პუბლიკაციები
მარიამ ცაცანაშვილი: „საქართველოში ინგლისური ენის დამკვიდრებასთან ერთად, რუსული უფრო მეტად განმტკიცდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. თუ შენს მოქალაქეებს აზრი ვერ გააგებინე და ვერც მათი გაიგე, რა პოლიტიკით უნდა გაამართლო ეს?!“

copy_of_analiticsსაინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ სტუმარია მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი მარიამ ცაცანაშვილი. 

ქალბატონო მარიამ, ქართული ენა – „დედაენა“, თქვენი დამსახურებით, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში იქნა შეტანილი. დედაენის მნიშვნელობაზე თქვენთან საუბარი ცოტა უხერხულადაც მეჩვენება, მაგრამ მკითხველისა და საზოგადოების უკეთ გასარკვევად, მაინც გკითხავთ: რამდენად მართებულია და რა ზიანის მომტანია მომავალში ერისთვის მშობლიური ენის ასე აბუჩად აგდება? სკოლების დაწყებითი კლასების „დედაენას“ აწერია იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ მიხედვით. რატომ – მიხედვით? რით არ აკმაყოფილებდა „დედაენის“ გოგებაშვილისეული კურსი ქართული განათლების სისტემას და მოზარდი თაობის სრულფასოვან აღზრდას?

– ღმერთმა გისმინოთ, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის ნუსხაში შევიდეს. მე მხოლოდ პროცედურების დაწყება შევძელი. ახლა ჯერი კულტურის სამინისტროზეა, რადგან დაცვის ღონისძიებები იუნესკოს განაცხადის შეტანამდე ეროვნულ დონეზე უნდა იყოს წამოწყებული.

ის, რომ სწორედ „დედაენა“ ყოფილიყო ნომინირებული, საზოგადოების თავისუფალი ნება იყო საჭირო. უამრავი ხელმოწერა შეგროვდა. სასიხარულო ისაა, რომ ეს აქცია სტუდენტთა აქტიურობით წარიმართა. ორგანიზაცია „უნივერსიტეტელის“ ახალგაზრდულმა ფრთამ და „ილიელთა“ ასოციაციამ ითავა დედაენის კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადების დეკლარაციის შედგენა, კონფერენციების ორგანიზება და სამთავრობო უწყებებისთვის განაცხადის წარგდენა.

რატომ „დედა ენა“? სწორედ იგი წარმოადგენს გლობალიზაციისა და სოციალური ტრანსფორმაციის პროცესში კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების ერთ-ერთ საყრდენს: მოიცავს იმ ტრადიციებისა და გამოხატვის ფორმებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში თაობებს გადაეცემოდა; ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა სოციალურ ერთობას, ავითარებს მოზარდთა ინდივიდუალიზმისა და პასუხისმგებლობის გრძნობას. ეს სიტყვები ჩემი შემოქმედების ნაყოფი არ გეგონოთ, იუნესკოს რეკომენდაციებიდან მაქვს ამოკრეფილი. „დედაენა“ რომ ქართული კულტურის ისტორიაში აღმოჩენაა, უნიკალური მეთოდი, ხერხია, რომლითაც საერთო პედაგოგიური მიზანი ეროვნული ზეპირსიტყვიერებისა და გამოხატვის ფორმებში აისახა – არც ესაა ჩემი ეპოქალური მიგნება. ამას ქართველ მეცნიერთა გამოკვლევები თითქმის ერთხმად ადასტურებს. ჩემი მიგნება მხოლოდ კავშირების სისტემის აგებაა 2003 წლის საერთაშორისო კონვენციას, გაეროს რეკომენდაციებს, საქართველოს კანონმდებლობასა და ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას შორის...

