პოლიტიკა
ფილიპ ლეფორტი – ევროკავშირის ახალი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ჟენევის მოლაპარაკებებზე

european-unionთბილისი, 27 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, ეკონომიკისა და პრესის სექციის პრესისა და ინფორმაციის ოფიცერმა აცნობა, საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ფილიპ ლეფორტი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა სამხრეთ კავკასიაში და კრიზისების საკითხებში.

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ლეფორტმა პიტერ სემნები შეცვალა, რომლის მანდატიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.

საქართველოში კრიზისების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის რანგში (ეს მანდატი ევროკავშირმა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის შემდეგ აამოქმედა) ლეფორტი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე იქნება ეუთოდან და გაეროდან კიდევ ორ თანათავმჯდომარესთან ერთად. ამ რანგში ფრანგმა დიპლომატმა პიერ მორელი შეცვალა, რომლის მანდატიც 31 აგვისტოს იწურება.

ფილიპ ლეფორტი, რომელსაც დიპლომატიურ სამსახურში 20-წლიანი გამოცდილება აქვს, 2004-2007 წლებში საფრანგეთის ელჩი იყო საქართველოში, ხოლო 2007-2010 წლებში რუსეთში საფრანგეთის ელჩის მოადგილედ მსახურობდა. 2010 წლიდან იგი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის გენერალურ დირექტორატს ხელმძღვანელობდა.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ ლეფორტის მანდატი მოიცავს კონტაქტების განვითარებას რეგიონის მთავრობებთან, პარლამენტებთან, სხვა ძირითად პოლიტიკურ სტრუქტურებთან, სასამართლო სისტემასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან; ასევე, რეგიონის ქვეყნების ხელშეწყობას, რომ ითანამშრომლონ საერთო ინტერესის მქონე რეგიონულ საკითხებზე, როგორიცაა უსაფრთხოების საერთო საფრთხეები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, უკანონო ვაჭრობა და ორგანიზებული დანაშაული; ასევე, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად.