საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეუთო-სთან თანამშრომლობა, რასაც ვუფრთხილდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც ეუთო-ს ეგიდით ჩამოვა საქართველოში, დაგეგმილია შეხვედრა.
„შეხვედრა დაგეგმილია ხვალისთვის. ჩვენ ყველა თემაზე გვექნება საუბარი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის ეუთო-ს ეგიდით და თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეუთო-სთან თანამშრომლობა, რასაც ვუფრთხილდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ეუთო/ოდირ-მა გამოაქვეყნა დადებითი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და ამის გამო ეუთო-ს თავს დაესხა არა მარტო შიდა რადიკალური ოპოზიცია, არამედ თავს დაესხნენ მათი უცხოელი მფარველები. ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ გზავნილს ეუთო-სთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ, კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეს თანამშრომლობა, ამ კუთხით იქნება სრული ღიაობა ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.