პუბლიკაციები
„მოსკოვში აღნიშნავენ ქართულ საზოგადოებაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ხელახლა გააზრების მცდელობების გაგრძელებას“ - რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო

 საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი.

კავკასიაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მორიგი წლისთავის შესახებ

   დღეს 18 წელი სრულდება სამხრეთ კავკასიაში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენებიდან. 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს, მ. სააკაშვილის რეჟიმმა, ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით, განახორციელა ვერაგული აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და რუს სამშვიდობოებს შორის. ქართული თავდასხმის არაფრით პროვოცირებული ხასიათი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, კერძოდ – ევროკავშირის ეგიდით შექმნილი, შვეიცარიელი დიპლომატის, ჰ. ტალიავინის ხელმძღვანელობით მოქმედი საქართველოში კონფლიქტის ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ანგარიშში.

მსოფლიო თანამეგობრობის უმოქმედობის ფონზე, რუსეთი იძულებული გახდა წინ გადადგომოდა აგრესორს და საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია ჩაეტარებინა. თბილისის მიერ „დაკარგული“ ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნების ნებისმიერი მცდელობის აღკვეთის მიზნით, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. შემდგომში მოსკოვი ყოველთვის უწევდა მასშტაბურ დახმარებას ორ რესპუბლიკას მათი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის საქმეში. ორმხრივი კავშირების განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა მიმდინარე წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა.

2008 წლის ოქტომბერში, საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების პოსტკონფლიქტური დარეგულირების მიზნით, ამოქმედდა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიები, დიდწილად რომელთა და მათი ეგიდით შექმნილი ურთიერთქმედების მექანიზმების წყალობითაც ხერხდებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში სამი სახელმწიფოს საზღვრებზე ფარდობითი სიმშვიდის შენარჩუნება. ადასტურებს რა უცვლელ ერთგულებას ამ სამოლაპარაკო ფორმატის ფარგლებში მუშაობის გაგრძელებისადმი, რუსული მხარე მოუწოდებს ყველა მონაწილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ პრიორიტეტული ამოცანის გადაჭრას – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ამასთან დაკავშირებით მოელის პრაქტიკული ძალისხმევის უსწრაფეს დაწყებას, რათა შემუშავდეს და ხელი მოეწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, ერთის მხრივ, თბილისსა და, მეორეს მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის. ასეთი იურიდიული ვალდებულებების აღება 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორების თავიდან აცილების საიმედო გარანტიაა. სასაზღვრო რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციაში რეალური წვლილი უნდა გახდეს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება მათი შემდგომი დემარკაციით.

ეს ამოცანები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დასავლელების, კიევის ნაცისტური რეჟიმისა და ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების მცდელობების ფონზე, ჩაითრიონ თბილისი ახალ სისხლიან ავანტიურებში სამხრეთ კავკასიაში.

მოსკოვში აღნიშნავენ ქართულ საზოგადოებაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ხელახლა გააზრების მიმდინარე მცდელობებს. ამასთან, დასაბუთებულია შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებაზე მ. სააკაშვილის რეჟიმის სრული პასუხისმგებლობის აღიარება. ფიქსირდება საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ, რომლებიც იძლევა იმედს იმისა, რომ მიდგომების აღნიშნული ტრანსფორმაცია არ დარჩება დეკლარაციების დონეზე, არამედ გამყარებული იქნება კონკრეტული პრაქტიკული საქმეებით აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დასარეგულირებლად.

რუსული მხარე მზადაა შემდგომშიც ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინოს მხარეებს სამოლაპარაკო პროცესის წინსვლაში, ნდობის განმტკიცებასა და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებაში.