პუბლიკაციები
„სააკაშვილის პოლიტიკა მარცხიანი გამოდგა! საქართველოს გამო ისრაელი რუსეთთან კონფლიქტში არ ჩაერთვება, ხოლო თურქეთი და ირანი საქართველოსთვის ისრაელის ალტერნატივად არ იქცევა“ (ავიგდორ ესკინის* ექსკლუზიური ინტერვიუ საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმს“)

analittopსაინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი: შალომ, ბატონო ავიგდორ! საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ მოგესალმებათ საქართველოდან, სადაც ერთი წლის წინათ მთელ მსოფლიოში „სტუმართმოყვარეობით“ განთქმულმა ჩვენმა ხელისუფლებამ არ შემოგიშვათ: როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2010 წელს თქვენ თბილისში ჩამოფრინდით, თუმცა აეროპორტში დაგაკავეს და უკან, ისრაელში, თქვენი დეპორტაცია მოახდინეს. გაანდეთ ჩვენს მკითხველს, რით ხართ ასე სახიფათო საქართველოსთვის? რა მიზეზით იქეცით საქართველოს ხელისუფლებისათვის პერსონა ნონ-გრატად?

ავიგდორ ესკინი: გამარჯობა, ბატონო არნო! დიახ, შარშან საქართველოში ჩამოვედი ერეკლე მეორეს საზოგადოების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რუსთაველის ივრითზე თარგმანის შესახებ და, ასევე, დიპლომატიის აკადემიაში ახლო აღმოსავლეთის სიტუაციის თაობაზე ლექციების წასაკითხად. აეროპორტში, როგორც თქვენთვისაც ცნობილია, დამაკავეს და ქვეყანაში „შეუშვებელ პირად“ გამომაცხადეს. რაიმე წერილობითი ან ზეპირი განმარტება ჩემთვის არავის მოუცია, არადა, კანონი  მიზეზის წერილობით განმარტებას ითხოვს. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ერთმა ქართულმა პროსამთავრობო არხმა გადმოსცა, თითქოსდა მე რადიკალურ მუსლიმანურ ორგანიზაციას ვუდგავარ სათავეში და ზურგზე ამოსვირინგებული მაქვს „ქართული სისხლი მწყურია“...

სულ ესაა. ყოველ შემთვევაში, სხვა განმარტება მე არ მიმიღია. საქართველოს საწინააღმდეგო არასდროს არაფერი მქონია. უფრო მეტიც, საკმაოდ ხშირად ვწერდი მასზე სიმპათიითა და გაგებით, ვეხმარებოდი ქართველებს სიტყვითა და საქმით, როცა მათ მოსკოვში უსამართლოდ ავიწროებდნენ.

ა.ხ.: რამდენადაც მახსოვს, დიპლომატიის აკადემიის რექტორმა სოსო ცინცაძემ მაშინ განაცხადა, რომ სავიზო მხარდაჭერის აღმოსაჩენად ოფიციალური მოწვევა თქვენთვის არ გამოუგზავნია...

ა. ე.: ვიზა არც მჭირდებოდა, რადგან ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უვიზოდაც შეუძლიათ. რისთვის მჭირდებოდა სავიზო მხარდაჭერა?! პროფესორმა ცინცაძემ რაღაც აურდაურია, საუბარი ხომ, უბრალოდ, ჩემს გამოსვლას და არა მისი უწყების ეგიდით ჩემს ოფიციალურ ვიზიტს ეხებოდა! არ მესმის, რისთვის დასჭირდა ასეთი უგერგილო „უგულებელყოფა“?!

ა. ხ.: ამ სამწუხარო ინციდენტამდე საქართველოში ყოფილხართ?

ა. ე.: ორჯერ: საქართველოს ჯერ – 1991, შემდეგ კი 2007 წელს ვესტუმრე. ბოლო ჩამოსვლისას პარლამენტის დეპუტატებს, მინისტრებსა და სხვა გავლენიან პირებს ვხვდებოდი.

ა. ხ.: სააკაშვილის მთავრობის მინისტრებს შეხვედრიხართ?! საინტერესოა, რაზე მსჯელობდით?