რაც დრო გადის, საერთაშორისო პრაქტიკა ჩვენთვის სასარგებლო მაგალითებით ივსება. თუ ჩინელებმა საკუთარი კალიგრაფია აღიარებინეს იუნესკოს, ფრანგებმა – ცოდნის გადაცემის სხვადასხვა მეთოდის სინთეზი, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის „მოგზაურობას“; რა, ამით საკუთარი კარჩაკეტილობა აღიარეს და განვითარებაზე ორიენტირებულნი აღარ არიან? დიახ, კულტურულ მემკვიდრეობად „დედაენის“ გამოცხადება მის სტატიკურ მდგომარეობაში დატოვებას კი არ გულისხმობს, არამედ სხვა პრობლემებთან ერთად, იმ საფრთხეებს მოხსნის, რომელიც თქვენ კითხვის მეორე ნაწილში დამისვით.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს საკმაო „უწყინარ“ საკითხთან გვაქვს საქმე, მე მაინც დიდ წინააღმდეგობებს სწორედ შიდა პროცედურების დროს ველი. აღარ დავკონკრეტდები. უბრალოდ, ვინც ამ საქმეში ექსპერტად იქნება ჩართული, თქვენი მეშვეობით შევახსენებ: კარგად გაეცნონ იუნესკოს ოფიციალურ განცხადებებსა და დასკვნებს, რომ მსოფლიო მასშტაბით მრავალფეროვან ენობრივ კულტურულ ღირებულებებეს შეუწყნარებლობის, დეგრადაციის, გაქრობისა და რღვევის სერიოზული საფრთხე ემუქრება, შეისწავლონ საერთაშორისო პრაქტიკა და ის უდიდესი შესაძლებლობები, რომელსაც იუნესკო იძლევა. დამერწმუნეთ, ასეთ ვითარებაში გადაწყვეტილება მათთვის რთული მისაღები არ იქნება. მე კი, მთელი ცხოვრება რომ დამჭირდეს, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები (ალბათ, ეს პრობლემა სხვა უმაღლესებშიც დგას) ქართულ ენაზე დაბეჭდილ სახელმძღვანელოებს ითხოვენ. ჯერ ერთი, ინგლისურ ენაზე არსებული სახელმძღვანელოები არც თუ ბევრია. მეორეც, რა აუცილებლობაა, საქართველოში ახალგაზრდამ უცხო ენაზე ისწავლოს ესა თუ ის საგანი?! საგნის უცხო ენაზე სწავლა ამ ენაზე აზროვნებას და ცნობიერებასაც გულისხმობს. შენთვის უცხო ერის ცნობიერებით აზროვნება, თავისთავად, ეროვნული – ქართული აზროვნების უგულებელყოფას, საბოლოოდ კი, ერის გადაგვარებას იწვევს...  

– იცით, მგონია, რომ სახელმძღვანელოების საკითხი ხელოვნურადაა ინსპირირებული. ხელოვნურად – იმიტომ, რომ არავინ შეაფასა სტუდენტებსა და პროფესორებს შორის ხიდჩატეხილობის პრობლემა. საშინელი სანახავი იყო ერთ მხარეს სტუდენტები, რომლებიც ქართულ სახელმძღვანელოებსა და ხარისხიან განათლებას ითხოვდნენ, და მეორე მხარეს – პროფესორთა ელიტა, რომელიც პირქუშად იცავდა თავს და სტუდენტების პრეტენზიას უსაფუძვლოდ მიიჩნევდა. არავისთვისაა უცხო, რომ სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები სხვა ენაზეც შეიძლება წაიკითხოს სტუდენტმა. ეს გზა ჩვენც გავიარეთ. პრობლემა სწავლების მეთოდშია. პედაგოგიური გამოცდილება – ეს დიდი განძია. პედაგოგმა, უპირველესად, წიგნის კითხვა უნდა ასწავლოს სტუდენტს, პრობლემაში უნდა ჩაახედოს, მისი გადაწყვეტის სავარაუდო გზები შესთავაზოს. თუ პროფესორს სწავლების მეთოდი დახვეწილი აქვს, დამერწმუნეთ, უცხო ენაზე წიგნების კითხვა სტუდენტებისთვის არც პრობლემაა და არც უინტერესო.

რეფორმის უპირატესობად სწორედ სხვადასხვა ენებზე ლიტერატურის დასახელება მიმაჩნია.    ამ დროს სტუდენტი იდეოლოგიურ წნეხში ვერ ექცევა და უცხო ენასთან ვარჯიშით კრიტიკულ განათლებაზე ორიენტირებული ხდება; იღებს ინფორმაციას და ფუნდამენტურ ცოდნას. ვიმეორებ, სწორედ პროფესორის სწავლების მეთოდზეა დამოკიდებული უცხოენოვანი სახელმძღვანელოების სარგებლობის გზით გამოწვეული დისკომფორტის დაძლევა.  დიდ თანხებთან არის დაკავშირებული სახელმძღვანელოების წერა და თარგმნაო – თავი იმართლა ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან სატელევიზიო პაექრობაში. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა.  თუ სტუდენტი გიყვარს და ინტელექტი გაწუხებს, დაფინანსებას როგორ ელოდები?

