პუბლიკაციები
ნონა: „თუ ივანიშვილმა ვერ შეძლო ამათი დამარცხება არჩევნების გზით, მაშინ ეს უნდა გააკეთოს ხალხმა – სხვა გზით!“

nona11საქინფორმის სტუმარია მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი ჭადრაკში, „სახალხო კრების“ თავმჯდომარე, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი.

– ქალბატონო ნონა, ახალი წლის დაწყებას ხალხში ახლის მოლოდინი მოაქვს. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თქვენ რას ცვლილებებს ელით?

– მინდა, გითხრათ, რომ ამ ბოლო წლების განმავლობაში არცერთი დღე და დღესასწაული არ მაღელვებს და არ მსიამოვნებს. კარგა ხანია, დავკარგე ის გრძნობა, რასაც დღესასწაულის შეხვედრა ჰქვია.

– ხელისუფლებისგან განსხვავებით, არასაახალწლო განწყობა საზოგადოების უმეტესობაშიც  და ხალხშიც შეინიშნებოდა...

– რას ველი? ღმერთმა არ ქნას, იმას ველოდე, რომ არაფერი შეიცვლება. ჩემს ასაკში ადამიანი რაღაც პროცესებში რომ ჩაერთვება... ჩემს ბიოგრაფიაში ვერაფერს ნახულობენ, რომ ამოწიონ. პოლიტიკოსი არ არისო, ამბობენ. რა შუაშია პოლიტიკოსობა, როცა ქვეყნის სიყვარულზეა საუბარი?  

– სადაც ეგ აზრები ჩნდება,  პოლიტიკოსი იქ რომელია?

– შეიძლება არ იყო პოლიტიკოსი და აკეთო წესიერი საქმე. აქ ხომ სრულებით გარკვეულ პოზიციაზე ვარ. არ ვარ არცერთ პოლიტიკურ პარტიაში. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ბადრის გამო დავდექი იქ, რადგან ვიცოდი, ამ ადამიანმა საქართველოს უამრავი კარგი საქმე გაუკეთა. მაგრამ როდესაც ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი  დადგა, მე აღმოვჩნდი იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი.

– ქალბატონო ნონა, პოლიტიკაც ხომ ქვეყნისა და ხალხის სიყვარულით მართვაა?

– რა თქმა უნდა, სხვა ფრაზებიც შეიძლება მოინახოს. ამიტომ, როგორც ეს პროცესები მიმდინარეობდა, ის, რაც 26 მაისს მოხდა, ჩემი თავიდან არ ამოდის. მინდა, გავაერთიანო 9 აპრილი და 26 მაისი. 9 აპრილს ადამიანებს გასასვლელი დაუტოვეს. აქ, პრაქტიკულად,  ჩაკეტეს და ერთ კაცზე ათი სპეცრაზმელი მოდიოდა.

– მართლაც გაუგონარი რამ მოხდა. საკუთარი ხელისუფლება, თუ ასეთს შეიძლება საკუთარი ვუწოდოთ, გაუსწორდა არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ  უიარაღო ადამიანები დახოცა...

– ქვეყანაში შიშის ფაქტორით, სამწუხაროდ, ისეთი რეალობაა შექმნილი დღეს, რომ... მე გამკვირვებია იმ ოჯახების... გახსოვთ, ქალმა თავი რომ დაიწვა? ჩვენი სახელით მივიდნენ იქ.  გვერდში ამოდგომა უნდოდათ  და სახლში არ შეუშვეს. ქალმა რაღაცისთვის გასწირა თავი. შენ ოჯახის უფროსი ხარ თუ ქმარი, ასეთი რაღაცის დასამარება როგორ შეიძლება? როცა ერთხელ, მეორეჯერ, მესამეჯერ  დაგაშინებენ, მერე  ასეთი ადამიანის შეშინება უკვე  ადვილია. როცა დასჭირდებათ, ისევ დაგაშინებენ. ამ დროს რაც მეტს იყვირებ, უკეთესია. რაღაც პრევენციასავით გამოდის.

– მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ დღეს ბევრს, ვინც მთავრობასთან ალიანსში არ არის, აღარაფრის ეშინია. ადამიანებს დასაკარგი აღარაფერი აქვთ, რადგან ხალხი რეალურად  სამშობლოს კარგავს...

– 26 მაისმა თავისი გასაკეთებელი მაინც გააკეთა. თუ პროცესი უნდა გაჩერებულიყო, ამან თავისი გასაკეთებელი მაინც გააკეთა. ხალხი დღესაც რეკავს და კითხულობს. ადამიანმა თვალი დაკარგა და ის კიდევ უფრო განმტკიცდა. ისინი, ვინც სერიოზული ფიზიკური და სულიერი დარტყმა მიიღო, უფრო მაგრად არიან. ამ დროს ჩამკვდარი იყო პროცესი. ამ ტრავმებს მოშუშება, ხალხის  მოძიება, დახმარება, იურიდიული სამსახურის გაწევა იყო საჭირო. ბევრმა იურისტმა და ჭეშმარიტმა არასამთავრობოებმა კარგად იმუშავეს. ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა  და სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა კაცი, რომელმაც ყველაფერი გადაატრიალა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში; გააკეთა განცხადება და სწორედ იმ პროგრამითა და მოსაზრებით შემოვიდა, რაც საქართველოსთვის ჩვენც გვსურდა – ჩვენ რა, ხელისუფლებაში  ვაპირებდით მოსვლას? ჩვენ ვთვლიდით, რომ იმ საარჩევნო გარემოთი, რაც არის, სადაც მიდიოდნენ რესპუბლიკელები, იგივე ალასანია, არჩევენებს ვერ მოვიგებდით. ამიტომ მთელი ჩვენი პროცესი იქით იყო მიმართული, რომ ამ პროცესში  სხვებიც აგვეყოლიებინა. სამწუხაროდ, ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციაც გვიტევდა.

– იქ კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის ფაქტორიც იყო, რომელზე საუბარიც ამ ინტერვიუში ამჯერად არ გვინდა. ბურჯანაძის ფაქტორს ვგულისხმობ.. .

– ბურჯანაძეს რაც შეეხება, ვერ წარმოიდგენთ, როგორ შემოტრიალდა. სწორედ ვინც მას ვერ იტანდა, ისინი ამბობენ, რომ თუ ბურჯანაძე არ დაიყენა გვერდით... არც  ჩემს ახლობლებზე ვსაუბრობ და არც იმათზე...

– ისეთი პირი უჩანს, რომ დადგება დრო, როცა ყველა ერთად დადგება, რადგან არჩევნები აუცილებლად გაყალბდება. გაყალბება უკვე დაიწყეს.  არის ფაქტები, როცა დენის გადასახადის ქვითარში წყლის გადასახადზე აბონენტს ათი უცნობი სული  მიუწერეს და სუსხიან ამინდში საჯარო რეესტრში  რამდენჯერმე მოუხდა მისვლა და მეზობლების ხელმოწერების მიტანა იმის დასამტკიცებლად, რომ ის ათი სული – უცნობი ქალი თავისი შვილებით, ამ პიროვნების ცოლი არ არის. საჯარო რეესტრი, ფაქტობრივად, ხელისუფლების ერთ-ერთი ადმინისტრაციული რესურსის ფუნქციას ასრულებს. ასეთი შემთხვევები მასობრივ ხასიათს ატარებს. ასე რომ, ესენი აუცილებლად გააყალბებენ და მერე უკვე ხალხიცა და ყველა პოლიტიკური ძალაც, ძალაუნებურად, ერთად გამოვა...

