სამართალი
შს მინისტრი დაკავებული ფოტოგრაფების თავდებით გათავისუფლებას კატეგორიულად გამორიცხავს

shorena1შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ქართველი ჟურნალისტების შეხვედრის დეტალებს ჟურნალ „ლიბერალის“ მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აქვეყნებს. „შეხვედრაზე რაიმე დამატებითი მტკიცებულებები მინისტრს არ წარმოუდგენია. მასთან ერთად შეძლებისდაგვარად დეტალურად გავიარეთ გამოძიებისა და ბრალდების ოფიციალური ვერსია. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ 2004 წელს ზურაბ ქურციკიძე  მობილური ტელეფონით ესაუბრებოდა „ГРУ“-ს აგენტებს: 24-ჯერ – სერგეი ოკროკოვს, 13-ჯერ – ანატოლი სინიცინს. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ეს  სატელეფონო საუბრები ჩაწერილი არ არის და მათი შინაარსი გამოძიებამ არ იცის. მისივე თქმით, ქურციკიძე მაშინაც იმ სატელეფონო ნომერს იყენებდა, რომლითაც დაკავებამდე სარგებლობდა. 2004 წელს ეს ნომერი მის სახელზე გაფორმებული არ იყო, თუმცა ქურციკიძემ ის მოგვიანებით გადაიფორმა. 2004 წლის შემდეგ ზურაბ ქურციკიძე რამდენჯერმე შეხვდა ოკროკოვსა და სინიცინს, მათ  შორის – საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ამის პარალელურად ქურციკიძე „ГРУ“-თან ორი სხვა შუამავლის მეშვეობით ურთიერთობდა. „ამ შუამავლების ვინაობა მოწმდება და სასამართლო პროცესზე გახდება საჯარო“, – აცხადებს შავერდაშვილი.

მისივე ინფორმაციით, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე „ГРУ“-ს აგენტიც იყო, თუმცა მისი გადაბირება „ГРУ“-მ ქურციკიძისგან დამოუკიდებლად მოახერხა.

რაც შეეხება გიორგი აბდალაძეს, „ГРУ“-თან მის უშუალო კავშირზე მინისტრი არ მიუთითებს, თუმცა ამტკიცებს, რომ აბდალაძე ინფორმაციას ზურაბ ქურციკიძეს გადასცემდა, ფულად ანაზღაურებას კი ორივე მათგანი ლეგალური და არალეგალური გზებით იღებდა.

ამასთან, მერაბიშვილის განმარტებით, ირაკლი გედენიძის მეუღლემ – ნათია გედენიძემ, იცოდა მეუღლის საქმიანობის შესახებ და ხელს უწყობდა მას. ვინაიდან ნათია გედენიძეს ამ საქმესთან მხოლოდ ირიბი კავშირი ჰქონდა, ის თავდებით გაათავისუფლეს. „მინისტრი დაკავებული ფოტოგრაფების თავდებით გათავისუფლების შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ, პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესი მათი დასჯა კი არა, სხვა – უფრო დიდ ჯაშუშურ ქსელზე გასვლაა“, – აღნიშნა შავერდაშვილმა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ნახავთ, რა სერიოზულია ეს საქმე და რა მყარია მტკიცებულებები. დარწმუნებული ვარ, სასამართლო პროცესის შემდეგ არცერთი კითხვა არ დარჩება უპასუხოდ“, – განაცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

 

საქინფორმი