სამართალი
თბილისის აეროპორტში 12 კგ მარიხუანას და 2 კგ ჰაშიშის შემოტანის მცდელობისთვის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს (ვიდეო იხ. აქ). შსს-ს ინფორმაციით, 2006 წელს დაბადებულ ბ.ქ.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და 2.068 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

BBC-ს ინფორმაციით, დაკავებულია 18 წლის ბელა ქალი, რომელიც მანამდე ტაილანდში დაკარგულად ითვლებოდა. ის საქართველოში 10 მაისს ჩამოვიდა და მას შემდეგ დროებით პატიმრობაში იმყოფება.

სასამართლოში პირველი გამოცხადებისას ბელა ქალიმ უარი თქვა საუბარზე. სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა ადვოკატმა ია თოდუამ განაცხადა, რომ როდესაც მას ჩვენების მიცემა სთხოვეს, მან დუმილი არჩია. თოდუას თქმით, დაკავებულს ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით სხვა ადვოკატებიც დაუკავშირდნენ, ხოლო ბრიტანეთის საკონსულო სამსახური შეხვედრას გეგმავს.