ა. ე.: ერთ-ერთი ძირითადი თემა აფხაზეთიდან დევნილების ბედი იყო. ჩვენ რიგი იურიდიული და პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა შევთავაზეთ ამ ხალხის დასახმარებლად, რომელთა რიცხვიც, ჩემი ცნობებით, 200 ათასს აღწევს. ეს აფხაზეთთან კონფლიქტის გადაჭრის გასაღები იყო, მაგრამ ჩვენი წინადადებები, სამწუხაროდ, არ მიიღეს. ამის ნაცვლად საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც აფხაზეთიცა და სამხრეთ ოსეთიც დაკარგა. ჯერ კიდევ მაშინ არ მომეწონა არათუ ის, რომ ჩვენთან მუშაობა არ მოისურვეს, არამედ ის, რომ დევნილების თემა მათ ნაკლებად აინტერესებდათ!  შემდეგ კი ყველაფერი ნათელი შეიქნა...

ა. ხ.: და მაინც, ბატონო ავიგდორ, თქვენი აზრით, რა გახდა თქვენს დეპორტაციასთან დაკავშირებული სკანდალის ნამდვილი მიზეზი? – თქვენი ეს  მშვიდობიანი ინიციატივები ხომ არა, რომლებიც, როგორც შემდგომ გაირკვა, აშკარად არ ერგებოდა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფალთა სცენარს?

ა. ე.: ყველაფერი, რასაც ახლა გეტყვით, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია. თუმცა შეგახსენებთ, რომ ჩემთან დაკავშირებული ინციდენტიდან მოკლე ხანში საქართველოს ხელისუფლებამ ორი ებრაელი ბიზნესმენი დააკავა. შესაძლოა, საქართველოს მხარისთვის მაშინ აუცილებელი იყო რაღაცის დემონსტრირება ირანისა და თურქეთისთვის, რომლებთან დასაახლოებლადაც ოფიციალური თბილისი ბოლო ხანებში აშკარად მიილტვის. ნებისმიერ შემთხვევაში, პირადად ჩემთან საქართველოს ხელისუფლებას ვერანაირი პრეტენზია ვერ ექნებოდა.

ა. ხ.: ბატონო ავიგდორ, მთლიანობაში როგორ აფასებთ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას?

ა. ე.: სააკაშვილის შეფასებისას ძალზე მნიშვნელოვანია, სუბიექტურობას აერიდო, ამიტომ შედეგებით მსჯელობა ჯობს. ეკონომიკური მაჩვენებლებით საქართველოს დღეს სომხეთზე უარესი მდგომარეობა აქვს. ქვეყანამ ორი მნიშვნელოვანი რეგიონი დაკარგა. ციხეში მყოფთა რიცხვი კი სარეკორდოა საქართველოს მთელი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში! ამასთან, ხელისუფლებამ ნამდვილად გააუმჯობესა კორუფციასთან დაკავშირებული ვითარება. ზოგადი სურათი ასეთია.

ა. ხ.: რეგიონების დაკარგვა ახსენეთ. ბატონო ავიგდორ,  ამაში მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებთ?

ა. ე.: ჩვენ ახლა სააკაშვილის პოლიტიკის შედეგებზე ვლაპარაკობთ, ის კი უმრავლესი მიმართულებით მარცხიანი აღმოჩნდა! ზემოთქმულის გარდა, აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზრიდან  საქართველოს წასვლა დამღუპველი, თვითმკვლელი ნაბიჯი იყო. რეალისტური მიდგომა – საკუთარი ქვეყნისა და ხალხის და არა ამერიკის ანდა რუსეთის ინტერესებში გონივრული თამაშის წარმართვის უნარს მოითხოვს. რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებამ თვითონ საქართველო დააზარალა და არსებითად მნიშვნელოვანი აღარაა, ვინ მართალი იყო და ვინ მტყუანი... შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სააკაშვილის პოლიტიკა მარცხიანი აღმოჩნდა, და ამას როგორც საქართველოს მეგობარი, ისე გეუბნებით. სხვა აზრი არც შეიძლება არსებობდეს, თუკი ფაქტებს დაეყრდნობი.

აი მაგალითად, ისრაელისადმი მისი პოლიტიკა აიღეთ: ვალების გადახდაზე უარის თქმამ და ორი ბიზნესმენის დაპატიმრებამ ურთიერთობების ტოტალური გაცივება გამოიწვია, არადა, შეიძლებოდა ისრაელი საქართველოს შეუცვლელ პარტნიორად ქცეულიყო და იგი რეგიონულ სამხედრო სახელმწიფოდ ექცია! მაგრამ ურთიერთობებში ასეთი ზიგზაგების გამოისობით ამის გაკეთება არ შეგვიძლია და, ასევე, არ დავთანხმდებით მჭიდრო თანამშრომლობას, სანამ რუსეთთან ურთიერთობა დარეგულირებული არაა. ისრაელი საქართველოს გამო – არც პირდაპირ და არც ირიბად – რუსეთთან კონფლიქტში არ ჩაერთვება, ხოლო თურქეთი და ირანი საქართველოსთვის ისრაელის ალტერნატივად ვერ იქცევა.

ა. ხ.: ბატონო ავიგდორ! ამ შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ – რა სტატუსია მომგებიანი დღეს საქართველოსთვის, მოქმედების რა ხაზი მიგაჩნიათ უფრო გონივრულად?

ა. ე.: საკითხი ახლა ამგვარად დგას: როგორ შეიძლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მისთვის ღირსეული ადგილის დაბრუნება რეგიონში; საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფალთა მიერ ფსონის აშშ-ზე გაკეთებამ ის შედეგები გამოიღო, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ამას საინფორმაციო ველში რუსული ენის ხელოვნურად აღმოფხვრის შედეგად სტატუსის დაკარგვაც დაუმატეთ. თუ ჩვენს რეგიონში საინფორმაციო სივრცეს შეისწავლით, დარწმუნდებით, რომ რუსულმა ენამ მხოლოდ განიმტკიცა თავისი რეგიონული სტატუსი, კავკასიის რეგიონში უმნიშვნელოვანესი ანალიტიკა რუსულ ენაზე იწერება. ეს ეხება სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც. ხოლო საქართველოს პოზიცია და ინტერესები შესაბამისად წარმოდგენილი არ არის ქვეყნის შიგნით რუსული ენის დასუსტების გამო. რა სარგებლობა მოუტანა ამან საქართველოს?!

საქართველოს წინაშე არ დგას არჩევანი დამოუკიდებლობასა და რუსეთისადმი დამამცირებელ დაქვემდებარებას შორის! რუსეთის ბაზარზე დაბრუნება და რუსეთთან მეგობრობის აღდგენა საქართველოს დამოუკიდებლობას კი არ დააკნინებს, არამედ მხოლოდ განამტკიცებს მას!

რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების გაიდეალებისკენ სულაც არ მოგიწოდებთ – არასდროს არ ღირს სხვა ქვეყანაზე დაყრდნობა თავდაცვისა და ეროვნული თვითგამორკვევის ძირითად საკითხებში, თუმცაღა უნდა ვაღიაროთ, რომ  ამჟამად რუსეთი გაცილებით ნაკლებად ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, ვიდრე აშშ და ნატოს ქვეყნები. გადახედეთ მსოფლიოს ბოლო 20 წლის განმავლობაში: მრავალ მიზეზის გამო რუსეთი თავშეკავებულად იქცევა და სხვა ქვეყნების მიმართ „შემწყნარებლობის“ უფრო მაღალი დონის დემონსტრირებას ახდენს, ვიდრე ამერიკელები.

