პუბლიკაციები
სომხეთის საგარეო უწყება: სომხეთი იყო და რჩება დაინტერესებული რეგიონული ურთიერთკავშირების გაფართოებით და ეკონომიკური განვითარებით

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის პრეზიდენტის მიერ ე.წ. ზანგეზურის დერეფნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც სომხეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, „სომხეთი იყო და რჩება დაინტერესებული რეგიონული ურთიერთკავშირების გაფართოებით და ეკონომიკური განვითარებით. სწორედ ამ გაგებით სომხეთის რესპუბლიკამ წამოიწყო ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“ და წარადგინა შესაბამისი ცალკეული იდეები, გადაწყვეტილებები და კონსტრუქციული წინადადებები“.

ჩვენი მოსაზრებით, მათ შეუძლიათ, უზრუნველყონ ორმხრივად სასარგებლო შედეგები როგორც რეგიონის ქვეყნებისთვის, ისე პარტნიორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კომუნიკაციების უფრო ფართო გეოგრაფიული ქსელის განვითარებით. როგორც ადრე, ისე ახლაც სომხეთის რესპუბლიკის ხედვა რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესახებ დაფუძნებულია სუვერენიტეტის, კომუნიკაციებზე ეროვნული იურისდიქციის ფუძემდებლურ პრინციპებზე და, როგორც ცნობილია, არ გულისხმობს სხვა ლოგიკას. მსჯელობა დაინტერესებულ პარტნიორებთან გრძელდება“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „სომხეთი, რომელიც თავდაპირევლად ზანგეზურის დერეფნის წინააღმდეგ გამოდიოდა, ახლა უფრო მოქნილ მიდგომას მისდევს ეკონომიკურ ინტეგრაციაში მონაწილეობის თვალსაზრისით“.