პუბლიკაციები
გიორგი არქანია: გთავაზობთ ვრცელ, თუმცა (ვფიქრობ) საინტერესო პოსტს ერთი ნაკლებად ცნობილი საკითხის შესახებ საქართველოს უახლესი ისტორიიდან

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. 1991 წლის 6 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები ცხინვალში შევიდნენ რეგიონში მართლწესრიგის აღდგენის მიზნით. ამ მოვლენას წინ უძღოდა სეპარატისტული ძალების მიერ „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის გამოცხადება (1990 წლის 20 სექტემბერს) და ადგილობრივი თვითგამოცხადებული საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (იმავე წლის 9 დეკემბერს). ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების, შემდგომ კი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მრავალგზის მოწოდებისა და აღნიშნული დადგენილებების გაუქმების მიუხედავად, სეპარატისტულმა ძალებმა გააგრძელეს საქართველოდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის გამოყოფის პროცესი, რასაც მოჰყვა უზენაესი საბჭოს მიერ ავტონომიური ოლქის გაუქმება (1990 წლის 11 დეკემბერს). მომდევნო დღეს ცხინვალში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები მოკლეს. უზენაესმა საბჭომ რეგიონში საგანგებო მდგომარეობის გამოაცხადა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები შეიყვანა. აღნიშნულ ძალებს სეპარატისტები სამხედრო მეთოდებით დაუპირისპირდნენ.

რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული შეტაკებების პარალელურად, საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით, დიპლომატიური და საპარლამენტთაშორისო დიალოგის გამოყენებით მოგვარებას. სწორედ ამ პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდის – სამმხრივი საპარლამენტთაშორისო კომისიის მუშაობას შევეხებით, რაც ფართო სამეცნიერო განხილვის საგანი ჯერ კიდევ არ გამხდარა.

სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს დავალებით 1991 წლის 8-დან 10 აპრილის ჩათვლით სსრ კავშირის სახალხო დეპუტატების ჯგუფი (ალექსანდრა ბალენკო, ვლადიმირ ბელიაევი, კონსტანტინ ლუბენჩენკო) თბილისში საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებს აწარმოებდა ცხინვალის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით. პირველივე დღეს ისინი შეხვდნენ ზვიად გამსახურდიასა და უზენაესი საბჭოს დეპუტატებს. დეპუტატების მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ: „განხილვის მსვლელობისას დაიხაზა კონფლიქტის შესაძლო პოლიტიკური დარეგულირების სქემა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქალაქ ცხინვალის რაიონში და მის მოსაზღვრე რაიონებში წამოიშვა“, რითიც ფაქტობრივად აღიარებულია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, ტექსტში არ იყო ნახსენები ავტონომიური ოლქი. ამ შეხვედრაზე შეათანხმეს პოზიცია იმის შესახებ, რომ აუცილებლად უნდა შემუშავებულიყო დოკუმენტი იმ განზრახულობათა შესახებ, რომელშიც დაისახებოდა კონფლიქტის პოლიტიკურად დარეგულირების ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი.

დეპუტატთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ აუცილებელი იყო ამ მიზნის მისაღწევად შექმნილიყო საპარლამენტთაშორისო სადეპუტატო კომისია პარიტეტულ საწყისებზე, რომელიც დაკომპლექტდებოდა სსრ კავშირის, საქართველოს რესპუბლიკისა და და რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოების წევრებით.

1991 წლის 24 აპრილს სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭომ მიიღო დადგენილება „სამხრეთ ოსეთსა და მის გარშემო შექმნილი მდგომარეობის ნორმალიზაციის წინადადებათა შესახებ“, რომლის საფუძველზეც მხარი დაუჭირა საპარლამენტთაშორისო კომისიის შექმნას სსრ კავშირის, საქართველოს რესპუბლიკისა და რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოების დეპუტატთა შემადგენლობით. ამ კომისიას რეგიონში სიტუაციის დარეგულირების ზომების შემუშავება და მათ რეალიზებაზე დაკვირვება დაევალა.

ამ კომისიის წევრები საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან იყვნენ უზენაესი საბჭოს დეპუტატები: გელა ჩორგოლაშვილი („მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“) და ნოდარ ნათაძე („სახალხო ფრონტი“). ზვიად გამსახურდიას დავალებით, საქართველოს რესპუბლიკის პოზიციას ძირითადად გამოხატავდა დეპუტატი გელა ჩორგოლაშვილი. სწორედ ამ უკანასკნელის წყალობით აღნიშნული კომისიის უნიკალური დოკუმენტები დღემდე შემონახულია.

კომისიის ქართველ დეპუტატებს ორი უმთავრესი მიზანი ჰქონდათ: პირველი – სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების აღიარება სსრ კავშირის უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოების მიერ და მეორე – კონფლიქტის "პოლიტიკური" კვალიფიკაცია, ნაცვლად „ეთნიკური“/“ერთაშორისი“-სა, რის დამკვიდრებასაც სეპარატისტული ძალები და სსრ კავშირის ხელმძღვანელობის ძირითადი ნაწილი ცდილობდა.

31 მაისს სამმხრივმა საპარლამენტთაშორისო კომისიამ მიიღო ოქმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს.

ოქმის ტექსტში ვკითხულობთ: „სსრკ-ის, რუსეთის სფსრ-ისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების საპარლამენტთაშორისო კომისია კონფლიქტის რეგიონის მოსახლეობის წარმომადგენელთა მონაწილეობით, გამოდის რა სსრკ-ის, რუსეთის სფსრ-ისა და საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციების მდგომარეობით, რომლებიც სცნობენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, და საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რომლებიც აღიარებენ სუვერენული რესპუბლიკის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს, საქმეების მდგომარეობის ადგილზე გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ არსებული კონფლიქტი აფერხებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ნორმალურ პროცესს მისი მოქალაქეების მიერ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე გამოხატული ნების თანახმად, იგი დაკავშირებულია გარკვეული ძალების მცდელობასთან – დაარღვიონ რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა და გააჩნია პოლიტიკური საფუძველი“. ოქმში სამმხრივმა კომისიამ გაწერა კონკრეტული გეგმა რეგიონში ვითარების ნორმალიზების მიზნით.

აღნიშნული ტექსტის მიხედვით: პირველი – სამმხრივმა კომისიამ აღიარა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სამართლიანობა; მეორე – აღიარა, რომ ცხინვალის რეგიონის კონფლიქტი აფერხებს ამ პროცესს და ეს გარკვეული ძალების მიერ მიზანმიმართულად წარმოებულ პოლიტიკას წარმოადგენდა; მესამე – აღიარა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების ფაქტი და საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა. დოკუმენტში ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები არა მხარედ, არამედ „კონფლიქტის რეგიონის მოსახლეობის წარმომადგენლებად“ არიან მოხსენიებულნი; მეხუთე – განაცხადა, რომ კონფლიქტი იყო პოლიტიკური ხასიათის.

4 ივნისს საპარლამენტთაშორისო კომისიამ სხდომა ცხინვალში გამართა და ზემოთ განხილული ოქმის პრინციპები კვლავ დაადასტურა. შეხვედრას რეგიონის ეთნიკურად ოსი მოსახლეობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ცხადი იყო, რომ პროცესი საქართველოს რესპუბლიკის სასარგებლოდ წარიმართა, ამიტომაც სსრ კავშირის ცენტრში სეპარატისტთა მხარდამჭერები გააქტიურდნენ. 4 ივნისს ცხინვალში ასევე ჩავიდნენ სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს სადეპუტატო ჯგუფ „სოიუზის“ პრეზიდიუმის წევრები: ვიქტორ ალკსნისი, ევგენი კოგანი და ანატოლი ჩეხოევი, რომლებიც იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისთვის. 10 ივნისს მათ მიმართეს პრეზიდენტ მიხაილ გორბაჩოვსა და სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ანატოლი ლუკიანოვს. მიმართვაში საქართველოს ხელისუფლება დადანაშაულებული იყო ოსების გენოციდში. ტექსტში შემდეგიც კი ეწერა: „არის ჩვენ მიერ გადაუმოწმებელი ცნობები დუშეთის რაიონში საკონცენტრაციო ბანაკის არსებობის შესახებ“. დეპუტატები სსრ კავშირის პრეზიდენტსა და უზენაეს საბჭოს მოუწოდებდნენ ოსების „გენოციდის“ შეჩერებისკენ და რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისკენ. მიმართვაში ეწერა, რომ საპარლამენტთაშორისო კომისიის ჩამოსვლის შემდეგ რეგიონში სიტუაცია უფრო დაიძაბა, რადგან ეს კომისია ფაქტობრივად დათანხმდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ ავტონომიური ოლქის გაუქმებას. ეს მიმართვა გახლავთ მხოლოდ ერთი მაგალითი იმ დეზინფორმაციული კამპანიისა, რომელსაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლების გარკვეული ძალები და სეპარატისტთა მხარდამჭერები საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ აწარმოებდნენ.

