სამართალი
სასამართლო მედიას დასცინის: 12, 17 და 30 ლარი 26 მაისს დაზარალებულ ჟურნალისტებს!

26-mais-jurnalistთბილისი, 27 დეკემბერი, საქინფორმი. 2011 წლის 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეა თადაშვილმა შსს-ის წინააღმდეგ ჟურნალისტების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – ჟურნალისტებსა და შსს-ს შორის დავა დასრულდა.

საქმე 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ეხება. „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტები კონსტანტინე სტალინსკი და თამაზ კუპრეიშვილი, ასევე, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია და  გაზეთ „ბათუმელების“, „ჩოხატაურის მაცნეს“, „ახალი ამბების“, „რადიოცენტრ პლუსის“ ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან  წართმეული ტექნიკის დაბრუნებასა და ჯანმრთელობის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის თვალსაზრისით მიყენებული ზიანი  კონსტანტინე სტალინსკის – 12 ლარის, თამაზ კუპრეიშვილს – 30 ლარის, ნატო გოგელიას კი 17 ლარის ოდენობით აუნაზღაურდებათ.

 

სასამართლომ,  ასევე, გადაწყვიტა, რომ გაზეთ „ბათუმელებს“ ორივე კამერის დაკარგვით მიყენებული ზიანი – 1940 ლარი და 40 თეთრი აუნაზღაურდეთ.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელე ჟურნალისტთა ნაწილის მოთხოვნა, რომლებიც ითხოვდნენ 26 მაისს სამსახურებრივი ტექნიკის განადგურებითა და დაკარგვით მიყენებული ზარალის ანაზღაურებასაც. მოსამართლის განმარტებით, მათი მოთხოვნის კანონიერება სათანადოდ ვერ იქნა დამტკიცებული.

შსს-ის განმარტებით კი, იმ ჟურნალისტებს, რომელთა მოთხოვნის კანონიერება არგუმენტირებული იყო, ვიდეოკამერებს 26 მაისის ჩანაწერებით ვერ დაუბრუნებენ.