საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩემი გზავნილი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ მათ არ დააკნინონ ის, რასაც რუსეთი ცდის საქართველოში და ეს არის ჰიბრიდული ომი - ნარატივი, რომელიც აქამდე შეუძლებლად გვეჩვენებოდა, მოულოდნელად ხდება შესაძლებელი უზარმაზარი პროპაგანდის, სოციალური ქსელების, ხელოვნური ინტელექტის გამო, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.
„70 წლის განმავლობაში ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით. ვიცით, როგორ გავარჩიოთ პროპაგანდა რეალობისა და სიმართლისგან. თუმცა ძალიან გაკვირვებული ვარ იმ ფაქტით, რომ პროპაგანდას ჯერ კიდევ აქვს რაღაც გავლენა. არ მინდა ამ გავლენას ზედმეტი მნიშვნელობა მივანიჭო, მაგრამ ის სახეზეა. ყველაზე მეტად რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა და რაც პროპაგანდის ბოლო ფაზაა, ეს არის ისტორიული ნარატივის შეცვლა, როდესაც საქართველოში გვესმის, რომ გეორგიევსკის ტრაქტატით, რომლის მეშვეობითაც რუსეთის იმპერიამ მოახერხა საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მონარქიისა და ეკლესიის გაუქმება, რუსეთმა გადაგვარჩინა დანარჩენი სამყაროსგან. ის ფაქტი, რომ ადამიანების ნაწილი ამას იმეორებს, ისეთივე შემაშფოთებელია, როგორც იმის გაგება, რომ გერმანიაში შეიძლება იყვნენ ჯგუფები, მე მათ პარტიებს ვერ ვუწოდებ, რომლებიც ამბობენ, რომ ორი სახელმწიფო უკეთესია, ვიდრე ერთი.
ნარატივი, რომელიც აქამდე შეუძლებლად ჩანდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ასეთი პირდაპირი გამოცდილება ჰქონდათ, მოულოდნელად შესაძლებელი ხდება უზარმაზარი პროპაგანდის, სოციალური ქსელების, ხელოვნური ინტელექტის, ტელევიზიით დიდი რაოდენობით პროპაგანდის გავრცელების გამო, თავისუფალი ოპოზიციური მედიის სიმცირის ან ფაქტობრივი ნაკლებობის გამო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ეს ქალაქების მიღმა, იმ მოსახლეობაში, რომელიც ნაკლებად ღიაა გარე ინფორმაციისთვის. ჩემი გზავნილი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ მათ არ დააკნინონ ის, რასაც რუსეთი ცდის საქართველოში და ეს არის ჰიბრიდული ომი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.