– მე მქონდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი არჩევნებისას იმდენი ხალხი ჩაწერეს თავიანთ ბინებში და იმხელა თანხები გამოსდიოდათ გადასახდელი, რომ ვერ აუდიოდნენ. ამიტომ გამოიგონეს ეს. მინდა, ყურადღება გავამახვილო ჩვენს პოზიციაზე. არავის, ვინც ოპოზიციაში იყო, გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა, რადგან ხელისუფლება საამისოდ ყველანაირ რესურსს ფლობს და იყენებს. მაგრამ გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში საქართველოსა და მისი ხალხისთვის ამდენი სიკეთე გაუკეთებია... ყველას ეგონა, რომ ამ კაცმა ლაპარაკი არ იცის.

– თურმე სცოდნია!

– თურმე სცოდნია და თანაც – როგორი?! სახელისუფლებო არხებმა ტონალობაზე დაუწყეს შემოდავება... მე აღარ ვუყურებ ამ არხებს. ამასწინათ ერთმა მითხრა, დონაძის ტელევიზიას  ჩემზე უთქვამს – ჯერ ერთი მილიარდერის – ბადრის გვერდში იდგა, მერე – ნინოს გვერდში და ახლა ბიძინას გვერდში დგასო. როგორც ბადრის გვერდში ვიდექი, ისე ვდგავარ ბიძინას გვერდში. მისი პარტიის წევრი მე არ ვარ. ნებისმიერი მისი მოქმედება, რომელიც  დამანახვებს, რომ ამ რეჟიმს შეცვლის და ქვეყანას სამართლიანი არსებობის რეჟიმში გადაიყვანს, ჩემგან  მხარდაჭერილი იქნება.

– ახლა ასეთი ტენდენციაა, რომ ყველა, ვინც ამ რეჟიმის შეცვლას შეეცდება, რუსეთს „მიაბან“. იყო გადაცემა, სადაც ერთმანეთს „მიაბეს“ ბურჯანაძე, ივანიშვილი... ადრე – პარტარკაციშვილი. ყველას,  პატრიარქსაც კი, რეჟიმისადმი რაიმე უარყოფითი პოზიციის გამოხატვისას „რუსეთის აგენტის“ იარლიყს აკერებენ...

– სხვათა შორის, აგენტები თავად არიან, თანაც – ორმაგი. მე, ერთადერთი, ჩვენი ყურძენი და ღვინო მეგონა, რომელიც ჩვენს ხელში იყო. აღმოჩნდა, რომ ამის  90%-იც რუსეთის ხელშია. სტრატეგიული არაფერი დარჩა. ორი ხრამი იყო და ისინიც რუსებს მიჰყიდეს. რუსეთს არც კი დაესიზმრებოდა ის, რაც ამ ხელისუფლებამ მათთვის გააკეთა.

– ქალბატონო ნონა, ყველა რიგით მოქალაქეს უჩნდება კითხვა – მეზობელთან, რომელიც შენთვის, მასთან შეგნებული გადამტერების გამო,  „დათვის ფუქციას“ ასრულებს, რატომაა შეუძლებელი ურთიერთობის მოგვარება?

– ურთიერთობა ყველა შემთხვევაში დასალაგებელია. აზერბაიჯანი რომ მოაგვარებს, სომხეთზე არაფერს ვამბობ...  გახსოვთ, ალბათ, საჭოთა კავშირის დაშლისას სპორტული ფედერაციებიდან პირველი „ფეხბურთის ფედერაცია“ გამოვიდა „საბჭოთა ფედერაციიდან“. მეორე ვიყავით ჩვენ – მოჭადრაკეები. ამას დიდი ხმაური მოჰყვა. არ მახსოვს მისი გვარი, გორბაჩოვთან დაახლოებული ქართველი მეუბნებოდა: „გორბაჩოვი ამბობს: ქართველების მიმართ ცუდი განწყობა არ მაქვს. ყველაფერი თავისთავად ხდება და მოვლენებეს რატომ ასწრებთ?..“ 1992 წელს „საჭადრაკო ფედერაცია“ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველად გავიდა ოლიმპიადაზე. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაუშვეს, რომ ქართული ჭადრაკი მართალც დიდი ფენომენი იყო. თუ გაეროს წევრი არ იყო ქვეყანა, დამოუკიდებლად ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად არ უშვებდნენ. საკითხის განხილვისას, „ფიდეს“ იურისტმა თქვა, რომ შევარდნაძის სახით, ქვეყანას (საქართვლოს. – ბ.ა.) ისეთი პიროვნება ჩაუდგა სათავეში, რომ გაეროს წევრი აუცილებლად გახდება! და საქართველოსთვის გამონაკლისი დაუშვეს.

