საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ოთხივე მსჯავრდებულმა წერილობითი განცხადებით მოგვმართა. თითოეულმა მათგანმა აღიარა თავისი ბრალი, გულწრფელად მოინანია და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, - განაცხადა 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ.
პროკურორის თქმით, დაახლოებით ორ კვირაში ჩაინიშნება სასამართლო სხდომა, სადაც მსჯავრდებულებთან გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებებს დაამტკიცებენ.
„მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკვიამ და გური ჟვანიამ აღიარეს ბრალი, მოინანიეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები და მოგვმართეს განცხადებებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. ბრალდების მხარემ განიხილა და დააკმაყოფილა ისინი, ხოლო დღევანდელ სხდომაზე წარადგინა შესაბამისი შუამდგომლობა და ოქმები მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ. თითოეული დოკუმენტი ხელმოწერილია მსჯავრდებულების მიერ. აღნიშნული დოკუმენტები წარედგინა სასამართლოს და ჩვენ წარვადგინეთ ისინი სასამართლოში მათ მიმართ საქმეების ცალკე წარმოებად გამოსაყოფად. დაახლოებით ორ კვირაში ჩაინიშნება სასამართლო სხდომა, სადაც დამტკიცდება მსჯავრდებულებთან გაფორმებული შეთანხმებები“, - განაცხადა პროკურორმა.