ღრმად პატივცემულო ბიძინა გრიგორის ძევ!
ჩვენი მშობლები გვზრდიდნენ ინტერნაციონალიზმისა და მსოფლიოს ყველა ხალხისადმი პატივისცემის სულისკვეთებით, მიუხედავად რასობრივი განსხვავებებისა და რელიგიური აღმსარებლობის, თუმცა განსაკუთრებულ სიახლოვეს, ბუნებრივია, ვგრძნობთ ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლების, კერძოდ, მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ. ჩვენ გვახსოვს დიდი მეგობრობა ჰეიდარ ალიევსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის, როგორ გათიშა ბაქოში ელექტროენერგია ალიევმა, რათა მიეწოდებინა საქართველოსთვის, რომელიც გაზსადენის აფეთქების შედეგად სიბნელეში დარჩა, ხოლო შევარდნაძემ, ქვეყანაში და ქვეყნის გარედან პროტესტების მიუხედავად, თანხმობა მისცა ნავთობსადენის „ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი“ მშენებლობაზე საქართველოს გავლით.
ამიტომ დღეს ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის არ უნდა იყოს იოტისოდენა გაუგებრობაც კი, მით უმეტეს – უთანხმოება, ხოლო როცა ჩნდება კითხვები, მათზე უმჯობესია უპასუხო მყისვე და გულწრფელად, ვიდრე დამალო და სამომავლოდ მოიტოვო პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო.
მაგალითად, საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ: რატომ არ იხსნება უკვე 5 წელია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვარი, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია თაღლითებისთვის აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმოეტანათ 59 მილიარდი რუბლი 624 მილიონ დოლარად და 35 მილიონ ევროდ კონვერტირებისა და ლეგალიზაციის მიზნით, ხოლო წინა შაბათს ამ საზღვრის გავლით საქართველოში 200 კგ ჰეროინი შემოვიდა? როცა საზღვარი სომხეთსა და აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის იხსნება, საზღვარი საქართველოსა და მოძმე აზერბაიჯანს შორის რატომ რჩება ჩაკეტილი?
ან უფრო მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ძალიან აღელვებს ქართველებს: რატომ არ დასრულდა დღემდე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია–დელიმიტაცია? ან ეგებ დასრულდა, მაგრამ ამის შესახებ ქართველ ხალხს არავინ შეატყობინა? თბილისში მიმდინარეობდა ადგილობრივი კარტოგრაფების სასამართლო პროცესები, რომლებმაც, პრეზიდენტი სააკაშვილის ბრძანებით, აზერბაიჯანს გადასცეს გარეჯის ქედის მონაკვეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთავარ რელიგიურ ცენტრთან, VI საუკუნის დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსთან ერთად. ჩვენთვის უცნობია – რით დასრულდა „კარტოგრაფების საქმე“ და ვინ მიიღო აზერბაიჯანში სააკაშვილისგან ეს „გულუხვი საჩუქარი“? რამდენად მიჰყიდა სააკაშვილმა ქართული მიწის ეს მონაკვეთი აზერბაიჯანს ქართულ სიწმინდესთან ერთად, ისევე, როგორც მანამდე მიჰყიდა კოდორის ხეობა აფხაზებს?
რატომ დატოვა საქართველო ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელმაც აღმოაჩინა, შეიძინა და საქართველოში ჩამოიტანა ისტორიული რუკა, რომელზეც აღნიშნული ტერიტორია საქართველოს ფარგლებშია? თუკი რუკა, რომლის მიხედვითაც ყარაბაღი აზერბაიჯანია, გახდა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველი, რატომ უგულებელჰყვეს იგივე რუკა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთი, 14 საუკუნოვანი დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსით, საქართველოა? განა აზერბაიჯანს მოძმე საქართველოსთან საზღვარზე სტრატეგიული სიმაღლეები სჭირდება, რომ ამის გამო ქართული სიწმინდე დაიტოვოს?
ღრმად პატივცემულო ბიძინა გრიგორის ძევ!
დღეს გწერთ ღია წერილს სხვა, არანაკლებ შემაშფოთებელი მიზეზით. გასულ ოთხშაბათს, 24 სექტემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოფიციალურ Facebook-გვერდზე, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედისა და პირველი ვიცე-პრეზიდენტის, მეჰრიბან ალიევას ოფიციალურ Facebook-გვერდზე ერთდროულად განთავსდა ფოტოები, რომლებზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტი და პირველი ლედი გამოსახულნი არიან ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონთან ერთად.
