საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ელჩები საქართველოს მუქარის ტონით არ უნდა ესაუბრონ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადების საპასუხოდ.
ბოლო დღეებში საქართველოში მოქმედმა ოთხმა გერმანულმა ფონდმა - კონრად ადენაუერის, ფრიდრიხ ნაუმანის, ჰაინრიხ ბიოლისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდებმა საქმიანობა შეაჩერეს. გერმანიის ელჩმა საქართველოში ბარბარა ფოსმა განაცხადა, რომ გერმანული ფონდების დახურვა „გავლენას მოახდენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე“.
„ყველა ელჩს, მოქმედი იქნება თუ ყოფილი, მოვუწოდებდი, რომ მუქარის ტონით ესაუბრონ იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, სადაც ეს ყველაფერი გასვლიათ. საქართველოში კი კეთილი ინებონ და დარჩნენ ვენის კონვენციის ჩარჩოებში, რომელიც პირდაპირ უკრძალავს ელჩს მუქარის ტონით საუბარს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა გორდულაძემ.
ამასთან, პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოურ ფონდებს შეუძლიათ გრანტების გაცემა, თუ საქართველოს მთავრობა ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
„არსებობს ამ ქვეყანაში კანონმდებლობა, რომელზე დამორჩილებაც ყველას ვალია და ასეთი კანონმდებლობა იცავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და შავი ფულის შემოტანის მცდელობებს აღკვეთს“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ფონდებს პოლიტიკური პროექტების ნაცვლად საგანმანათლებლო და აკადემიური პროგრამების განხორციელება შესთავაზა, თუმცა თუ ორგანიზაციები ამ პროცედურის გავლას არ თანხმდებიან, ეს მათი არჩევანია.