პოლიტიკა
ანდერს ფოგ რასმუსენი: „ჩვენს ოპერაციაში წვლილსა და ნატოს მომავალ წევრობას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს“

rasmusen2თბილისი, 10 ნოემბერი, საქინფორმი. „საქართველომ ბევრს მიაღწია და ნატოს გზავნილი ახლა არის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს რეფორმების ეს ტემპი, განსაკუთრებით, მომდევნო ორ წელიწადში დაგეგმილი საარჩევნო ციკლის წინ, რაც „ლაკმუსის ტესტი“ იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

საქართველო სწორ გზაზე დგას და თქვენ გრძელი გზა გამოიარეთ, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ჯერ არ მიგიღწევიათ. ქართველებს სურთ, იცხოვრონ კარგად ჩამოყალიბებულ, თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში“, – განაცხადა მან 9 ნოემბერს თბილისში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენი გზავნილია დღეს, რომ შეინარჩუნოთ ეს ტემპი; კვლავაც გააძლიეროთ თქვენი დემოკრატია; კვლავაც აშენოთ თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს საყრდენები, კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის და მედიის თავისუფლება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, – განაცხადა მან. – კერძოდ კი, შეინარჩუნეთ ეს ტემპი საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში. 2012 და 2013 წლის არჩევნები თქვენი დემოკრატიის ლაკმუსის ტესტი იქნება და ვიმედოვნებთ, რომ ყველა საჭირო რეფორმას ვიხილავთ“.

ეს საკითხი ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაშიც არის წამოწეული, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა დათანხმდა, რომ დემოკრატიული რეფორმების ეს სფეროები 2012 წლის წლიური ეროვნული პროგრამის პრიორიტეტები იქნება.

ნატო-საქართველოს კომისია წარმოადგენს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ზედამხედველობის მთავარ მექანიზმს, რაც მოიცავს იმ რეფორმების განხორციელებაზე თვალყურის მიდევნებასაც, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამით, რომელსაც ალიანსი ყოველწლიურად აფასებს.

„როდესაც მე ვამბობ, რომ საქართველო ნატოს დაუახლოვდა, მე იმ ფაქტს ვგულისხმობ, რომ ჩვენი წლიური შეფასება ნათლად ცხადყოფს, რომ საქართველომ მთელი რიგი ის რეფორმები გაატარა, რომლებიც ნატოში მომავალი წევრობისთვისაა საჭირო. ამრიგად, პროგრესი მიღწეულია, მაგრამ გარკვეული სამუშაო კვლავ რჩება და ესეც არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ წარმოგიდგენთ ვადებს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეიძლება ელოდოს საქართველო ნატოში გაწევრებას; ეს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შემდგომ პროგრესზე“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველო და ნატო უკვე „ახლო პარტნიორები“ არიან და იქვე დასძინა, რომ საქართველოს წვლილი ავღანეთის ოპერაციაში „შეუფასებელია“ –  საქართველო მეორეა ნატოს იმ არაწევრ სახელმწიფოებს შორის, რომელთაც ყველაზე მეტი სამხედრო ჰყავთ ავღანეთში.

„საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის და მე ვიცი, რომ ნატო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის; ჩვენ უკვე ახლოს ვართ და კიდევ უფრო დაახლოება გვინდა“, – განაცხადა მან.

თუმცა მან, ასევე, ნათლად განაცხადა, რომ არანაირი კავშირი არ არსებობს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობასა და ნატოს წევრობას შორის.

„საქართველოს წვლილი ჩვენს ოპერაციაში ავღანეთში, ასევე, ეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ნატოს შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობას... მაგრამ გარდა ამისა, მინდა, ასევე, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ოპერაციაში წვლილსა და ნატოს მომავალ წევრობას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს; ეს ერთი ფაქტორია, თუმცა ბევრი ელემენტი არსებობს, რომელთა შესრულებაცაა საჭირო გაწევრებამდე“, – განაცხადა რასმუსენმა.

ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩები „მიესალმნენ საქართველოს მზადყოფნას, შემდგომი წვლილი შეიტანოს ავღანეთის ოპერაციაში“. საქართველომ განაცხადა რამდენიმე თვის წინათ, რომ კიდევ უფრო გაზრდის თავის სამხედრო კონტინგენტს ავღანეთში მომავალ წელს დამატებით ერთი ბატალიონის გაგზავნით, რის შედეგადაც საქართველო გახდება ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში.

გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ოდესმე გახდება ნატოს წევრი, ძალაში რჩება და ვერცერთი მესამე მხარე ვერ შეძლებს, ვეტო დაადოს ნატოს გაფართოებას. მან, ასევე, განაცხადა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ჩვენ გვინდა რუსეთთან პოზიტიური ჩართულობა“, – განაცხადა რასმუსენმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატო ერთგულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  არაღიარების პოლიტიკის მიმართ.