ვიცი, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფის შემდეგ ჩემი სიტყვები შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ სამყაროს ფართო თვალთახედვით შეხედავთ, უთუოდ დამეთანხმებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ –  რუსეთთან დაახლოებისა და შეთანხმების პირობებში შეგიძლიათ თქვენი თვითმყოფადობისა და ეროვნული სიამაყის განმტკიცება. ამგვარი მოლაპარაკების მეშვეობით საქართველოს შეეძლება კვლავ თავის კონტროლქვეშ მოაქციოს გამოყოფილი ტერიტორიები მათი ავტონომიური სტატუსის შენარჩუნებით. თქვენ გააუმჯობესებთ ეკონომიკურ სიტუაციას რუსეთის ბაზარზე დაბრუნებით,  რომელიც ქართული პროდუქციისთვის უალტერნატივოა! თქვენ, ასევე, შეძლებთ, მძლავრად განმტკიცდეთ სამხედრო ასპექტში ისრაელთან თანამშრომლობის გაღრმავებით  – ჩვენი ქვეყანა უაღრესად სასარგებლო იქნება საქართველოსთვის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთთან კონფლიქტის ამოწურვისთანავე!

ა.ხ.: თუმცა არიან ებრაელები, რომლებსაც სიტუაციის თქვენგან განსხვავებული ხედვა აქვთ, ბატონო ავიგდორ. პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკაში ისინი მრავალ დადებით მხარეს ხედავენ, მაგალითად, ავი ჯარდენი. სხვათა შორის, მან მთლიანად გაამართლა ებრაელი ბიზნესმენების დაკავება.

ა. ე.: ჩვენ მას  ვიქტორ მეშუგიანის სახელით ვიცნობთ, რომელიც ისრაელში 20 წელზე მეტი ხნის წინათ ჩამოვიდა. შემდეგ ის ავიგდორ იარდენად იქცა. შემდეგ კი ისრაელიდან გაემგზავრა და ავი ჯარდენად გარდაისახა. ბოლო ხანს ის „ლიბერტარიანელად“ გადაიქცა და ასეთადვე აცხადებს საქართველოს პრეზიდენტს. „ლიბერტარიანელობის“ სოლიდარობის ბაზაზე ის თავისებურ პავლიკ მოროზოვად მოგვევლინა ისრაელის მიმართ (ჩვენ გვახსოვს, კომუნიზმის ხანაში როგორ ყიდდნენ ადამიანები ქვეყანასაც და ოჯახსაც რაღაც იდეოლოგიის გამო)... დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უფრო სერიოზული აპოლოგეტები ჰყავს.

ა. ხ.: ჯარდენი-მეშუგიანის გარდა, არის აბრაამ შმულევიჩიც, რომელიც ერთობ მკვეთრად აკრიტიკებს კრემლს, მხარს უჭერს საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს და ჩერქეზების გენოციდზე არაკებს ჰყვება, რათა ხელი შუწყოს „ოლიმპიადა – 2014“-ის ჩაშლას სოჭში...

ა. ე.: ვფიქრობ, ცდებით. მახსოვს,  შმულევიჩი როგორ იყო ყველაზე მკვეთრ და შეურიგებელ ბლოგერთა რიგებში – საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრის მომხრეთა შორის. ის სწორედაც რომ რუს ნაციონალისტთა ყველაზე შეურიგებელ წრეებთან გახლდათ დაახლოებული. ეტყობა, სხვადასხვა ადამიანზე ვლაპარაკობთ.

ა. ხ.: არა, ბატონო ავიგდორ, არ ვცდები. ინტერნეტში  დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ შმულევიჩის ბოლოდროინდელ გამოსვლებს.

ა. ე.: თქვენც შეგიძლიათ გაეცნოთ მის მრავალწლიან პოზიციას პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ხოლო თუ თქვენ, ბატონო არნო, მართალი ხართ, მაშინ ამ ფენომენის ახსნა გამიჭირდება... ნებისმიერ შემთხვევაში, ებრაელებს შორის სხვადასხვა აზრია გავრცელებული. ოღონდ ახლა ჩემს პირად პოზიციას კი არ წარმოვაჩენ, არამედ ჩვენი ქვეყნების ინტერესები მალაპარაკებს და არავითარი პირადი ნოტები აქ არ ჟღერს. მავანთ შესაძლოა, ნაირგვარი მოსაზრება ჰქონდეთ, ჩვენ კი ვცდილობთ, სიტუაციას ობიექტურად შევხედოთ. რაც შეეხება ჩერქეზულ თემასთან დაკავშირებულ კამპანიას, ის შესაძლოა, საქართველოს მისავე საწინააღმდეგოდ შემოუბრუნდეს - ნუ დაივიწყებთ, ეთნიკურად რამდენად ახლოს არიან აფხაზები ჩერქეზებთან! 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩაშლის მუქარით საქართველოს ხელისუფლება მათ საქართველოსთვის უაღრესად არასასურველი მიმართულებით გაააქტიურებს. საქართველოს დღეს რომ ნორმალური ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან, სოჭის ოლიმპიადა მრავალ სიკეთეს მოგიტანდათ.

ა. ხ.: ბატონო ავიგდორ, ცხრა დღის შემდეგ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. რა კომენტარს გააკეთებდით?

ა. ე.: ვფიქრობ, ტერიტორიული ერთეულის მეთაურის დემოკრატიულ არჩევნებს პოზიტიურად უნდა მოვეკიდოთ. თუ არჩევნები კანონიერად და დემოკრატიულად წარიმართება, თავად პოლიტიკური პროცესი ხელს შეუწყობს შერიგების საერთო სულისკვეთებას, რომელიც აგრერიგად საჭიროა რეგიონისთვის.

ა. ხ.: სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა სერგეი ვასილის ძე ბაგაფშის პრეზიდენტობისას, ნათელი იყოს მისი ხსოვნა... ბატონო ავიგდორ, იმისდა მიხედვით, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ხომ არ გაუცხოვდება აფხაზეთი უფრო მეტად, ხომ არ დააბრკოლებს ახალი ლიდერი ჩვენი ურთიერთობების დარეგულირებას (თუკი ამისათვის რეალური წინაპირობები წარმოიქმნება) და მთავარი, მტკივნეული პრობლემის გადაჭრას – ქართველი დევნილების დაბრუნებასა და, ამავე დროს, აფხაზების დაბრუნებას საქართველოს მოძმე ხალხთა ერთიან ოჯახში?

ა. ე.: უჩემოდაც მშვენივრად იცით, რომ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის დასაბრუნებლად აუცილებელია რუსეთთან შესაბამისი შეთანხმების მიღწევა. სხვა გზა დღეს არ არსებობს! შერიგების სულისკვეთების გონივრულად გაღვივებისა და  რუსეთის გარანტიების პირობებში შესაძლებელია იმ სიტუაციაში დაბრუნება, რომელიც არსებობდა სამხრეთ ოსეთში სამხრედრო კონფლიქტის დაწყებამდე.

საქართველოს ხელისუფლება და ქართული ორგანიზაციების ხელმძღვანელები რუსეთში ყურადღებით რომ მოკიდებოდნენ ჩვენს ხუთი წლის წინანდელ წინადადებებს, დღეს საქმის ვითარება აფხაზეთში სხვაგვარი იქნებოდა – მაშინ სწორედ დევნილებსა და მათ კანონიერ უფლებებზე ვლაპარაკობდით; დაბრუნების  და ნებისმიერ არჩევნებში მათი მონაწილეობის უფლებაზეც. მაგრამ ჩვენი წინადადებები ყურად არ იღეს, ამასთან, საქართველოში პერსონა ნონ-გრატადაც გამომაცხადეს. და თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ ხუთი წლის წინათ აფხაზეთიდან დევნილები აღიარებულ საერთაშორისო სტატუსს მიიღებდნენ...

ა. ხ.: ბატონო ავიგდორ, ბოლო ხანს თქვენ ხშირად ჩანხართ აზერბაიჯანულ და სომხურ პრესაში კავკასიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული კომენტარებით. თქვენი მოსაზრებით, როგორია საქართველოს პოლიტიკა მეზობლებთან მიმართებაში?

ა. ე.: კავკასია „მოთუხთუხე“ და დინამიკური რეგიონია. ასე მაგალითად, თუ რომელიმე მხარე სისუსტეს გამოიჩენს, მზადაც უნდა იყოს შიდა არეულობებისა და მეზობელთა მცდელობებისათვის, ხელსაყრელი შემთხვევა საზღვრების შესაცვლელად გამოიყენოს. არ დაგავიწყდეთ, რომ საზღვრები კავკასიაში, იქ მმართველი ელიტის გაგებით, არსებითად მტკიცე სულაც არ არის. თქვენს ყურადღებას მივაპყრობ იმ გარემოებას, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა დღეს უარესია, ვიდრე იყო ტუნისში, რომელიც ისტორიაში შევა პირველი დემონსტრაციებით, არაბულ რევოლუციებს რომ დაუდო სათავე. თუ საქართველოში ვითარება არ  გაუმჯობესდება, მზად უნდა იყოთ ახალი შიდა აშლილობებისა და მეზობელთა მცდელობებისათვის, საზღვრების „კორექტირება“ მოახდინონ.

ა. ხ.: მიგაჩნიათ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენც გვემუქრება არეულობები და შიდა აშლილობა?!

ა. ე.: წინასწარმეტყველებით დაკავებული არ ვარ. დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამერიკული კულტურის საყოველთაოდ დამკვიდრებამ საქართველოში უკვე გამოიწვია ქართული თვითშეგნების ეროზია! თქვენ სასწრაფოდ უნდა დაკავდეთ არა მარტო ეკონომიკის გაძლიერებით, არამედ უნდა გამონახოთ ხალხის კონსოლიდაციის გზები თქვენი უდიდესი და უძველესი კულტურის საფუძველზე.

ა. ხ.: დასასრულ, რას უსურვებდით საქართველოს?

ა. ე.: უფალმა აკურთხა თქვენი მიწა-წყალი, მშვენიერი და ნაყოფიერი ნიადაგით დაგასაჩუქრათ. თქვენი ხალხი განთქმულია უძველესი რელიგიური ტრაციდიციით,  ბრწყინვალე მუსიკალური სკოლით, ლიტერატურითა და ფილოსოფიითაც კი, სათავეს ნეოპლატონიზმის ხანიდან რომ იღებს. ასეთი მონაცემების პირობებში ყველა საფუძველი გაქვთ ოპტიმიზმისა და მომავლის რწმენისათვის!

ვიმედოვნებ, რომ მალე კვლავ შევძლებ საქართველოში სტუმრობას. დიდი ხანია, ვოცნებობ უძველესი ქართული მუსიკის საკვლევ პროექტში მონაწილეობაზე. ის ხომ სათავეს იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურებიდან იღებს. ამ პროექტს შეუძლია ხელი შეუწყოს ჩვენი ხალხების დაახლოებას უღრმეს დონეზე და მთელ კაცობრიობას უჩვენოს მაგალითი იმისა, თუ როგორ შთააგონებს სიძველე შემოქმედებითი სულიერი ჩანაფიქრის განხორციელებას თანამედროვე მსოფლიოში.

ა. ხ.: მადლობას მოგახსენებთ ჩემს სამშობლოზე თბილი სიტყვებისთვის, საქართველოს სიყვარულისა და გულახდილი ინტერვიუსათვის! და გვაპატიეთ, ღმერთია მოწმე, რომ ქართველი ხალხი უწინდებურად სტუმართმოყვარეა, თავის ამჟამინდელ ხელისუფალთაგან  განსხვავებით, რომელთა შარშანდელი საქციელის გამო თქვენ მიმართ, ბატონო ავიგდორ, ჩვენ ბოდიშს მოვიხდით...

 

ესაუბრა საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი

თელ-ავივი – თბილისი, 17.08.2011

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“

 

*ავიგდორ ესკინი ცნობილი ებრაელი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1960 წლის 26 აპრილს მოსკოვში. 1974 წელს ალექსანდრე სოლჟენიცინის მხარდამჭერი ფურცლების გაკვრისთვის დააპატიმრეს. 1975 წელს ჩააბარა გნესინის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოს კლასის განხრით. დაიწყო  ივრითის სწავლება და სემინარების ჩატარება იუდაიზმის შესწავლისათვის. დისიდენტური საქმიანობისთვის იდევნებოდა. 1979 წელს გადასახლდა ისრაელში, სადაც იეშივაში ჩააბარა. მსახურობდა ისრაელის თავდაცვის არმიაში, მონაწილეობდა ლიბანის საბრძოლო მოქმედებებში 1982 წელს. 1983 წლიდან ლიკუდის პარტიიდან ქნესეთის დეპუტატ მიხაელ კლაინერთან ერთად ხელმძღვანელობდა მოძრაობას „ისრაელის ახალი მემარჯვენეები“. 1976 წელს პალესტინელებისათვის ტერიტორიების გადაცემის წინააღმდეგ გამოდიოდა. 1981 წლიდან 1985 წლამდე ბევრ დროს ატარებდა აშშ-ში, უმთავრესად, ვაშინგტონში, სადაც ისრაელის სასარგებლოდ და საბჭოთა ებრაელების დასაცავად ლობირებდა. 1983 წელს 98 სენატორს ხელი მოაწერინა საბჭოთა ხელისუფლებისადმი მოწოდებაზე, შეეწყვიტათ სსრკ-ში ივრითის შესწავლის აკრძალვა; ხოლო 1984 წელს ვაშინგტონში ქნესეთის დეპუტატ კლაინერის ჩამოსვლა მოამზადა, რომელმაც სენატორ ჯეს ჰელმსთან ერთდ ამერიკისა და ისრაელის კონსერვატორების ალიანსის შექმნა გამოაცხადა. 1986 წლიდან 1990 წლამდე ესკინი ივრითის რელიგიური ყოველკვირეული გამოცემა „ერევ შაბათ“-ის რედაქტორის მოადგილედ მუშაობდა, პარალელურად –  ინგლისურენოვანი ამერიკული ყოველკვირეული გამოცემა „The Jewish Press-ის კორესპონდენტად. 1967 წელს დაკავებულ ტერიტორიებზე ებრაელთა დასახლების უფლების საკითხებში ის უკომპრომისო პოზიციით გამოირჩეოდა. ისრაელის ცენტრალურმა მედიამ მისი მრავალი მასალა გადაბეჭდა.

არაფატთან „მშვიდობიანი“ პროცესის დასაწყისიდანვე ესკინი საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1997 წლის 21 დეკემბერს იგი ისრაელში დააპატიმრეს კატაპულტიდან ტაძრის გორაზე მდებარე ალ-აქსას მეჩეთის ღორის თავებით „დაბომბვის“ განზრახვის ბრალდებით. 1999  წელს იერუსალიმის საოლქო სასამართლომ მთლიანად გაამართლა იგი. განზრახვა ვერ დამტკიცდა, ისევე, როგორც კონკრეტული ქმედებანი. თუმცა 2001 წლის 14 იანვარს ესკინს 2.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჩაუშვებლობის გამო... ნამდვილი მიზეზი კი ისრაელისთვის აშშ-სა და ნატოს მიერ თავსმოხვეული, არაფატის წინაშე დათმობების წინააღმდეგ პროტესტის მრავლრიცხოვანი აქციები იყო. ამჟამად ესკინს კარგი ურთიერთობები აქვს ნეთანიაჰუს მემარჯვენე მთავრობასთან, თავად ნეთანიაჰუს კი ახლოს იცნობს 80-იანი წლების შუახანებიდან.

ბოლო წლებში ავიგდორ ესკინი პოლიტოლოგიითა და რუსეთში, უკრაინაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ევროპელ მემარჯვენეთა შორის ისრაელის ინტერესების გატარებითაა დაკავებული. ის კავკასიის რეგიონის საკითხების ექსპერტიცაა. კავკასიის სამივე რესპუბლიკის მედიაში ასობით ინტერვიუთი და პუბლიკაციითაა ცნობილი, დაკავებულია პოლიტიკური კონსულტაციებითა და არჩევნების ორგანიზებითაც.

ავიგდორ ესკინი ივრითსა და ინგლისურ ენაზე ასობით სტატიისა და, ასევე, ათასობით რუსულენოვანი სტატიის ავტორია. გამოცემული აქვს სამი წიგნი: „ისრაელი. რწმენა. სიმართლე“ (2000), „განმარტებები ფსალმუნთა წიგნისათვის“ (2005) და „თიკუნ ქლალი“ (2006). ამასთან, თორასა და კაბალას დიდ მცოდნედ და მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი კაბალისტის – რაბი მორდეხაი შრიკის, მოწაფედ მიიჩნევა.