საზოგადოება
ევროკავშირის პრესსპიკერი: მხარს ვუჭერთ ელენე ხოშტარიას და ყველა პოლიტპატიმარს, ჟურნალისტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს, მოვუწოდებთ მათი გათავისუფლებისკენ

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოში.

«ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს... ჩვენ სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ მათ მიმართ და დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ» – აღნიშნა ანიტა ჰიპერმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი აგრძელებს იმ შესაძლო გზებისა და ვარიანტების შესწავლას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხი განხორციელდება. ეს მოიცავს სანქციებიდან დაწყებულს, უვიზო რეჟიმის შეჩერებით დამთავრებულს და სხვა ვარიანტებს. ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები, შეწყვიტა ფინანსური დახმარება საქართველოს ხელისუფლებისთვის და გაზარდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.