უსულგულოდ, მხოლოდ ფინანსებზე ორიენტირებული სახელმძღვანელოები, დამიჯერეთ, ისეთივე გაუცხოებული იქნება სტუდენტებისთვის, როგორც უსისტემოდ ნაკითხი უცხოენოვანი წიგნები. „რეფორმირებულ უნივერსიტეტებში“ ამის ბევრი მაგალითი გვაქვს. მე თვითონ შემიდგენია დამხმარე სახელმძღვანელო სამართლის ისტორიაში. ეს ყველაზე რთული, მაგრამ შთამბეჭდავი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ერთი კი მინდა, ვაღიარო: მე რომ ეს საგანი აკადემიკოს ისიდორე დოლიძისგან არ მესწავლა, ამ წიგნს ვერასდროს დავწერდი. უცხო ენაზე სხვა ქვეყანაში დაწერილი დისერტაციის კონსულტანტიც ვყოფილვარ. წარმატებით დაცვის შემდეგ დისერტანტს „თინეიჯერულად“ უთქვამს – მრცხვენია, ქალბატონო მარიამ, როცა მაქებენ, რამდენი „მეჩალიჩეთ“, აქამდე რომ მივსულიყავიო. ასე რომ, პრობლემა, რომელიც ცოტა ხნის წინათ სერიოზულად წამოტივტივდა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და ყოველგვარი გადაწყვეტის გარეშე თვალს მიეფარა, თქვენ ისევ წამოსწიეთ და საკმაოდ საფუძვლიანადაც. ესაა შედეგი რეფორმის უსისტემობისა, რომელმაც არც ძველი სწავლების მეთოდი შეინარჩუნა და ვერც ახალი შექმნა. ეს ვაკუუმი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად იჩენს თავს. თუმცა თქვენთან ერთად, ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი ქართული აზროვნების უგულებელყოფასა და ერის გადაგვარებამდე არ მივა, თუ „რეფორმირებული პროფესურა“ ერთ რჩევას გაითვალისწინებს: იკითხეთ და იფიქრეთ დასავლურად, იაზროვნეთ და იმოქმედეთ ქართულად! კანონმა თქვენ მოგცათ შესაძლებლობა, პირისპირ დარჩეთ სტუდენტებთან ცოდნის გადაცემის დროს და პატივი ეცით ამ ღირსებას. სტუდენტები თქვენგან დახელოვნებას ელიან. თუ პედაგოგიური ვირტუალიზმი გღალატობთ, მაშინ სტუდენტის ყველა პრეტენზია სამართლიანია.

– ჩვენ დეკლარირებულად „დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში“ ვცხოვრობთ. თავისუფლება, დემოკრატიის თვალსაზრისით, არჩევანის თავისუფლებასაც გულისხმობს და სწორედ ამ თავისუფლებაზე აპელირებით ცდილობს მავანი, ქართველის, მართლმადიდებლისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების თვალსაზრისითაც, არატრადიციული ღირებულებების დანგრევას. ამავე დროს, ფაქტობრივად, ძალადობრივად ითრგუნება ყველა  ერის უმთავრესი უფლება – ისაუბროს, წეროს და იაზროვნოს მის მშობლიურ ენაზე. ყველა ოჯახში, მიუხედავად მატერიალური შესაძლებლობისა, შვილისთვის უცხოური ენის სწავლებას მაინც ყველა ახერხებს. პირველი კლასიდან იძულებით ინგლისურის სწავლა, თანაც, ხუთის წლის ასაკიდან, მოზარდის ფსიქიკას ხომ არ დაამახინჯებს მომავალში?  

გეთანხმებით, თავისუფლება და დემოკრატია ლინგვისტურ პოლიტიკასაც სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე-19 საუკუნის საქართველოსგან რით განვსხვავდებით – როცა მშობლიური ენა იდევნებოდა სკოლებში, პატივაყრილი იყო ოჯახებში?

ჩვენ „დედაენაზე“ ვსაუბრობთ და მშობლიური ენის დიდ ქომაგ იაკობ გოგებაშვილს დავესესხები: „არც ერთს უცხო ენას არ შეუძლიან ავარჯიშოს ალღო ენისა, როგორც დედინაცვალს არ შეუძლია ბავშვს დასდოს ღვიძლის დედის ამაგი, საშინელ მდგომარეობაში ვარდება ერი, როდესაც მის ენას პატივი და უფლება აქვს აყრილი და მას რიგიანად ვეღარ სწავლობს სკოლებში. ამ შემთხვევაში, სკოლა ცუდად მოქმედებს თვით სახლობაზედ, აქაც სუსტდება ღვიძლი ენა. ამის გამო, სრული მეტყველება ერში იკარგება და იგი წარმოადგენს ნახევრად დამუნჯებულ ბრბოს. სუსტი ენა ჰბადებს სუსტს აზრს, სუსტს ხასიათსა და ერის ცხოვრებაში დგება ის საუბედურო ხანა, რომელსაც ერთმა რუსმა სწავლულმა და პროფესორმა – პოტებნიამ დაარქვა: „период мерзости запустения“. ამ უბედურ ხანას, ამ „мерзости запустения“-სა თავის სასარგებლოდ იყენებენ მოცილე ერნი და ნახევრად დამუნჯებულს, დაქვეითებულს ხალხს ხელიდან აცლიან მიწა-წყალს, დოვლათს და ყველა ეროვნულ საუნჯეს“.

ამ სიტყვების შემდეგ მკითხველი მე-19 საუკუნეში ჩარჩენილობას დამწამებს და მეტყვის – „რაც მეტი ენა იცი, იმდენი კაცი ხარო“, ასეც თქმულა და ჩემი ოპონენტი მართალიც იქნება. თუმცა მეორე პასუხი მეც მაქვს: წარსულზე ფიქრი იმის სურვილსაც აღმიძრავს, რომ დღეს და მომავალში არ განმეორდეს ჩვენი მიღწევების შეგნებული გაღარიბება, წარსულის მიღწევათა დავიწყება, ერის ისტორიიდან მათი ამოშანთვა. ამიტომ ჯერ ერთი კაცი იყავი და მერე – მრავალი.

იაკობისეულ შეშფოთებას ჩვენს დროში როგორც თქვენში, ჩემშიც, საქართველოს ხელისუფლების ახალი ლინგვისტური პოლიტიკა იწვევს (რომელსაც თავად „ლინგვისტურ რევოლუციას“ უწოდებენ.) ამ შეშფოთებაზე ფსიქოლოგებს (სხვათა შორის, იაკობის მეთოდიკა და დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაც ერთსა და იმავეს გულისხმობს.) პასუხი უკვე აქვთ: მეორე კლასიდან – უცხო ენის სწავლება, მე-7 კლასიდან – მეორე, 18 წლიდან – რამდენიც გნებავთ (თუმცა აქაც რაღაც ზღვარია), წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანს მსოფლმხედველობა არ უყალიბდება და აზროვნება ხელოვნური ხდებაო. ამ არგუმენტზე ხუმრობაც მსმენია ქართველ მეცნიერთაგან: ნახე, 18 ენა ისწავლა გამყრელიძემ (თუ არ ვცდები?!) და ვერ გახდა მეცნირებათა აკადემიის პრეზიდენტი? ვიღაცამ პასუხი დააწია: მხოლოდ ორი ენა რომ სცოდნოდა, რა იცი, რამხელა კაცი გახდებოდაო. აკაკი წერეთლის ხუმრობაც შეიძლება გავიხსენოთ, როცა მას უთხრეს – თვენს ნათლულს ინგლისურად დაუწყია ლაპარაკიო. – დავიღუპეთ, აქამდე მარტო ჩვენ ვიცოდით, რა სულელიც იყო და ახლა ამას მთელი მსოფლიო გაიგებსო, – უხუმრია აკაკის. ხუმრობას თავი დავანებოთ და, პოსტსაბჭოთა პერიოდში ერთი საერთო ტენდენცია შეიმჩნეოდა – ქართული ენის სტატუსის ზრდა და ალტერნატიული ენის შევიწროვება. ხაზგასასმელია მეორე თავისებურებაც – მეტროპოლიის ენა ათეულობით წლის განმავლობაში თავის პოზიციებს ინარჩუნებს.

ამიტომ ენობრივი პოლიტიკის სფეროში საკითხების გადასაწყვეტად შეტევითი პოზიციები კი არ უნდა იქნეს გამოყენებული, არამედ კარგად მოფიქრებული სამართლიანი და სოციალურად ორიენტირებული ენობრივი პოლიტიკა, რომელიც მულტილინგვისტური სწავლების აპრობირებულ მეთოდებსა და მთარგმნელობით საქმიანობის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

რუსული ენის ფაქტობრივი მდგომარეობის შეცვლამ და მის კვალდაკვალ სოციალური ბაზის მკვეთრად შემცირებამ შექმნა არაქართულენოვანთა ენობრივი და სოციალური დისკომფორტი, მათ შორის, იმ ქართველებისთვის, რომელთაც რუსული განათლება მიიღეს.

ინგლისური ენის პოზიციების გაზრდასთან ერთად, საქართველოში რუსულმა ენამ ადგილი კი არ დაუთმო ინგლისურს, არამედ – პირიქით, უფრო მეტად განმტკიცდა რეგიონებში – აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, აღარაფერს ვამბობ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთზე. თუ შენს მოქალაქეებს აზრი ვერ გააგებინე და ვერც მათი გაიგე, რა პოლიტიკით უნდა გაამართლო ეს?

როგორ განვითარდება რუსულისა და ინგლისურის ბრძოლა საქართველოში – დრო გამოაჩენს, მაგრამ ერთი ცხადია, ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნება შესაძლებელია, როცა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართული იქნება ერთ-ერთი ბილინგვისტური ფორმა: ქართულ-რუსული, ქართულ-ინგლისური. აი, ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელ ლინგვისტურ პოლიტიკას საქართველოში არც დემოკრატიასთან, არც თავისუფლებასთან, არც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან, არც ტრადიციებთან, არც პედაგოგიკასთან და არც ფსიქოლოგიასთან, სამწუხაროდ, კავშირი არ აქვს.

 

ესაუბრა ბაია ამაშუკელი

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“