პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: არსებობს მყარი პოზიცია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდეს

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. არსებობს ძალიან მყარი პოზიცია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში, რომ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა არა თუ გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს და ხარისხობრივად და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა როგორც აშშ-თვის, ასევე საქართველოსთვის ხელსაყრელი იქნება.

არსებობს ძალიან მყარი პოზიცია ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში, რომ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა არა თუ გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს და ხარისხობრივად და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, რაც პრაქტიკულად ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი იქნება“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორს ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში, ენდრიუ პიკს შეხვდა, განაცხადა, რომ შეხვედრა განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი, მრავლისმტყველი იყო.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გააჩნია და რომელიც სრულადაა თანხვედრაში პრეზიდენტ ტრამპის ხედვებთან და ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ძალიან მჭიდრო თანხვედრა პოზიციებზე, თანამშრომლობის პერსპექტივები არის ძალიან ბევრი. ჩვენ ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე, რომელიც ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ორ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებსა და სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.