პუბლიკაციები
მამა ელიზბარი: „პატრიარქმა სინოდის სხდომაზე ტირილი დაიწყო და ეს ბრძენი მოხუცი იმდენად დათრგუნვილი იყო, რომ ორად ორი სიტყვის გარდა, ვერაფერს ამბობდა: „სირცხვილია!“ „უხერხულია!“

elizbariვესაუბრებით სამების საკათედრო ტაძრის დიაკონს, ეროვნულ-საზოგადოებრივი მოძრაობა წმინდა გიორგის სადროშოს ერთ-ერთ დამფუძნებელს, მამა ელიზბარ დიაკონიძეს: 

– მე ერთხელ ვთქვი და ისევ გავიმეორებ, რომ ქვეყანას მართავს გიჟი, ხოლო ეკლესიას მართავს შიში, მაგრამ ეს ღვთის სიყვარულის დაკარგვის შიში კი არ არის, რაღაც მატერიალური ქონების დაკარგვის შიშია!

ყველა ქართველმა უნდა გაითავისოს ერთი რამ: სანამ დროზე არ აღვკვეთთ ამ ხელისუფლების უგვანობას, ჩვენი საშველი არ იქნება! და კიდევ, სანამ თავისუფლების მოედანზე იდგება ეს საშინელი კერპი – ე.წ. წმინდა გიორგის ძეგლი, საქართველო ვერ გაიმარჯვებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კერპი უნდა დავამხოთ და ის ოქრო, რომელიც მის ჩამოსხმაშია დახარჯული, უნდა მოვახმაროთ ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათის მოვარაყებას!

ხალხო, გამოფხიზლდით, საქართველოს მართავს ახალი ტიპის ნერონი! ხალხი შიმშილობს, სააკაშვილის ხელშეწყობით ეკლესიაში ამხელა განხეთქილება მოხდა და ეს ხან თხილამურებით ეშვება მთიდან და ხან ზღვაში ყვინთავს!

მოსალოდნელია არა მხოლოდ ის, რომ სააკაშვილმა ქართული ტაძრები სომხებს გადასცეს, არამედ სრულიად შესაძლებელია, ეკლესიები გადაწვას და მერე ეს ჩვენ – მართლმადიდებელ ქრისტიანებს დაგვაბრალოს. სანამ ასეთი რამ მომხდარა, დროზე ავტეხოთ განგაში!

ჩვენ, ეროვნულ-საზოგადოებრივი მოძრაობა წმინდა გიორგის სადროშო, მოვუწოდებთ ყველა ქართველს, 30 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს, შევიკრიბოთ, მოვაწყოთ მსვლელობა, პატივი მივაგოთ წმინდა ილია მართალს და მოვითხოვოთ წმინდა გიორგის შეურაცხმყოფელი .. ძეგლის აღება თავისუფლების მოედნიდან!

30 აგვისტომდე ჩვენ შევაგროვებთ ხელმოწერებს ამ ძეგლის აღების მოთხოვნით, 30 აგვისტოს კი ხალხთან ერთად ამ ხელმოწერებს გადავცემთ როგორც საპატრიარქოს, ისე ხელისუფლებას!

მამაო, გული მიგრძნობს, რომ 30 აგვისტოს აქციასაც 13 ივლისის აქციის ბედი მოელის და როგორც ხელისუფლება, ისე ზოგიერთი სასულიერო იერარქია თქვენ ამ აქციას არ ჩაგატარებინებთ.

– არავითარ შემთხვევაში! 13 ივლისის აქცია ჩვენ მასშტაბურად არ დაგვიგეგმავს და ხალხისათვის არ მოგვიწოდებია ერთ კონკრეტულ ადგილას შეკრებისკენ, ყველას თავ-თავის ტაძარში მისვლა და ეკლესიისათვის ცოცხალი ჯაჭვის შემორტყმა ვთხოვეთ.

