სამართალი
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით გიორგი კანდელაკი და ბორია გოგიჩაიშვილი დააკავეს

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის არიან ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი.

უწყება დაკავებულთა ვინაობას არ ასაჯაროებს, თუმცა ცნობილია, რომ მათ შორის გორის სხვა ბიზნესმენებიც არიან. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლში, წლების განმავლობაში, ჰქონდათ არალეგალურად მოქმედი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა ქართული და უცხოური ბრენდული სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია. ამოღებულია ასევე 318 000 კოლოფი სიგარეტი „KARELIA“ და შესაბამისი ტექნიკური დანადგარები. ამოღებული პროდუქციის ღირებულება შესაძლოა ათეულობით მილიონი იყოს, — აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 და 200-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.