საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. რას გვეუბნება პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკული რადიკალური ჯგუფის „ანტიფა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება და მისი დაფინანსების სქემებზე გამოძიების დაწყება? - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ცხადი ხდება, რომ წინა ადმინისტრაციების ნასაზრდოებ რადიკალიზმის იდეოლოგიას ამერიკაში სათავეს უკეტავენ. მისი თქმით, ამ იდეოლოგიის საცეცების დასასრული სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, დგება.

„ცხადი ხდება, რომ წინა ადმინისტრაციების ნასაზრდოებ რადიკალიზმის იდეოლოგიას ამერიკაში სათავეს უკეტავენ და ამ იდეოლოგიის საცეცების დასასრული სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, დგება... რადიკალიზმის ხელშეწყობა უნდა შეწყდეს. დემოკრატიის გადარჩენა არა რადიკალიზმის დათმენაში, არამედ მის აღკვეთაშია, რადგან დღევანდელი რადიკალიზმი ხვალ ტერორიზმად მოგვევლინება.

ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ის ადმინისტრაციას და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე... რადიკალიზმის ქართან მოთამაშეები, ადრე თუ გვიან, ტერორიზმის ქარიშხალს იმკიან“, - წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ულტრამემარცხენე ანტიფაშისტურ მოძრაობას „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს. „მოხარული ვარ, ვაცნობო ჩვენს მრავალრიცხოვან აშშ-ის პატრიოტებს... „ანტიფას“ მსხვილ ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებ... ასევე, გავცემ მკაცრ რეკომენდაციას, რომ „ანტიფას“ დამფინანსებლები საფუძვლიანად გამოიძიონ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად“, - წერს ტრამპი.