30 აგვისტოს ასე არ იქნება! 30 აგვისტოსთვის ჩვენ ხალხს ერთ კონკრეტულ ადგილას შეკრებისკენ მოვუწოდებთ და მსვლელობით მივალთ თავისუფლების მოედანზე, იმ .. წმიდა გიორგის ძეგლთან!

სხვათაშორის, 13 ივლისს ეკლესიისათვის ცოცხალი ჯაჭვის შემორტყმისა და ზარების საზეიმო რეკვის აქცია ზოგ ტაძარში შედგა და ზოგში – არა.

მაგალითად, ქაშუეთის ტაძარში, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, თვითონ მღვდლებმა ჩაშალეს ეს აქცია!

აი, მარტვილში კი იქაური ეპისკოპოსი, მეუფე პეტრე, მღვდლებს დაპატიმრებით დაემუქრა, თუ ისინი ზარების რეკვას და ტაძრებისათვის ცოცხალი ჯაჭვის შემორტყმას დაუშვებდნენ.

იმას იმიზეზებდნენ – 13 ივლისის აქციისათვის პატრიარქს არ მიუცია ლოცვა-კურთხევაო. საერთოდ, მე ვეუბნები ყველას: დავანებოთ თავი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, ამ ბრძენ მოხუცს, რომელსაც უფლისგან დიდი ძალა აქვს და დიდ შრომასაც ეწევა. არ არის საჭირო ყველაფერზე პატრიარქის შეწუხება! მტერი რომ მოგადგეს, რას იზამ? ეტყვი, აქ დამიცადე, პატრიარქისგან მივიღებ ლოცვა-კურთხევას და ისე მოვალ?

ქვეყნის სიყვარულს რაში სჭირდება პატრიარქის კურთხევა? ქვეყანა რომ უნდა გიყვარდეს, შენი სამშობლო რომ უნდა დაიცვა, ამის კურთხევა დაბადებიდანვე უფლისგან გაქვს!

ძალიან ცუდი ფაქტია ის, რომ ეკლესია-მონასტრებში მრევლის რაოდენობამ იკლო. ასეთ მძიმე სიტუაციაში ეკლესიის მიტოვება დედის ღალატის ტოლფასია! ყველა მორწმუნეს ვთხოვ, რომ რწმენაში არ გატყდეთ და ტაძარში სიარულს თავი არ დაანებოთ!

მამაო, ხალხზე, მათ შორის, მორწმუნე მრევლზე ძალიან იმოქმედა სინოდის მიერ მიღებულმა კომპრომისულმა დადგენილებამ. ყველა მოელოდა, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი კატეგორიულად მოითხოვდა ხელისუფლებისაგან რელიგიური გაერთიანებების შესახებ მიღებული კანონის გაუქმებას, მაგრამ ასე არ მოხდა. სხვათაშორის, ამბობენ, რომ თვითონ პატრიარქსაც ძალიან განუცდია სინოდის გადაწყვეტილება. ამის შესახებ რა იცით?

– პატრიარქმა სინოდის სხდომაზე ტირილი დაიწყო და ეს ბრძენი მოხუცი იმდენად დათრგუნვილი იყო, რომ ორად ორი სიტყვის გარდა, ვერაფერს ამბობდა: „სირცხვილია!“ „უხერხულია!“

პატრიარქის ცრემლებზე ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდა მის პირად მდივანს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს, რომელმაც სინოდის იმ 20 მოღალატე წევრს მიმართა უწმინდესის ცრემლებს არ შეგარჩენთო!

აფერუმ ქალბატონი შორენას დედაკაცობას! ქედს ვიხრი მის წინაშე, უკან მიმაქვს ჩემი ყველანაირი უარყოფითი დამოკიდებულება მის მიმართ და ბოდიშს ვიხდი ამ სულით ლამაზი ქალბატონის წინაშე!