12 ივნისს ზვიად გამსახუდია გამოეხმაურა საპარლამენტთაშორისო კომისიის მოწოდებას და საქართველოს მოსახლეობას მიმართა. მიმართვაში აღნიშნული იყო:

„საპარლამენტთაშორისო კომისიამ პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გზად დასახა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი. ვასრულებ რა კომისიის თხოვნას, ვადასტურებ, რომ ყველა, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს მართლწესრიგის დამცველ ორგანოებს, განთავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან იარაღის უკანონო ტარებისათვის. იარაღის ნებაყოფლობითი ჩაბარება და უკანონო შეარაღებული ფორმირების განიარაღება იქნება გარანტია ძმათა შორის სისხლისღვრის შეწყვეტისა, ოს ხალხთან ტრადიციული მეგობრობისა და მშვიდობის აღდგენისა, საგაზაფხულო და საშემოდგომო სამუშაოების დაწყებისა, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენისა მთელს რეგიონში.

გარდა ამისა, დასრულების ფაზაშია საქართველოს მოქალაქეობის კანონი, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეობის მინიჭებას ყველასათვის, ვინც მუდმივად არის ჩაწერილი საქართველოს რესპუბლიკაში”.

20 ივნისს სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს ეროვნული პოლიტიკისა და ერთაშორისი ურთიერთობების კომისიამ თავის სხდომაზე მოისმინა და განიხილა საპარლამენტთაშორისო კომისიის საქართველოში ყოფნის შედეგები. კომისიამ დააფიქსირა, რომ უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა. კომისიის დასკვნის საფუძველზე, აღიარებული იყო ავტონომიური ოლქის გაუქმება. სადეპუტატო ჯგუფი „სოიუზი“ აღნიშნული დებულებების წინააღმდეგ წავიდა, თუმცა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ დეპუტატებმა კომისიის მიერ დასახული ზომები მაინც დაამტკიცეს.

25 ივნისს სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება საპარლამენტთაშორისო კომისიის მუშაობის შესახებ. დადგენილებაში კომისიას რეკომენდაცია ეძლეოდა „დაჟინებით გაეგრძელებინა პრობლემების გადაჭრის პოლიტიკური გზები“. დადგენილების ტექსტში გათვალისწინებული იყო ასეთი ფორმულირება: „მიემართოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებს წინადადებით – განხორციელდეს დამატებითი ზომები ერთაშორისი კონფლიქტის მოგვარებისათვის“. კომისიის ქართველი წარმომადგენლების მუშაობის შედეგად, ცნება „ერთაშორისი“ შეიცვალა „რეგიონალურით“, რაც აგრეთვე წარმატებას წარმოადგენდა, რადგან, 20 ივნისის გადაწყვეტილებაში „ერთაშორისი კონფლიქტი“ ფიგურირებდა.

საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რომ ცხინვალის რეგიონის საკითხი მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით გადაეჭრა. ხელისუფლების უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ იმის აღიარება და დადასტურება, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და რომ რეგიონში განვითარებული კონფლიქტი უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. საპარლამენტთაშორისო კომისიის მუშაობა და მის მიერ მიღებული დოკუმენტები საქართველოს ხელისუფლების წარმატებას წარმოადგენდა. მიუხედავად ცხინვალის რეგიონსა და მის გარშემო შექმნილი ურთულესი სიტუაციისა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში იყო იმედი და შესაძლებლობა იმისა, რომ ეს მხარე საქართველოს რესპუბლიკის იურისდიქციის ქვეშ დარჩებოდა, თუმცა 1991-1992 წლების მიჯნაზე მომხდარმა შეიარაღებულმა სახელმწიფო გადატრიალებამ ქვეყანაში ვითარება იმდენად გააუარესა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ცხინვალის რეგიონის ინტეგრაცია დამოუკიდებელ საქართველოში დიდი ხნით გადასწია სამომავლოდ.