რადგან ფოტოები იყო ორი, სხვადასხვა რაკურსით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ეს გახლდათ აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ერთადერთი ფოტოები ოფიციალური მიღებიდან, რომელიც გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სახელით გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიის აღსანიშნავად (სოცქსელში სხვა ფოტოები ან კოლექტიურია, ან ასახავდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ შეხვედრებს,), იქმნება შთაბეჭდილება, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი და პირველი ლედი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სწორედ ამ ამერიკელ კონგრესმენთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
არ ვიცი, ვინ არის აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოფიციალური Facebook-გვერდების ადმინისტრატორი, მაგრამ გამორიცხულია, რომ საპრეზიდენტო ადმინისტრაციის თანამშრომელმა ეს ფოტოები საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩია და განათავსა. ასევე გამორიცხავ, რომ მას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, არ სცოდნოდა, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არის საქართველოს, მისი ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის დაუძინებელი მტერი, სენატში შეტანილი ანტიქართული კანონპროექტების – „MEGOBARI Act“-ისა და „ქართული კოშმარის არცნობის აქტის“ ავტორი, რომლის მიხედვითაც ამერიკაში „ვერცერთი ფედერალური მოხელე ან თანამშრომელი ვერ განახორციელებს რაიმე მოქმედებას და არცერთი ფედერალური სახსარი ვერ გამოიყოფა იმ მიზნით, რომ აშშ-ის მთავრობამ ცნოს ან რაიმე ფორმით იგულისხმოს, რომ ცნობს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მოქმედებს“.
გამორიცხულია ბაქოში არ სცოდნოდათ, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არის (ციტატა) „ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირების“, ასევე საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერის, დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ინიციატორი.
„ქართული“ რადიკალური ოპოზიციის ლობისტმა ჯო უილსონმა ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდებული სააკაშვილისგან ათასობით დოლარი მიიღო ლობისტური ფირმა „Nelson Mullins“-ს მეშვეობით, რომელიც, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს უცხოეთის აგენტების რეესტრის მიხედვით, სააკაშვილის პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიქირავა 360 ათას დოლარად.
ჯო უილსონი რეგულარულად იწვევს რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს და თვითონ სააკაშვილის შვილსაც კი ვაშინგტონში, რათა მიაწოდოს ინსტრუქციები საქართველოს კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისთვის, რომელსაც, მისი თქმით, წარმოადგენს „დიქტატორული პროირანული რეჟიმი“, ხოლო მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი – „სამხედრო დამნაშავე პუტინის კორუმპირებული მარიონეტი“.
საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა ანალოგიურ შემთხვევაში ოფიციალური ბაქო, თუ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველ ლედისთან ერთად, ან თავად ბიძინა ივანიშვილი გადაიღებდა ფოტოებს აზერბაიჯანის მტერთან, რომელიც შეურაცხყოფდა მის ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტ ალიევს, და შემდეგ ამ ფოტოებს სოციალურ ქსელში საქვეყნოდ გამოფენდა?
გარდა ამისა, ჯო უილსონს არაერთხელ განუცხადებია, რომ „სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი“. ნუთუ ამის შესახებ არ მოახსენეს პრეზიდენტ ალიევს შეერთებულ შტატებში ვიზიტამდე?! სწორედ უილსონმა გაუგზავნა ზურაბიშვილს მოწვევა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, სადაც გააცნო დონალდ ტრამპი-უმცროსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პენტაგონის შეფი და აშშ-ის სხვა ოფიციალური პირები.
ჯო უილსონის აზრით, საქართველოს შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები იყო „მაქინაცია“, იგი მოუწოდებს რადიკალურ ოპოზიციას, აიძულოს ხელისუფლება, ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები. საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მუდმივ კონტაქტში მუშაობს, ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი „ქართულ კოშმარად“ მოიხსენიებს და თვლის, რომ იგი „საქართველოში დე ფაქტო ატარებს ჩინურ, ჩრდილოეთ კორეულ, ირანულ და რუსულ ინტერესებს“. ნუთუ ეს უხერხულობას არ წარმოადგენს ჩვენი აზერბაიჯანელი სტრატეგიული პარტნიორებისათვის?!
ღრმად პატივცემულო ბიძინა გრიგორის ძევ!
ზემოხსენებული ფოტოები, რომლებიც ყველაზე პოპულარულ სოცქსელში განთავსებულია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 10 დღით ადრე, როდესაც უცხოელი აგენტები – რადიკალური ოპოზიცია? არჩევნების ბოიკოტის კვალდაკვალ, გეგმავენ სახელმწიფო გადატრიალებას, შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონისადმი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სოლიდარობა, რომელიც ვითომდა მხარს უჭერს საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და ოპოზიციის მიერ დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალებას 4 ოქტომბერს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით.
განა ეს ამშვენებს ისტორიულ მეგობრობასა და ძმობას ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების შორის? განა ეს შეესაბამება საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას? ვინ არის დაინტერესებული ქართულ–აზერბაიჯანულ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში განხეთქილების შეტანით? ეგებ ჯო უილსონი, რომელმაც საქართველო რუსეთთან ომში ვერ ჩააბა, ახლა ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლს თესავს? ნუთუ ამერიკელმა კონგრესმენებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს „MEGOBARI Act“-სა და „ქართული კოშმარის არცნობის აქტს“, გადაწყვიტეს განხეთქილება ჩამოაგდონ თბილისსა და ბაქოს შორის?!
მინდა მჯეროდეს, რომ ეს იყო სამწუხარო გაუგებრობა და ქართველთა შიშებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებებით გაფანტავს, რის შემდეგაც აღნიშნული ფოტოები არქივში გადავა.
ღრმა პატივისცემით,
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობისა და კულტურული კავშირების ასოციაციის წევრი
2025 წლის 29 სექტემბერი
საქართველო, თბილისი
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |