პოლიტიკა
ღია წერილი საქართველოში აშშ-ის ელჩს ჯონ ბასს საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილისაგან

arno-bass2ბატონო ელჩო! 2012 წლის 5 მარტს, მას შემდეგ, რაც საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კოლექტივმა ვლადიმერ პუტინს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა (URL გეგზავნებათ ამ წერილის №1 დანართში), ჩვენს საიტზე www.saqinform.ge დაიდო კომენტარები უცენზურო შეურაცხყოფით, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით (კომენტარები შენახულია, გამომგზავნთა IP დაფიქსირებულია და საჭიროების შემთხვევაში წარმოგიდგენთ).

ამასთან,  ერთი და იგივე პირი ჩემს მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნიდა და რეკავდა უცენზურო შეურაცხყოფითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით ჩემი ოჯახისა და ჩემი მისამართით (SMS-ების ტექსტები შენახულია, ხოლო მობილური ტელეფონის ნომრებს ასეთი სულ 5-ია გიგზავნით ამ წერილის №2 დანართში).

ვინაიდან ზარების ავტორი დამპირდა, რომ ჩემს ოფისში მოვიდოდა და დაუყოვნებლივ გამისწორდებოდა, მე, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად პოლიციის პატრული გამოვიძახე, რომელიც დაუყოვნებლივ გამოცხადდა და ეს ფაქტი ოქმში დააფიქსირა.

ოქმის შედგენის მომენტში საქინფორმის რედაქციაში ზარების ავტორი შემოიჭრა და ორი პოლიციელისა და სააგენტოს რამდენიმე თანამშრომელი ქალბატონის თანდასწრებით გაიმეორა უცენზურო შეურაცხყოფა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა ჩემი მისამართით (თავდამსხმელი ექსპერტთა კლუბისექსპერტად წარმოგვიდგა იხ. დანართი №3 თუმცა იქ ეს არ დამიდასტურეს). პოლიციელებმა, ხელმძღვანელობასთან ტელეფონით მრავალრიცხოვანი და ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, თავდამსხმელი არც კი დააკავეს და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ, დაჰპირდნენ, რომ „თუ მსგავსი რამ განმეორდება, მკაცრ ზომებს მიიღებენ“.

იქიდან გამომდინარე, რომ თავდამსხმელმა თავისი ქმედება ჩემს ჟურნალისტურ მოღვაწეობას დაუკავშირა, იმავე დღეს შევიტანე განცხადება პროკურატურაში თხოვნით – დაეწყოთ გამოძიება და აღძრულიყო საქმე საქართველოს სსკ 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (იხ. დანართი №4).

მას შემდეგ ეს გაურკვეველი სქესის არსება თავის გვერდზე „LiveJournal“-სა და „Facebook“-ზე ვრცელი ტექსტით ღიად წუხს, რომ პატრულმა ჩემთან ანგარიშსწორებაში ხელი შეუშალა, და თანამოაზრეებთან ერთად მპირდება, რომ ამას უახლოეს ხანებში გააკეთებს (მისი გვერდის URL  LiveJournal-ზე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის შემცველი ტექსტებითა და კომენტარებით იხ. დანართ №5-ში).

ბატონო ელჩო, როდესაც დანართ №5-ში თქვენთვის გამოგზავნილი URL-თი „LiveJournal“-ში თავდამსხმელის გვერდზე შეხვალთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ზოგიერთ ფრაზას: ... დროა საქართველოში მაკარტიზმის ელემენტები ავამოქმედოთ”; ”...ჩამოყალიბდეს ფონდი და მივიღოთ შემოწირულობები ჯარიმების გადასახდელად ყველასთვის, ვინც მოისურვებს, თავისი გრძნობებისა და მუშტების სიძლიერე დაგიდასტუროს”; ”გთავაზობთ, შევქმნათ ფონდი და ყოველგვარი კუკავები და არნოები ... (უცენზურო სიტყვა ჩვენ მიერ გამოტოვებულია, – საქინფორმი) უმოწყალოდ, საზოგადოებრივ საწყისებზე!” და სხვა ფრაზები, რომლებიც შეიცავს ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოწოდებებს და  შეურაცხყოფას არა მარტო საქინფორმის მთავარი რედაქტორის მისამართით, არამედ პოპულარული ქართული გაზეთი ”ასავალ-დასავალის”, ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორ გულბაათ რცხილაძის, პარტია ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერ კახა კუკავას, ”საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ლიდერ შალვა ნათელაშვილის, ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერ ნინო ბურჯანაძის და სხვათა მისამართით. აგრეთვე, ყურადღება მიაქციეთ მისი მეგობრების წრეს, რომელთა ელექტრონული ფოსტის მისამართები დაცულია „LiveJournal“-ზე მისი გვერდის რუბრიკაში „პირადი ინფორმაცია“ – ბევრი მათგანი რუსულენოვანი ტელეარხი «ПИК»-ის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს ეკუთვნით, მაგრამ ზოგიერთი, ვფიქრობ, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ამერიკის სპეცსამსახურებისთვის მეტად საინტერესო იქნება.

