საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანი ბადალიანმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც სომხეთში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას ეხება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის რესპუბლიკა ხელახლა ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას.
„სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია ვერ იქნება გამოყენებული მესამე ქვეყნების მიერ მეზობელი სახელმწიფოებიდან ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად“, – წერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი.
მანამდე უკრაინულმა მედიამ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი აძლიერებს სამხედრო წარმომადგენლობას სომხეთში და აჩქარებს თავისი სამხედრო ბაზის დაკომპლექტებას გიუმრიში.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ეს ხდება აზერბაიჯანთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე.
სომხეთი ამ ინფორმაციას „გამოგონილ ამბებს“ უწოდებს და ხაზს უსვამს ქვეყნის ნეიტრალურ დამოკიდებულებას რეგიონული კონფლიქტებისადმი.