სამართალი
სასამართლო ექსპერტიზამ 26 მაისს ბურჯანაძის კორტეჟის მანქანების რაიმესთან ან ვინმესთან შეჯახება გამორიცხა

kortejiამის შესახებ საქინფორმს „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოდან“ აცნობეს, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტს ობიექტურობისათვის გამოჩენილი გამბედაობისათვის მადლობას უხდის და მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, რეაგირების გარეშე არ დატოვოს უკანონოდ და აშკარად პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების საქმე.

„სააკაშვილის რეჟიმი კვლავ განაგრძობს მაისის მოვლენებთან დაკავშირებით აბსურდული ბრალდებებით დაპატიმრებული „სახალხო კრების“ წევრთა წამებას. პროკურატურა ცდილობს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლით აღიარებინოს მოგონილი დანაშაული დაკავებულ ადამიანებს. განსაკუთრებული ზეწოლა იყო მძღოლებზე და იგი გაძლიერდა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შსს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ავტოავარიას გამორიცხავს. საუბარია 26 მაისსა და მის შემდგომ სახელისუფლებო არხების მიერ ტირაჟირებულ ცნობილ ვიდეოკადრებზე, სადაც ვითომდა ბურჯანაძის კორტეჟი ეჯახება პოლიციელს თავისუფლების მოედანზე. 
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ აღნიშნული ვიდეოკადრების ექსპერტიზის შედეგად, ერთმნიშვნელოვნად გამორიცხა ბურჯანაძის კორტეჟის მანქანების რაიმესთან ან ვინმესთან შეჯახება. სწორედ ამ დასკვნის შემდეგ მძღოლების „აღიარება“ აუცილებელი გახდა ხელისუფლებისათვის, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მათი პიარგეგმის სქემა იშლება“, – აცხადებენ ბურჯანაძის პარტიაში.

მათივე თქმით, „სააკაშვილის რეჟიმს უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულო მოქალაქეების წამება, საკუთარი მოსახლეობის ტერორი და დამონების მცდელობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას გამოიწვევს და დაუსჯელი არ დარჩება“.

 

საქინფორმი