ბატონო ელჩო! როგორც ხედავთ, ადამიანთა კონკრეტული ჯგუფი საქართველოს მტრად მიმიჩნევს და ჩემთვის ანგარიშის გასწორებას აპირებს იმის გამო, რომ საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ კოლექტივმა, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელმძღვანელთა დარად, მიულოცა ვლადიმერ პუტინს და, ამასთან, მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის იმედი და სურვილი გამოთქვა. როგორ მიგაჩნიათ, განა ისინი, ვინც მედიასაშუალებათა ხელმძღვანელებს შეურაცხყოფს, თავს ესხმის და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება, მოუწოდებს საქართველოში მაკარტიზმის აღორძინებისკენ, ოფიციოზისაგან განსხვავებული პოზიციის მქონე ჟურნალისტებზე, საზოგადო მოღვაწეებზე, ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე უმოწყალო ანგარიშსწორებისკენ მართლაც საქართველოს და მისი დღევანდელი ხელისუფლების მტრები არ არიან?! იმ დროს, როცა საქართველო ნატოში შესასვლელ ტესტს გადის,  მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ხომ (რომლებსაც ისინი არათუ არ უარყოფენ, არამედ საჯაროდ ამაყობენ კიდეც) სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების პირდაპირი ხელყოფაა, რაც მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს იმიჯზე მსოფლიო საზოგადოებისა და საქართველოს სტრატეგიული მოკავშირის – აშშ-ის თვალში, რომელმაც არა ერთხელ გაუსვა ხაზი სახელმწიფოში დემოკრატიული რეფორმების უპირველეს მნიშვნელობას, რომლებიც მსგავს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან შეუთავსებელია!

ბატონო ელჩო, ან იქნებ პუტინის მილოცვა სულაც არაფერ შუაშია და ეს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია?! საქმე ის არის, რომ იმავე დღეს საქინფორმმა გამოაქვეყნ საქართველოში აშშ-ის ელჩ ჯონ ტეფტის 2008 წლის 10 აგვისტოს საიდუმლო დეპეშა №1353, რომელიც საიტ „WikiLeaks“-ზე გამოქვეყნდა (URL იხ. დანართ №6-ში), რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია: მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ ჟურნალისტებთან, ქმნის რა გლობალური საზოგადოებისათვის რუსეთის, როგორც აგრესორისა და დამპყრობლის ხატს, და ინფორმაციას მათთვის სასურველ შუქზე წარმოაჩენს. თუმცა ქართველ პოლიტიკოსთა განცხადებები ყოველთვის ზუსტი არ არის. საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გასაშუქებლად კრემლისადმი ოპოზიციურ პოპულარულ რუს ბლოგერებსაც იყენებს”.

ამ მხრივ საგულისხმოა, რომ ყველა შეურაცხმყოფელი და მუქარის გამომხატველი ტექსტი საქინფორმისა და არნო ხიდირბეგიშვილის მისამართით რუსულ ენაზეა დაწერილი, რადგან ჯგუფის წევრები აშკარად ვერ ფლობენ სახელმწიფო ქართულ ენას! ეს სწორედ ის ჯგუფი ხომ არ არის, რომლის შესახებ www.myspace.com-ზე წერენ და სადაც სკანდალურად ფიგურირებენ რუსულენოვანი ტელეარხი «ПИК» და მისი მთავარი სახეები?! ბატონო ელჩო, გადადით ბმულზე http://www.myspace.com/576763901/blog და ამ ინტერნეტდივერსანტების ჯგუფურ ფოტოს იხილავთ, მათ შორის იმას, ვინც 2012 წლის 5 მარტს საქინფორმში მუქარითა და შეურაცხყოფით შემოიჭრა (მისი ნიკი LiveJournal-ში ფოტოგრაფიის ქვეშ არის, ჯგუფის დანარჩენ წევრთა ნიკებთან ერთად)!

ხოლო თუ მის Facebook-ის გვერდზე შეხვალთ რუბრიკაში პირადი ინფორმაცია, წაიკითხავთ, რომ ის ტელეარხ «ПИК»-ის (www.pik.tv) რედაქტორი და ExpertClub.Gе-ს პიარმენეჯერია.

გამორიცხული არ არის, რომ ის კარგად ცნობილი ოლეგ-სანდრო პანფილოვის რჩეულია, რომელიც სოციალურ ქსელებში ჩემზე საზიზღრობებს წერს და რომელიც ამასწინათ ვამხილე პუბლიკაციაში «PORN FEEL OFF».

ბატონო ელჩო! ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, ამ ფაქტის მიმართ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ და კონტროლზე აიყვანოთ პროკურატურის ქმედებები, რათა საბოლოოდ გაირკვეს – ვის დაკვეთას ასრულებდა პროვოკატორი, და ისინი მასთან ერთად საქართველოს კანონმდებლობის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ.

პატივისცემით,

საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი

(ქვეყნდება დანართების გარეშე)