მე ვამბობ, რომ პარლამენტის 70 სულგაყიდული წევრის მიერ მოღალატურ კანონზე ხელმოწერა არაფერია სინოდის 20 წევრის მიერ მოღალატურ დადგენილებაზე ხელმოწერასთან შედარებით, იმიტომ, რომ ჩვენ სახარებიდან ვიცით და პირადად მე სინოდის ამ 20 წევრისგან მაქვს ნასწავლი: „ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეკითხება!“

დალოცვილო, მე რომ მიქადაგებ ამას, მარტო ჩემთვის იცი ეს? შენთვის არ იცი? რა თანხა, რა ქონება და განძი, რა პრივილეგია და სტატუსი უნდა მოგანიჭოს საერო ხელისუფლებამ, რომ სულის გაყიდვად და სამშობლოს ღალატად ღირდეს?

თქვენთან წინა ინტერვიუში ვთქვი და ისევ ვიმეორებ: რუის-ურბნისის მსგავსი საეკლესიო კრება არის სასწრაფოდ მოსაწვევი, ოღონდ ეს კრება ხელისუფლებამ და სინოდმა არ უნდა მოიწვიოს!

აბა, ვინ უნდა მოიწვიოს, მამაო?

– საეკლესიო კრება უნდა მოიწვიოს ხალხმა, მართლმადიდებელმა მრევლმა. ეს უნდა იყოს გაფართოებული საეკლესიო კრება. როგორ ფიქრობთ, რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას მარტო სასულიერო პირები ესწრებოდნენ? მეფეც იჯდა იქ და თავადებიც ისხდნენ.

ახლა ჩვენ რომ „მეფე“ გვყავს, ღმერთმა დაგვიფაროს იმის საეკლესიო კრებაზე დასმისგან, მაგრამ ხალხის წარმომადგენლები უნდა იყვნენ, ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუბღალავი რეპუტაცია აქვთ და დიდი ღვაწლი მიუძღვით ქვეყნის წინაშე!

ამასწინ ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილის სიტყვები წავიკითხე, წუხდა, შერისხულთა შორის მოვხვდიო. მერედა, რატომ გაიხადე თავი შესარიხად, შე დალოცვილო?

მე, მამა ელიზბარ დიაკონიძე, „წმინდა გიორგის სადროშოს“ სახელით მოვუწოდებ პარლამენტარებს: დაანებეთ მზეზე გარუჯვას თავი, მოითხოვეთ რიგგარეშე სხდომის სასწრაფოდ მოწვევა და ქართულ მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას ოფიციალურად კანონით მიანიჭეთ დედა-ეკლესიის სტატუსი! მხოლოდ ეს თუ ჩამოგრეცხავთ იმ უმძიმეს ცოდვას, რაც ჩაიდინეთ!

ზოგიერთების 30 ვერცხლის მიმართ მიდრეკილებამ ერთი ლექსი დამაწერინა და, თქვენი ნებართვით, აქვე წაგკითიხავთ:

 

უკვე ძვირიაო ოცდაათი 

ვერცხლი,

ბოღმით ავსებულან 

ხევები,

გათავხედებულა 

ნაცარქექია და 

გადაშენებულან დევები.

ბედაური? ბედაურს ვიღა 

ჩივის,

ვირიც საძებარი გამხდარა,

და გული 

ლახვარდასაცემი 

უღონო ტკივილისგან 

გამტყდარა.

იუდას ნაგრამი დარჩენია,

ვისთვის და რისთვისღა

ვლოცულობთ?!

აფსუს, მონღოლო და 

ყიზილბაშო,

აშკარად, ხმალდახმალ

მოსულო!

დიახ, ხმალდახმალ მოსული აშკარა მტერი მირჩევნია შინაურ გამცემსა და მოღალატეს, რომელიც მოყვასის მანტიაში გახვეულა და ხანჯალს ვერაგულად მირტყამს ზურგში!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

www.asavali.ge