საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ორპარტიული ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელობა პასუხობს ცნობებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა როჯერ უიკერმა, თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა, სენატორმა შელდონ უაითჰაუსმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა „სანდო მტკიცებულებებზე საპასუხოდ განცხადება გაავრცელეს, რაც ეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებას“.
„ბოლოდროინდელი ცნობები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ძალიან შემაშფოთებელია. ამ ქიმიურმა თავდასხმებმა ადამიანები დამწვრობებამდე და ჯანმრთელობის გრძელვადიან პრობლემებამდე მიიყვანა და წარმოადგენს ადამიანის უფლებების ვალდებულებების დარღვევას, რომელთა დაცვაც, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რომ უზრუნველყოს. ასეთი ქცევა „ქართულ ოცნებას“ რუსეთისა და ჩინეთის კორუმპირებულ მმართველებთან ერთ რიგში აყენებს, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და ხელისუფლების შესანარჩუნებლად არაფრის წინაშე არ გაჩერდებიან. მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და შესაბამისი სანქციები დააწესონ პასუხისმგებელი პირების მიმართ. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს კონგრესში, მიიღონ „მეგობარი აქტი“, ორპარტიული კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს მისცემს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან“, – ნათქვამია განცხადებაში.