ყველა სხვა რესპუბლიკა – შუა აზია და ბევრი სხვა, ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე აღმოჩნდა დამოუკიდებელი. ურთიერთობა ყველა მეზობელთან უნდა გქონდეს, შენი შეურაცხყოფისა და რაღაცის ხარჯზე კი არა, არამედ, თანაბარი, ნორმალური ურთიერთობის გზით. როგორც ჩვენ, ისე რუსებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ერთი რწმენა გვაქვს და – პირიქით, ერთმანეთის გვერდში და ერთმანეთთან კარგად უნდა ვიყოთ. ამაზე თავს  ვერ დავდებ, მაგრამ, როგორც ინფორმაცია მაქვს, ადამიანები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკურ ელიტას კარგად იცნობენ, თვლიან, რომ აქ პუტინ-სააკაშვილის ფაქტორი უფროა, ვიდრე სხვა რამ...  თორემ რუსეთის პოლიტიკურ ელიტას სააკაშვილის გაშვება სულაც არ სურს. „ყველაზე კარგი თავდაცვა თავდასხმაა“, – ასე გამოუდის ამ ხელისუფლებას. ამდენი წლის განმავლობაში ვინც საწინააღმდეგო, განსხვავებულ აზრს გამოთვამს, რუსეთის აგენტია. 26 მაისს სპეცრაზმი ზომბირებული ჰყავდათ. ხალხს ურტყამდნენ შეძახილებით – „ახ, შე რუსეთის აგენტო!“

– რუსეთის აგენტობის თემა უკვე ანეკდოტის სფეროში გადადის და ყურადღების მიქცევა აღარც ღირს...

– ამ დროს მაქვს ინფრომაცია, რომ სახელისუფლებო ეშელონების წარმომადგენლები რუსეთთან მისასვლელ გზებს ეძებენ.

– ქალბატონო ნონა,  თქვენ კი ამბობთ, რომ არც პარტიული ხართ და არც პოლიტიკოსი, და მაინც,  გეოპოლიტიკაზე უნდა გკითხოთ.  სერიოზული საუბრებია და ინტერნეტითაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის სამხედრო გემები ირანის სანაპიროს გასწვრივ სტრატეგიულ  პოზიციებზე ლაგდება. ჩვენ კი ამ განლაგებით  შუაში „საზარბაზნე ხორცის“   ადგილს ვიკავებთ...

– ეს საშინელებაა.  ამ საქმეში ისეთი ჩახედული არ ვარ, მაგრამ როგორც საქართველოს მოქალაქეს, ეს  შიშს მგვრის. ირანმაც უკვე ხმამაღლა თქვა, რომ საკმარისია, მისკენ მიმართული ერთი თვითმფრინავი აფრინდეს აქედან, რომ ის საპასუხო დარტყმისთვის მზადაა. ექსპერტებისა და გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, ყველაზე ახლოს ირანიდან საქართველოა.

– აზრი იმისა, რომ რუსეთის სახით უცხო ქვეყნის ბაზები გაგვეყვანა და მეორე ქვეყნის – ამერიკის, ბაზები ჩაგვეყენებინა, თანაც, იმ  საფრთხის შემცველობით, რომ შესაძლოა ,დაიბომბო, რას წარმოადგენდა?

– ჯერ ერთი, არასწორი პოლიტიკით რაც დავუშვით, რუსეთის ბაზები  ორჯერ მეტი დაგვიბრუნდა. ფაქტობრივად, კი არ  გაორმაგდა, გასამმაგდა. ან  რა გარანტია გვაქვს იმისა, რომ ირანის გარდა, რუსეთიც არ გამოააშკარავებს თავის ინტერესს? შევაკავებთ, წინააღმდეგობას გავუწევთ, თუ რა?

მახსოვს, ელიზბარ ჯაველიძემ რაც დაწერა ახალგახსნილ საავადმყოფოებთან დაკავშირებით. გიორგი გაჩეჩილაძესაც ვუსმინე, რომ ე.წ. ლაზიკაში, ჭაობი, რომლის გამოყენებასაც წყალქვეშა ნავების მისადგომად აპირებენ, ეკოსისტემის თვალსაზრისით თავის როლს ასრულებს. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აინტერესებს არც თავისი ქვეყნის, არც ქვეყნის მოქალაქეების ბედი და, რაც მთავარია, ის თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს. გვახსოვს კონსტიტუციაცა და კანონებიც, საკუთარ პერსონებზე როგორ მოირგეს. ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ კიდევ უფრო გააძლიერა სინამდვილე და იმის ხედვა – ვისთან გვაქვს საქმე. რაღაც სასწაული კანონების მიღებით სიტუაცია დაამძიმეს და, ფაქტობრივად, „სუნთქვის შესაძლებლობა“ მოსპეს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ „ქართული ოცნება“ ცუდად დამთავრდეს, მაშინ საქართველოც ცუდად დაასრულებს.

– საქართველოს საქმეც ცუდად დასრულდება... არა იმიტომ, რომ ივანიშვილი და კერპად  გავიხადოთ, უბრალოდ, კიდევ ერთხელ იმედგაცრუებასა და დამარცხებას ქვეყანა ვეღარ გადაიტანს...

– საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხზე,  ერთხელ მაინც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასა და ხალხის რეალური ნების გამოხატვაზეა საუბარი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველას, ვისაც რაიმე პატარა აგურის დადება შეუძლია, უნდა დადოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ მხრიდანაც ამისი სურვილი უნდა იყოს. ჩვენ ვთანხმდებით ერთ რამეში. ყოველ შემთხვევაში, არიან ძალები, რომელთაც ამ რეჟიმის მოცილება მართლა სურთ. მე ვსაუბრობ დარჩენილ ძალებზე. არავის ვასახელებ, მაგრამ ვიცი, რომ არიან ასეთი ძალები და ამ რეჟიმის მოსაცილებლად მზად არიან, ქვეყნის ინტერესებისთვის ყველაფერი გვერდზე გადადონ. საერთო საქმისთვის გააქტიურება ყოველთვისაა შესაძლებელი, მაგრამ ხომ არ შეიძლება პარალელური რაღაც ჩამოაყალიბო? ჯობია, რაღაც კოორდინაცია მაინც იყოს.

– ქალბატონო ნონა, აუცილებლად მოხდება, რადგან ჩანს, რომ  ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს. „ქრისტიან-დემოკრატებსა“ და „ახლებთან“ შეკავშირებულებს საქმე აწყობილი აქვთ და შეხმატკბილებულად მუშაობენ. ბევრს საუბრობენ ობამასთან სააკაშვილის ვიზიტზეც. სახელისუფლებო არხებმა ერთი კვირით ადრე დაიწყეს ამ თემით სპეკულირება და პიარი. თქვენ რას ფიქრობთ, რისთვისაა სააკაშვილი ობამასთან დაბარებული – „ყურის ასაწევად“, თუ მხარდასაჭერად?

– რაზეც არ შემიძლია მსჯელობა, ვერ ვიმსჯელებ.  მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ, მაგრამ სააკაშვილი დღეს იმ ფიგურას რომ წარმოადგენს, რომელსაც ყველაფერს აკეთებინებენ, ესეც ხომ ფაქტია.

