საზოგადოება
დავით ბერძენიშვილის აზრით, გიორგი აბდალაძე სააკაშვილის უსამართლო ხელისუფლებისაგან საქართველოს გათავისუფლების სიმბოლოც შეიძლება, გახდეს

abdaladze5„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი დაკავებულ ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს, რომელიც ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს, ღია წერილით მიმართავს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო გიორგი, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს თქვენ მიერ ალმოდებულ გორში გადაღებული ფოტო ომის სიმბოლო აღმოჩნდა. ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, რომ გარკვეულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაკისრებიათ. კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტების მიერ სამიოდე კვირის წინათ გადაღებული მასალა, სადაც თქვენ პროფესიულ ვალდებულებებზე საუბრობთ, თქვენი დაპატიმრების შემდეგ უაღრესად აქტუალური გახდა. უამრავი ადამიანი თქვენ – როგორც პროფესიონალისა და პატრიოტის, მიმართ, პატივისცემითა და იმედით განეწყო. „ფოტორეპორტიორთა საქმე“ დღევანდელ საქართველოში უაღრესად აქტუალურია და შესაძლოა, ხვალინდელი საქართველოსთვის, მოქალაქეთა არჩევანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩნდეს.  რომელიმე ბრალდებულის მიერ ე. წ. აღიარებითი ჩვენება არ აკნინებს მის ღირსებას: ყველას გვესმის, რა დაუნდობელ რეჟიმთან გვაქვს საქმე. საზოგადოება თითოეული თქვენგანის უფლებების დასაცავად იბრძვის. ამასთან, ასეთ რეჟიმთანაც კი შეიძლება გამკლავება. დღემდე პირადად თქვენ იძლევით ამის მაგალითს. ბატონო გიორგი, თქვენს პირად მხნეობაზე და გაუტეხელობაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული – გაცილებით მეტი, ვიდრე თქვენი, თქვენი შეუპოვარი მეუღლისა და ახლობლების მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. ხელისუფლება საფრთხეშია და ეს იმედისმომცემია. მითი მისი უძლეველობის შესახებ რამდენჯერმე შეირყა: გირგვლიანის, რობაქიძის და სხვათა საქმეები, 7 ნოემბერი, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად რუსეთის მასშტაბურ პროვოკაციაზე წამოგება 2008 წლის 7 აგვისტოს... არ გატყდეთ, ბატონო გიორგი! დღეს ისეთი ვითარებაა, რომ პირადად თქვენმა სიმტკიცემ შესაძლოა, ის ლოდი გამოაცალოს სახელისუფლებო ხუხულას, რაც დაანგრევს, „ჩამოშლის“ – როგორც სააკაშვილი იტყოდა, მის ხელისუფლებას. სრულად მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობაც, რასაც ჩემი ამ მიმართვით ვიღებ. ვფიქრობ, რომ დღეს თქვენ გარშემო სწორედ ის ვითარებაა, რომ სიმტკიცით, მხნეობითა და გაუტეხელობით თავსაც უფრო დაიცავთ და საქართველოს არჩევანში განსაკუთრებულ წვლილსაც შეიტანთ. დღეს ქართველი საზოგადოება (არა მარტო კვალიფიციური და წესიერი ჟურნალისტები) იმედით შემოგყურებთ. თქვენი ბედი მიმზიდველი ნამდვილად არ არის – ვითარებაა ასეთი, ეს მოცემულობაა. ბევრი რამ არის თქვენზე დამოკიდებული – იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე წარმოგედგინათ, ალბათ. რუსეთ-საქართველოს ომის სიმბოლოს ფოტომასალის ავტორი, აგვისტოს კატასტროფის თანაავტორ სააკაშვილის უსამართლო ხელისუფლებისაგან საქართველოს გათავისუფლების სიმბოლოც შეიძლება, გახდეთ“.

 

საქინფორმი