უცხოეთი
დონალდ ტრამპმა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანზე ისაუბრა - 22 წელია, ის აზერბაიჯანის მეთაურია, მეორე ბიჭი კი, რომელიც ასევე დიდებული ბიჭია, შვიდი წლის განმავლობაშია ლიდერი

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხედრო ლიდერებთან შეხვედრაზე თანამდებობაზე ყოფნის დროს მოგვარებული შვიდი მსოფლიო კონფლიქტის განხილვისას განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ერთ-ერთი „ყველაზე მარტივად დასასრულებელი ომი“ იყო.

„მათგან ყველაზე მარტივი, რომელზეც ვთქვი, რომ ამას მივხედავდი და მეგონა, რომ ეს ერთ-ერთი პირველი იქნებოდა. ის 36 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მითხრეს, რომ მისი გადაჭრა შეუძლებელი იქნებოდა და ამას ვერ გავაკეთებდი. მე კი ვთქვი, რომ მას დავასრულებდი და ტელეფონი ავიღე. ორივე ქვეყანა დიდებული იყო. როგორც კი მათთან საუბარი დავიწყე, მივხვდი, რომ ამ ომს მოვაგვარებდით და მოვაგვარეთ კიდეც. ახლა ისინი ბედნიერები არიან. ახლა ისინი მეგობრობენ. ისინი ოვალურ კაბინეტში, ერთ ოთახში გადამწყვეტ მაგიდასთან დასხდნენ. ეს იყო ყველაზე შორი მანძილი, რაც კი ჩემ თვალწინ ორ ადამიანს შორის მინახავს. ისინი სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. საათის ბოლოს კი ყველაფერი მოვაგვარეთ, ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ. მე კი ვუთხარი, ძალიან კარგია, მეგობრებად დარჩებითმეთქი. მათ ვესაუბრე და მეორე დღეს ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, ახლა ის ჩემი მეგობარიაო. 22 წლის განმავლობაში ის აზერბაიჯანის მეთაურია, მეორე ბიჭი კი, რომელიც ასევე დიდებული ბიჭია, შვიდი წლის განმავლობაშია ლიდერი. ეს ომი ყველამ იცით. ეს იყო ომი, რომლის მოგვარებაც შეუძლებელი იყო“, – განაცხადა ტრამპმა.

1tv.ge