პოლიტიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველომ შესანიშნავი მდგრადობა გამოავლინა გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე ძლიერი ზრდით

 საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაასრულა საქართველოსთან 2025 წლის მეოთხე მუხლის კონსულტაციები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნით, საქართველომ შესანიშნავი მდგრადობა გამოავლინა გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე ძლიერი ზრდით, მიზნობრივ დონესთან ახლოს არსებული ინფლაციით და ვალის ზომიერი დონით.

ორგანიზაციის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ზრდის ტემპი შენელდება პოტენციურ ნიშნულამდე, რადგან შიდა მოთხოვნა ნელდება, ხოლო ინფლაცია და სახელმწიფო ვალი სტაბილური დარჩება გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გაგრძელების პირობებში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, ძლიერი, ინკლუზიური და სამუშაო ადგილების შექნის შესაძლებლობის მქონე ზრდის შენარჩუნება მოითხოვს რეზერვების ბუფერების დამატებით შექმნას, ცენტრალური ბანკისა და სახელმწიფო საწარმოების მმართველობის გაძლიერებას, ასევე სტრუქტურული რეფორმების წინ წაწევას სამუშაო ბაზრის შედეგების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების მიზნით.

მსოფლიოს სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მმართველობის მრავალი ინდიკატორით აღემატება სხვა ზოგიერთი ქვეყნების მაჩვენებლს, ბოლოდროინდელი უკუსვლა ხაზს უსვამს სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერების, ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერების და ქონებრივი დეკლარაციის რეფორმების ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავარ პრიორიტეტებად ასახელებს მაღალი სტრუქტურული უმუშევრობის, სასოფლო-სამეურნეო დაბალი პროდუქტიულობისა და კვალიფიკაციის დეფიციტის აღმოფხვრას პროფესიული მომზადების, მასწავლებელთა ხარისხის გაუმჯობესების და სოფლის მეურნეობის მიზნობრივი მხარდაჭერის გზით.

გამოწვევებს შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასახელებს მაღალ სტრუქტურულ უმუშევრობას, შემოსავლების კუთხით უთანასწორობას, გარე მიგრაციას და არაფორმალურ დასაქმებას.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით გაზრდილი პოლიტიკურმა გაურკვევლობამ და პოტენციურმა სანქციებმა შესაძლოა, შეამციროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურიზმი და ზეწოლა მოახდინოს ლარზე. ამასთან, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსური და ფისკალური რეზერვები დაეხმარება შოკების შემსუბუქებას.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს ფართოდ ნეიტრალური პოლიტიკური მიდგომა და ამავე დროს, დარჩეს მოქნილი და მონაცემებზე ორიენტირებული.