საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. ირანის წინააღმდეგ ექვსთვიანი ომი შეერთებულ შტატებს 38 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ყოველ მომდევნო თვეში კი ეს ხარჯები კიდევ დაახლოებით 3 მილიარდით გაიზრდება, – ამის შესახებ კონგრესის არაპარტიული ბუღალტერის ანგარიშშია ნათქვამი.
ამასთან, კონგრესის ბიუჯეტის ოფისის აღრიცხვის თანახმად, რომელიც პირველ აგვისტომდე ხარჯებს ითვლიდა, მოსალოდნელია, რომ თუ ომი გაგრძელდება, 2027 წლის პირველ სამ თვეში აშშ-ში ინფლაცია 0.5%-ით გაიზრდება.
როგორც „როიტერი“ წერს, მზარდმა ხარჯებმა აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგი დააზარალა და ენერგიის ფასები გაზარდა, რამაც მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.
ანგარიშის მიხედვით, ხარჯების უმეტესი ნაწილი საბრძოლო მასალის სწრაფი შემცირებით არის განპირობებული და მასში გამოთქმულია ვარაუდი, რომ აშშ-ის მარაგების შევსებას, შეიძლება, ხუთი წელი დასჭირდეს.
ამასთან, „როიტერი“ წერს, რომ ირანის წინააღმდეგ ომის მზარდი ღირებულება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ფისკალურ მდგომარეობას, ხოლო ქვეყნის მთლიანმა სახელმწიფო ვალმა აგვისტოში 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
1tv.ge