წევრი ქვეყნისგან ელიან", – განაცხადა ნორლანდმა.

„არსებობს რეალური წუხილები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ამ არჩევნების გარკვეული ასპექტების განხორციელება – ესაა ოპოზიციის შევიწროება. ჩვენი მიზანია, რომ თანაბარი პირობები იქნეს უზრუნველყოფილი, – განაცხადა მან, –  ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რომელიმე კონკრეტულ პირზე ვართ ფოკუსირებული. რისი გაკეთებაც გვინდა, ისაა, რომ დავიცვათ თავად [დემოკრატიული] პროცესი“.

„ვფიქრობ, საქართველოს ოფიციალური პირები უკვე იწყებენ იმის გაგებას, რომ ისინი დაკვირვების ქვეშ არიან, რომ ხდება მონიტორინგი და რომ ეს ნატოში გაწევრების გზაზე ლაკმუსის ტესტს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ ისინი სწორ ნაბიჯებს გადადგამენ“, – დასძინა ნორლანდმა.

ელჩობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში მისწრაფებებისადმი აშშ-ის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ მაისში ნატოს ჩიკაგოს სამიტზე მოხდება ალიანსში გაწევრებისთვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების გზაზე საქართველოს პროგრესის ხაზგასმა.

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარის კითხვის საპასუხოდ ნორლანდმა გაიხსენა ალიანსის განცხადება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

„ამრიგად, საქმე ეხება იმას, თუ როგორ და როდის მოხდება ეს, – განაცხადა მან, –  ნატოს წევრობისკენ რაიმე ერთი გზა არ არსებობს. როგორც მე ვიცი, ამჟამად წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს [კომისია] ის ძირითადი მექანიზმებია, რომლის ფარგლებშიც საქართველო და მოკავშირეები საქართველოს წევრობის საკითხს განიხილავენ“.

მან, ასევე, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა იმ ნაბიჯებს, რომელთაც საქართველო უკვე დგამს და, მათ შორის, მის წვლილს „ISAF“-ის მისიაში, რეფორმებს თავდაცვის სფეროში, ნაბიჯებს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით.

„ეს ყველაფერი იმ პაკეტის ნაწილია, რომელიც ნატოს წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში შედის“, – განაცხადა ნორლანდმა.

მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია სერიოზულ ძალისხმევას ახორციელებს, რომ ნატოს წევრებს შორის შედგეს კონსენსუსი, რათა ინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას,

აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის იანვარში თეთრ სახლში გამართულმა შეხვედრამ მნიშვნელოვანი იმპულსი შესძინა სამხედრო ურთიერთობას და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი“ M4 Carbine“-ს ტიპის ავტომატური შაშხანების საქართველოსთვის მიყიდვას დათანხმდა.

„უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საქართველოსთან ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობის შენარჩუნება მნიშვნელოვან პრიორიტეტად დარჩება ჩემი დამტკიცების შემთხვევაშიც“, – განაცხადა მან.

„ჩვენი გეგმები უსაფრთხოების სფეროში საქართველოს დახმარებისა და სამხედრო ჩართულობის კუთხით გულისხმობს თავდაცვის სფეროში საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას, ქართული შეიარაღებული ძალების წვრთნას და აღჭურვას „ISAF“-ის მისიაში მონაწილეობისთვის და საქართველოს ნატოსთან თავსებადობის ხელშეწყობას“, – აღნიშნა ელჩობის კანდიდატმა.

მისი თქმით, იანვრის ბოლოს ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს პრეზიდენტი ობამა და პრეზიდენტი სააკაშვილი შეთანხმდნენ, გააფართოონ ეს პროგრამები, განავითარონ საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციის რეფორმა და თავდაცვითი შესაძლებლობები.

ნორლანდმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან იანვარში გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა, როდესაც მან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების თაობაზე მაღალი დონის დიალოგის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება, რაც, თავის მხრივ, ასევე, მოიცავს შესაძლო შეთანხმებას თავისუფალ ვაჭრობაზე.

რიჩარდ ნორლანდი, რომელიც აშშ-ის ყოფილი ელჩია უზბეკეთში, პრეზიდენტმა ობამამ საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე თებერვალში წარადგინა.

დიპლომატიურ სამსახურში 32 წლის სტაჟის მქონე ნორლანდი 90-იანი წლების დასაწყისში ხანმოკლე დროით საქართველოშიც მსახურობდა აშშ-ის წარმომადგენლისა და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის რანგში.

2007-2010 წლებში უზბეკეთში ელჩობამდე ნორლანდი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში ეროვნულ სამხედრო კოლეჯში საერთაშორისო ურთიერთობებში მრჩევლისა და ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებს, ორი წლის განმავლობაში ქაბულში ელჩის მოადგილე იყო.

პრეზიდენტ კლინტონისა და ბუშის ადმინისტრაციებში იგი ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპულ საკითხებს კურირებდა, ხოლო 2003-2005 წლებში ლატვიაში ელჩის მოადგილედ მუშაობდა.

რუსულ, ფრანგულ, ნორვეგიულ და ლატვიურ ენებზე მოსაუბრე რიჩარდ ნორლანდი 1995-1998 წლებში დუბლინში აშშ-ის საელჩოში პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობდა.