საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის (GOGC) სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გეკა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირდება.
გელაძემ მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე გადავიდა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს“, - განაცხადა გელაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა: „ბატონი გეკა გელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი, გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“.