– ერთი მომენტია, თუ ირანთან მიმართებაში მხარდასაჭერად გამოიძახეს. მეორე – ის, რომ მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ უკვე რეალურად დაინახა, რომ საქართველოს ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანი მართავს. ასეთ პიროვნებას ისეთი სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თავისი თანამდებობის შესანარჩუნებლად  გეოპოლიტიკური კატასტროფის გამოწვევაც შეუძლია. თანამეგობრობა, საქართველოზე რომ აღარაფერი ვთქვათ,  სააკაშვილის ყოფნით, ფაქტობრივად, „დენთის კასრზე“  ზის.

– თუ ეს გაითვალისწინეს, მაშინ მივესალმები, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები მაინც გვერდზე გადადის, როდესაც დიდი მიზნებია. ჩვენ უფრო ვარაუდების დონეზე საუბარი გამოგვდის. 26 მაისს  მომხდარი  ფაქტების გატანის თვალსაზრისით, ძალიან დიდი მუშაობა მიმდინარეობდა. ქალბატონი ნინოცა და ბატონი თემურიც სერიოზულად მუშაობდენენ ამაზე. ორივეს ჰყავს ნაცნობობა, რომელთაც ამ ფაქტების დანიშნულებისამებრ მიტანა შეეძლოთ. განსაკუთრებით კი, ქალბატონ ნინოს, რომელსაც მთავრობაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და ამერიკის კონგრესსა და ევროკავშირშინაცნობები ჰყავს. ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა. ჩვენ სერიოზული ძვრების მოლოდინში ვიყავით. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ამას დავუმატოთ, რა კარგად მუშაობდა და მუშაობს „ადვოკატთა ასოციაცია“ ხატიაშვილის სახით.

– ქალბატონო ნონა, უიარაღო მომიტინგეთა დახოცვის ფაქტმა  უამრავი ადამიანი ჩართო ამ პროცესში. საერთაშორისო თანამეგობრობამ მას შემდეგ აღიარა ხალხისგან  ეგვიპტის პრეზიდენტის გადაყენების სამართლიანობა და მართებულობაც, რაც მან დემონსტრაციებზე მშვიდობიანი და უიარაღო ადამიანები დახოცა. ანალოგიური გააკეთა სააკაშვილმა. ამისი ფაქტები არსებობს. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა  დღემდე დაუდგენელია. არაოფიციალურად, 26 მაისს  გვამების მტკვარში გადაყრის ფაქტებიც დაფიქსირდა...

– ოფიციალურად ხუთი გარდაცვლილია დაფიქსირებული, მაგრამ ოჯახები ჩუმად არიან. ისინი თუ არ ამოიღებენ ხმას, ჩვენ ამას ვერ დავამტკიცებთ.

– ხუთი ადამიანი ცოტაა?

– ის მასალები – დაბეჭდილი, ვიდეოკადრები, ინგლისურად ნათარგმნი, დახაზული სქემაც კი იყო. 26-ში ხალხი ელოდებოდა კონცერტს. ჩვენს კანონმდებლობაშიც არ წერია, რომ დამოუკიდებლობა აღლუმით უნდა აღინიშნოს. კანონმდებლობაში წერია, რომ დამოუკიდებლობას აღნიშნავენ კონცერტებითა და ზეიმით.  პრეზიდენტი ოჯახის წევრებით  ეპატიჟება ჩამოსულ სტუმრებს ამ ზეიმზე.  პრეზიდენტის იმპიჩმენტის დასაწყებად ერთი წელიც საკმარისი იქნებოდა. მარტო ის კმაროდა,  როდესაც ბიუჯეტი თავის თავზე  მოირგო და თვითმფრინავით სხვა ქვეყნებში გასართობად მიდიოდა. გამოიძიონ, წლის განმავლობაში რა უჯდებოდა ეს ბიუჯეტს  და დამთავრებულია საქმე! უფასო კონცერტებით, პიარისთვის რაც ხდება, იმპიჩმენტისთვის საკმარისი არ არის?  ავსტრალიაში ერთმა უფასო კონცერტმა ხელისუფლების გადადგომა გამოიწვია. მოიწვიე კერძო კონცერტზე, თუ ვინმეს სერიოზული ფულის ჩადება და ბილეთების გაყიდვა მოუნდა – არავინ გაიღებს  ხმას. მაგრამ როცა ვიცით, რომ ეს თანხა ბიუჯეტიდან იხარჯება... საკრებულოში ყოფნისას ვნახე იქ, რაც ხდებოდა. ბიუჯეტი მაშინ ნაკლები იყო.  ვხედავდი, გასართობ ღონისძიებებში და პატრიოტთა ბანაკებში  ფული როგორ  იდებოდა. ყველაფერი სოციალური პროექტების ხარჯზე კეთდებოდა. სააკაშვილზე საკუთარი წარმოდგენა უკვე მაშინ შემექმნა.

