საზოგადოება
დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემის წინააღმდგეგ გამოსულ საკრებულოს ოპოზიციონერებს სოციალურ ქსელში გამოკითხულთაგან 12 834 უჭერს მხარს

xidaSeliთბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა თინათინ ხიდაშელმა, კობა დავითაშვილმა, ვიქტორ დოლიძემ და ნათელა მაჭავარიანმა ხუთშაბათის სპეციალურ ბრიფინგზე საკრებულოს მიერ ნარჩენების მართვის გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადზე გადაბმის გადაწყვეტილება გააპროტესტეს სასამართლოში აპირებენ სარჩელის შეტანას. ხიდაშელის განცხადებით, თბილისის საკრებულოს მიერ ნარჩენების მართვის გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადზე გადაბმის გადაწყვეტილება უსამართლო და კანონსაწინააღმდეგო იყო.

„ჩვენ იმ დღესვე საზოგადოებას შევპირდით, რომ გადაწყვტილებას აუცილებლად სასამართლოში გავასაჩივრებდით, თუმცა ჩვენი ამოცანა არ ყოფილა, ეს სარჩელი რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის სარჩელი ყოფილიყო და ამიტომ მისი რეალიზების შესაძლებლობას მხოლოდ საზოგადოებრივი მკვეთრად გამოხატული პროტესტის ფონზე მივიჩნევდით შესაძლებლად. დღეს, სოციალურ ქსელში ინიცირებული გამოკითხვის შედეგად სრულიად ნათლად გამოჩნდა მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულება როგორც აღნიშნული გადაწყვეტილების მიმართ, ისე მათი მხარდაჭერა საკრებულოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების თაობაზე“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელებში 12 834 თბილისელმა სრულიად ნათლად და ცალსახად გამოხატა თავისი პროტესტი და სწორედ ამ ფონზე და ამგვარი მხარდაჭერის შედეგად, შეაქვთ მათ საჩივარი თბილისის საკრებულოს წინააღმდეგ, რომელშიც ისინი 24 ივნისის №7-38 გადაწყვეტილების, როგორც კანონსაწინააღმდეგო და უსამართლო სამართლებრივი აქტის, გაუქმებას ითხოვენ.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საქალაქო სასამართლოში დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანის თემას საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კოკი იონათამიშვილი გუშინ გამოეხმაურა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულომ მიიღო, სამართლიანია და, შესაბამისად, არავითარ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს.

„აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის პრინციპს ეფუძნება. ყველაზე მძიმე და რთულ პირობებში მცხოვრები ადამიანები კონკრეტულ შეღავათს მიიღებენ. მათ დასუფთავებაზე გადასახადი გაუიაფდებათ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა. რაც შეეხება სოციალური ქსელების მეშვეობით ჩატარებულ გამოკითხვას, მისი აზრით, ნებისმიერი ცვლილება და რეფორმა შესაძლებელია საზოგადოების ამა თუ იმ ფენისთვის მტკივნეული იყოს, თუმცა შედეგი აუცილებლად თვალსაჩინო იქნება.

 

საქინფორმი