საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსეთის მოქალაქეების, ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლებსაც ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში.
პროცესი ხმაურით დაიწყო. საბადრაგო სამსახურის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების არგუმენტით, ბრალდებული ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე ადგილებზე განათავსეს, რასაც მათი პროტესტი მოჰყვა.
ადვოკატმა საბადრაგო სამსახურის თანამშრომელი ბრალდებულის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და მოსამართლეს მისი იდენტიფიცირება სთხოვა.
მოსამართლემ ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, არც საბადრაგო სამსახურის თანამშრომლის იდენტიფიცირება მოახდინა და არც ბრალდებულების გვერდიგვერდ განთავსებაზე დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რის შემდეგდაც ადვოკატებმა მოსამართლის, ნინო გალუსტაშვილის აცილება მოითხოვეს.
როგორც ბრალდებულებმა განაცხადეს, ნინო გალუსტაშვილი სანქცირებული მოსამართლეა, პოლიტიკურ საქმეებს იხილავს და მათ საქმეზე ობიექტური მსაჯული ვერ იქნება.
„ვიცი, თქვენ პოლიტიკური პროცესები მიგყავთ, ევროკავშირის სანქციებია თქვენზე. რუსეთის მოქალაქეებზე გინდათ ზეწოლა. თქვენთვის უკეთესი იქნებოდა, ჩვენს საქმეზე უარს თუ იტყოდით”, - განაცხადა ანასტასია ზინოვკინამ.
არტემ გრიბულის განცხადებით კი, არც ის არის დარწმუნებული მოსამართლის ობიექტურობაში.
„მოსამართლე არ არის ობიექტური. გასული პროცესის განმავლობაში მივხვდი, რომ არ ხართ ობიექტური, ვიცი, თქვენზე სანქციაა დაწესებული, არ ვიცი, რა მიზეზით ხართ ჩვენი მოსამართლე, ვიცი, სხვა პოლიტიკურ საქმეებზეც ხართ მოსამართლე. თქვენთვის უკეთესი იქნება, არ მიიღოთ მონაწილეიბა ამ საქმეში. შეიძლება, ჩვენ ჩავსხდეთ ციხეში, მაგრამ თუ ამ ქვეყანაში რამე შეიცვლება, შეიძლება, ბრალდების მხარე ჩაჯდეს ციხეში, შეიძლება, თქვენ გაგწირონ“, – მიმართა გრიბულმა მოსამართლეს, რომელმაც მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ერთსაათიანი კამათის შემდეგ პროცესი ბრალდების მხარის შესავალი სიტყვით გაგრძელდა.
ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და დაკავებას თბილისში ბოლო პერიოდში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებენ.
მათი ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მათ უარი ეთქვათ დაკავების ადგილიდან სათვალთვალო კამერის კადრების ამოღებაზე, რომელიც, მისი თქმით, ნარკოტიკების ჩადებას დაადასტურებდა.
ადვოკატის განმარტებით, დაკავებულებს ჩანთები და ქურთუკები ჩამოართვეს და მას შემდეგ დაუბრუნეს, როდესაც ადგილზე გამომძიებელი და თარჯიმანი მივიდა, ჩხრეკისას კი უკვე ჩადებული ნარკოტიკები ამოიღეს.
ბრალდების მხარის მტკიცებით კი, კამერები ჩხრეკის პროცესს ვერ დააფიქსირებდა, რადგან ჩხრეკა ავტომანქანაში ჩატარდა.
ბრალდების მხარე საუბრობს ნეიტრალურ მოწმეებზე – თარჯიმანზე და ნაქირავები ბინის მეპატრონეზე, რომლებმაც, პროკურორის თქმით, როგორც პირადი, ასევე სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკების ამოღება დაადასტურეს.
ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.
პროკურატურის მტკიცებით, მათი საცხოვრებლის და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება – „ალფა პე ვე პე“ ამოიღეს. მეუღლეები თბილისში 2024 წლის ზაფხულიდან იმყოფებიან.
მუხლი, რომელიც ბრალად აქვთ წარდგენილი, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
დაცვის მხარის განცხადებით, ანასტასია ზინიოვკინა რუსეთში ანტისამთავრობო აქციებში 2012 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა და იდევნებოდა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ, არტემ გრიბული კი აიტი სფეროში მუშაობდა.