– ქალბატონო ნონა, იმედიანად დავასრულოთ. ხელისუფლება რომ გაყალბებაზე არ წავა, ვფიქრობ, ამისი არავის სჯერა, მაგრამ იმედი, რომ რაღაც სასიკეთო მოხდება – ყველას აქვს. ჩვენს თაობას ასწავლიდნენ რევოლუციური სიტუაციის განმარტებას – როდესაც ზედა ფენებს არ შესწევთ ძველებურად მართვა, ხოლო ქვედა ფენებს აღარ სურთ  ძველებურად ცხოვრება. ანალოგიური სიტუაციაა დღეს. ხალხს ამათი უსინდისობისა და უსაართლობის ატანა აღარ შეუძლია...

– ჩვენთან, აღმასრულებელ საბჭოში, ლაპარაკობდნენ, რომ მათმა კოეფიციენტმა, რომელსაც არც ერთი მხარე არ უნდა – ოპოზიცია-პოზიაციაზეა საუბარი, ოციდან ოცდაათ პროცენტამდე აიწია. ეს სერიოზული პროცენტია და ის მაჩვენებელია, რომელიც, ძირითადად, ოპოზიციისკენ არის. თუ მოხდა გაერთიანება, ეს იქნება ის ძალა, რომელმაც პარალელურ რეჟიმში წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ამ უაზრო  კანონებს, რადგან ამ კანონებით არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. თუ დავუმატებთ სიებსაც, მახსოვს, სიებში დიდი გაუგებრობა იყო. ყოველი არჩევნებიდან არჩევნებზე სიები ერთი და იგივე, უცვლელი სახით,  შეუსწორებლად გადააქვთ. თითოეული მოქალაქე, ყველა, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს, უკლებლივ უნდა მივიდეს არჩევნებზე. რადგან ესენი სწორედ იმ ნდობის ფაქტორმა დააშინა, რაც იმ ადამიანს აქვს, ვინც სამება ააშენა, უამრავი ეკლესია-მონასტერი შეაკეთა, ხალხს მოუმართა ხელი, მრავალი წლის განმავლობაში წყნარად აკეთა საქმე და ასეთი ნდობის ფაქტორი შეიძინა. ამას დავამატოთ ისიც, რომ ფულიც არ ჰქონდა მოსაძიებელი.

– ფინანსებისა და მედიის როლის შესახებ ამათზე კარგად ვინ იცის...

– ის თხუთმეტ და ოცლარიანი ვაუჩერები რომ რიგდება, ექიმთან ერთი შესვლა ჯდება მხოლოდ თხუთმეტი და ოცი ლარი. ვის ატყუებენ ესენი? ისეთი კანონები შემოიღეს, როდესაც ადამიანს არავის შემოწირულობა არ სჭირდება და მოსაძიებელიც არაფერი აქვს, თავისი თანხის დახარჯვის შესაძლებლობას არ აძლევენ. ჩვენ მაინც უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ხალხი მაინც გააკეთებს იმას, რაც გასაკეთებელია. სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. პირდაპირ ვიტყვი, რომ თუ ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო ამათი დამარცხება არჩევნების გზით, მაშინ ეს უნდა გააკეთოს ხალხმა – სხვა გზით.

ესაუბრა ბაია ამაშუკელი

საქინფორმი